„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეები გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადებიან და სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ.
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ სახელწოდებით ცნობილი საპროტესტო კამპანიის ორგანიზატორები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ საქართველოს პარლამენტთან დღეს აქცია არ გაიმართება. მათი გეგმით, პროტესტი “აგენტების კანონის” განხილვების პარალელურად გაგრძელდება.
„აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ცუცქირიძის თქმით, უახლოესი აქციის ზუსტი თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. მხოლოდ ისაა გადაწყვეტილი, რომ კანონის მეორედ მოსმენა პროტესტის ფონზე ჩაივლის.
„დღეს კონკრეტულად აქციას არ ვგეგმავთ და არც ვაანონსებთ. მიგვაჩნია, რომ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპია, ჩვენ არ გვქონდა იმის ილუზია, რომ ერთი შეკრებით გადაწყდებოდა ეს საკითხი. წინ ბევრი საეტაპო მოვლენაა, იქნება ეს განხილვა კენჭისყრა, შეხვედრა თუ დისკუსია, რომლისთვისაც უნდა მოვემზადოთ. ყველა ამ გეგმაზე საჯაროდ ვისაუბრებთ”, – ამბობს ლევან ცუცქირიძე.
ე.წ. აგენტების კანონი მეორე მოსმენით ჯერ იურიდიულ კომიტეტზე გავა, შემდეგ კი სესიაზე. საკომიტეტო მოსმენა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გაიმართება. სასესიო განხილვა კი ორ კვირაში.
„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს პროტესტი არ იქნება ერთდღიანი და ორდღიანი, ჩვენ მივყვებით პროცესებს, და შემდეგ მოსმენაზე ისევ შევიკრიბებით. ხელისუფლება ეცდება, რომ დაღალოს ხალხი და ნიჰილიზმში ჩააგდოს, აქედან გამომდინარე ჩვენ მრავალფეროვან აქციებს შევთავაზებთ“, – ამბობს რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის წევრი საბა სხვიტარიძე.
აქციის ორგანიზატორების გეგმაა, რომ საპროტესტო მუხტი რეგიონებშიც გავრცელდეს გაგრძელდება საინფორმაციო კამპანიებიც.
„გვაქვს ხედვა, როგორ არ უნდა დავუშვათ ამ კანონის მიღება და გვაქვს ჩვენი გეგმები. ამ გეგმებს გავაცნობთ ყველას საჯაროდ. საეტაპო მოვლენებს კი ვუპასუხებთ თამამად, მთავრობის ნაბიჯი იქნება, განცხადება თუ განხილვები”, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან ლევან ცუცქირიძე.
18 აპრილს, საღამოს შვიდ საათზე აქცია დააანონსა ახალგაზრდულმა მოძრაობამ „დაფიონი“. მოძრაობის წევრები ფიქრობენ, რომ პროტესტი არ უნდა შეწყდეს.
„არ არის დრო მეორე და მესამე მოსმენის დალოდების, კანონი უნდა ჩავარდეს ახლავე“, – ვკითხულობთ აქციის საანონსო ტექსტში.
პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:
· კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილეს მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები;
· მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;
· მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.
აგენტების კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა – „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ – “ხალხის ძალიდან“ და ერთმა – “ევროპელი სოციალისტებიდან“. პირველი მოსმენით კანონპროექტის დამტკიცება 17 აპრილს, საღამოს 7 საათზე საქართველოს პარლამენტთან გააპროტესტეს. მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენაც. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე შსს-მ ორი ადამიანი დააკავა.
ეს რიგით მესამე აქცია იყო „აგენტების კანონის“ წინაააღმდეგ. პირველი მასშტაბური პროტესტი პარლამენტთან იმ დროს გაიმართა, როცა აგენტების კანონს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავდნენ.
16 აპრილის აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმი დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს კონდახებით სცემეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თბილისში 16-17 აპრილს გამართულ აქციაზე 18 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში.
ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით” ჩაანაცვლა.
სხვა ყველაფერი უცვლელია.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია