ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში აშენებული ახალი ნაგავსაყარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით „უკვე შესულია ექსპლუატაციაში“, თუმცა, კვლავ უცნობია, როდის დაიწყებს ობიექტი ნარჩენების მიღებას.
პროექტი, რომელიც, ძირითადად, უცხოელი დონორების თანხითაა დაფინანსებული, მინიმუმ 4 წლის წინ უნდა დასრულებულიყო და ნარჩენების მიღება 2021 წლის მარტიდან უნდა დაწყებულიყო. პროექტს სახელმწიფო შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ ახორციელებს, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მართავს.
რა ეტაპზეა პროექტი და როდის დაიწყებს ნარჩენების მიღებას ახალი ნაგავსაყარი? – ამ კითხვით „ბათუმელები“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა.
სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, რომ პროექტის ფარგლებში ჯერ კიდევ არაერთი სამუშაოა ჩასატარებელი ვიდრე ობიექტი ნარჩენების მიღებას დაიწყებს. რაც შეეხება თარიღს, უცნობია.
„ეს არის საქართველოში პირველი, თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტი, რომლის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ის უკვე შესულია ექსპლუატაციაში. პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდერით, შეძენილია ნაგავსაყრელის ექსპლუატაციისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა.
• მიმდინარეობს ბათუმსა და ქობულეთში არსებული 3 არასტანდარტული ნაგავსაყრელის კონსერვაციის პროცედურები. პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდერის შედეგად შერჩეული საერთაშორისო კონსულტანტი-ესპანური კომპანია, მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის და არასატანდარტული ნაგავსაყრელების კონსერვაციის დეტალურ დიზაინზე მუშაობს.
• მიმდინარე [2025] წელს, EBRD-ის წესებით, მყარი ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის მშენებლობის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.
• პროექტის ფარგლებში, ასევე, აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის, დაგეგმილია სპეც.ტექნიკური საშუალებებისა და ნარჩენების შემგროვებელი კონტეინერების შეძენა.
ზემოთ აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, ნაგავსაყრელი დაიწყებს ფუნქციონირებას“ – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან 2025 წლის 27 მაისს.
ნარჩენების მიღების დაწყებამდე კიდევ ერთი სამუშაოა ჩასატარებელი, რაზედაც სამინისტროს პასუხში არაფერია ნათქვამი.
ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყარის გახსნა მოითხოვს დამატებითი სადგურის მშენებლობას, რომლის ტერიტორიაზეც ბათუმ-ხელვაჩაურში, ასევე მაღალმთიან აჭარაში შეგროვებული ნარჩენები შეიკრიბება და აქედან სპეციალური მანქანებით გადაიტანენ ცეცხლაურის ნაგავსაყარზე. ეს სადგური მდინარე ჭოროხის პირას ბათუმში, სამრეწველო ზონაში უნდა ააშენონ.
აღნიშნული სადგურის მშენებლობისთვის საჭირო დამატებით მიწის ნაკვეთს აჭარის მთავრობა ბათუმის მერიისგან ითხოვს. საკითხი ქალაქის საკრებულომ 30 მაისის სხდომაზე უნდა განიხილოს.
„ბათუმის მერიაში შემოვიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2025 წლის 05 მაისის წერილი, რომლითაც მოთხოვნილია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული, აკაკი შანიძის ქუჩა N3ბ-ში მდებარე 322 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემა, შემდგომში, მუნიციპალური ნარჩენების შუალედური გადამტვირთი სადგურის მშენებლობის მიზნით“ – აღნიშნულია განმარტებით ბარათში, რომელიც მერიამ ბათუმის საკრებულოს გადაუგზავნა.
მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა ახალი ნაგავსაყარის პოლიგონის ექსპლუატაციის პირობებშიც, რომლის მიხედვითაც გაიზარდა მისაღები ნარჩენების მოცულობა, თუმცა, შემცირდა ექსპლუატაციის ვადა.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, პოლიგონის უჯრედების გაფართოების გარეშე, ცეცხლაურის ნაგავსაყარი წლის განმავლობაში ადრე დაგეგმილი 75 000 ტონის ნაცვლად, 120 000 ტონამდე ნარჩენებს მიიღებს, პოლიგონის საექსპლუატაციო ვადა – 35 წელი კი, 20-22 წლამდე შემცირდება.
შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ არის ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, რისთვისაც 7 მილიონი ევრო სესხი და გრანტია გამოყოფილი. აქედან 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.
აჭარის მთავრობის მიერ მომზადებული 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, „აჭარის მყარი ნარჩენების მართვის მომსახურების გაუმჯობესება და გაფართოებისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან [EBRD] მიღებული სესხების მომსახურებისთვის, გასულ წელს გადახდილია 482 ათასი ლარი“.
ამავე ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას“ გადაერიცხა 2 564 500 ლარი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყარის მშენებლობაზე თურქული კომპანია Goksin Insaat მუშაობდა.
წყარო: “ბათუმელები”
