როდის გაიხსნება თბილისში სასტუმრო Hilton-Canopy და რა კავშირი აქვთ მფლობელებს სათამაშო ბიზნესის კომპანიებთან

ძველ თბილისში, კოტე აფხაზისა და ვახტანგ ბერიძის ქუჩების კუთხეში სასტუმრო Hilton-Canopy-ის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც გეგმის მიხედვით 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს.
პროექტს შპს „ძველი ქუჩა“ ახორციელებს, რომლის მიხედვითაც სასტუმრო 140 ნომრიანი იქნება, რომელსაც 2 მიწისქვეშა და 6 მიწისზედა სართული ექნება.
„მიგვაჩნია, რომ ძველი შენობები პირდაპირ შეხებაში არ უნდა ყოფილიყო ახალ კედლებთან და ისინი დაპროექტდა, როგორც დამოუკიდებელი, ცალკე მდგომი კომპოზიცია. ახალი მოცულობის 3-4 სართულიან ნაწილს, მიმდებარე ქუჩების (აფხაზის და ბერიძის) ხედვის რაკურსებიდან, მთლიანად ფარავს ძველი შენობების კედლები. ბოლო ორი სართული ამ ქუჩებიდან ხილვადია, თუმცა სულ ბოლო სართული კიდევ უფრო სიღრმეშია შეწეული და დასრულებულია ქანობიანი სახურავით. შენობის გარკვეულ და მნიშვნელოვან ნაწილზე დახრილი, თუნუქის სახურავის მოწყობა, ისტორიული ქალაქის განაშენიანებითაა ნაკარნახევი“, – წერია განმარტებით ბარათში.
შპს „ძველი ქუჩის“ დირექტორი ლევანი ახვლედიანია, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი კი შპს „ძველი ქუჩა 2010“. თავის მხრივ, შპს „ძველი ქუჩა 2010“-ის დირექტორი ლევან ახვლედიანი, ხოლო მფლობელები არიან: გოჩა ხაჩიძე, ლევანი ახვლედიანი, ვანო გიგლემიანი, ვასილ დომბროვსკი, კობა გიგლემიანი, თემურ მიქელაძე, ქართლოს დიასამიძე, ლაშა ბანძელაძე, ალექსანდრე ღვინეფაძე და დანიელი რატიანი.
ლევან ახვლედიანი საქართველოს სპორტული პოკერის ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელია, ის სხვადასხვა წლებში ასევე იყო სათამაშო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარე, „სპორტთაიმის“, „კრისტალბეთსლოტის“, „კრისტალბეთის“ და სხვა 30-მდე კომპანიის მეწილე, მათ შორის შპს „კუმისი XXI“-ს. ვანო და კობა გიგლემიანია კი შპს „მარსის“ („კრისტალბეთის“) ყოფილი მეწილეები არიან. ონლაინ თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი პროვაიდერის SmartSoft-ის მეწილეები არიან ლაშა ბანძელაძე, ალექსანდრე ღვინეფაძე და დანიელი რატიანი.