როდის გაფორმდება სელექტიური კონტრაქტირები მთლიანად ჰოსპიტალურ სექტორში? – ჯანდაცვის სამინისტრო 105 დღის შემდეგ „კომერსანტს“ პასუხობს

სელექტიური კონტრაქტირება საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა და პირველ ეტაპზე სამშობიარო კლინიკებს შეეხო. ეს მექანიზმი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი საავადმყოფოების შერჩევას გულისხმობს. ჰოსპიტლების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს საწოლფონდის საჭირო მოცულობა, ხარისხობრივი ინდიკატორები, კერძოდ – მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური სერვისების მიწოდების შესაძლებლობები და სხვა. სელექტიური კონტრაქტირება სამშობიაროების შემდეგ სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებზეც უნდა გავრცელებულიყო, თუმცა დღემდე ამ მოდელის დაფარვის არეალი არ გაფართოებულა.
ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დააანონსა, რომ 2025 წლის პირველი იანვრიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო გახდება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის იქნება სავალდებულო. საუბარია მომსახურების ხარისხის, პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებები ინდივიდუალურად შეძლებენ, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ, აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციებს შორის, უკვე დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ინდივიდუალურად გააკეთონ არჩევანი.
კლინიკების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრის და სელექტიური კონტრაქტირების დანერგვის შესახებ დეტალური ინფორმაციის გარკვევა „კომერსანტმა“ ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაწყვიტა. მიმდინარე წლის 23 თებერვალს სამინისტროსთვის მიწერილი წერილის და მრავალჯერადი შეხსენების შემდეგ, საჯარო ინფორმაციაზე პასუხი მხოლოდ 6 ივნისს მივიღეთ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში რეგისტრირებულია 5815 სამედიცინო დაწესებულება. რაც შეეხება სელექტიური კონტრაქტირების დანერგვას, 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის თანახმად, სამინისტრო გეგმავს სელექტიური კონტრაქტირების გაფართოებას მთლიანად ჰოსპიტალურ სექტორში.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განიხილა, მიმდინარე წლის 23 თებერვლის თქვენი N005 განცხადება, რომლის პასუხად გაწვდით მოთხოვნილ ინფორმაციას:
სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივი სანებართვო რეესტრის მიხედვით: სტაციონარული დაწესებულების ნებართვას ფლობს 265 სამედიცინო დაწესებულება; სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარული დაწესებულების ნებართვას ფლობს 5 სამედიცინო დაწესებულება. ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მომსახურების შეტყობინების რეესტრის მიხედვით რეგისტრირებულია 5815 სამედიცინო დაწესებულება.
რაც შეეხება, კლინიკების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრას გაცნობებთ, რომ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯთეფექტიანობის გაუმჯობესებისა და სერვისის მიმწოდებლების რაოდენობის ოპტიმიზაციის მიზნით, 2017 წლიდან დაიწყო სელექტიური კონტრაქტირების დანერგვა. სელექცია განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით: სერვისების მოცვა, სერვისების ხარისხი, სერვისების მოცულობა, ფინანსური გამჭვირვალობა და საჯარიმო სანქციებზე „დამყოლობა“. სელექტიური კონტრაქტირების გაფართოებას და ხარისხის კონტროლის ეფექტიანი ღონისძიებების ინსტიტუციონალიზაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების უზრუნველსაყოფად.
სელექციის კრიტერიუმები უკვე მოქმედებს მშობიარობებისა და საკეისრო კვეთების და ნეონატალური ინტენსიური დახმარების სერვისების, II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების, ანტინატალური სერვისების, გეგმური ამბულატორიული მომსახურების, ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრება დაწესებულება, რომელსაც მოპოვებული ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია.
2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის თანახმად, სამინისტრო გეგმავს სელექტიური კონტრაქტირების გაფართოებას მთლიანად ჰოსპიტალურ სექტორში, რაც ხელს შეუწყობს მართული კონკურენციის გაძლიერებას და ასევე შესაძლებლობას მისცემს სამინისტროს, დააბალანსოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების მიმწოდებლები ქვეყნის საჭიროებებისა და მათი შესაძლებლობის გათვალისწინებით“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „კომერსანტისთვის“ მიწერილ წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ