როდის ამუშავდება სურსათის ბანკი? – „FAO საქართველოს“ პასუხი

საქართველოში სურსათის ბანკის ამოქმედება, მიმდინარე წლის მარტის ბოლოს იგეგმება,- ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ „FAO საქართველოს“ პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა ისაუბრა.
სურსათის ბანკი ევროკავშირის ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია. ის ისეთ ქვეყნებში არსებობს, როგორებიცაა: ბელგია, იტალია და საფრანგეთი. პროექტში, მათ შორის, რესტორნები და სასტუმროები მონაწილეობს. ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ბანკში ისეთი პროდუქცია ვერ მოხვდება, როგორებიცაა ხორცი და რძის პროდუქტები. სწორედ, ამიტომ საქართველოში სურსათის ბანკში პირველ ეტაპზე ჰორეკა სექტორი პროდუქციას არ განათავსებს.
მარუაშვილის ინფორმაციით, საპილოტე პროექტი ევროკავშირის ინიციატივით და დაფინანსებით ხორციელდება. როგორც ჰორეკა სექტორი, ასევე რითეილ სექტორიც მზაობას გამოთქვამს, რომ აკუმულირებული ჭარბი სურსათი დონაციაში გასცენ.
„ეს არის პირველი მცდელობა საქართველოსთვის და ზოგადად რეგიონში. საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც მსგავსი კანონი აქვს. მათ შორის თურქეთსაც არ აქვს ასეთი კანონი. უნდა დავაკვირდეთ რა იმუშავებს, ქართულ ბაზარზე რა უნიკალურ რეალობებს წავაწყდებით და ა.შ. თბილისსა და წყალტუბოში სასაწყობე სივრცეების ბოლო შტრიხების მოწყობა მიმდინარეობს. ანუ შესყიდულია სადისტრიბუციო მანქანები ანუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ამასთან, წყალტუბოში მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლების პროგრამები.
ვფიქრობთ, თუ რამე განსაკუთრებული ხელის შემშლელი ფაქტორი არ იქნება, კვარტლის ბოლოს, მარტში, ეს პროცესი უნდა გაეშვას. ვინაიდან საპილოტეა, თამასა აწეული გვაქვს, რათა მაღალი სტანდარტებით მოხდეს ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს არის ევროკავშირის ინიციატივა. რესურსები საპილოტე პროექტისთვის, მათი მხრიდან გამოიყო. ეს იყო დაახლოებით 1 მლნ ევრომდე, რომელიც საპილოტე პროცესს უნდა მოხმარდეს და შესაბამისად აქ გათვალისწინებულია როგორც მთლიანი პროცესის მართვა, ასევე თვითონ სურსათის ბანკის საოპერაციო ხარჯები“, – ამბობს „FAO საქართველოს“ პოლიტიკის უფროსი მრჩეველი.
მისი თქმით, რაც ჩამკეტი ბარიერები მოიხსნა, როგორიცაა დაბეგვრა და დამატებით ღირებულების გადახდა, დონაციაში მონაწილეობის მიღება კომპანიისთვის პრესტიჟის საკითხად გადაიქცა.
„კომპანია გუშინ თავად დაგვიკავშირდა. გამოთქვეს სურვილი, რომ მზად არიან დონაციისთვის. კომპანიის პრესტიჟის საკითხიცაა, რომ ჭარბი, უვნებელი სურსათი არ გადაყარონ და ეს მივიდეს იმ ადამიანამდე, ვისაც ამის საჭიროება აქვს. ამიტომ მზაობა რითეილ სექტორის მხრიდან არის მაღალი. მათ შორის ჰორეკა სექტორის მხრიდანაც არის მზაობა.
მთლიანად კონცეფციაა ახალი. სურსათის ბანკის კონცეფცია, ის რომ ჭარბი, უვნებელი სურსათი მოიხსნას, ორგანიზებულ სისტემაში ჩაეშვას და ბენეფიციარს გადაუნაწილდეს, ასეთი გამოცდილება არ არსებობდა საქართველოში. სწორედ ამიტომაც, ამას იმიტომ დასჭირდა 4-5 წელი, როდესაც Fao-მ ევროკავშირის მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2017-18 წელს დავიწყეთ საკითხის მომზადება, უამრავი თემის დამუშავება და დეტალური კვლევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოგვეყენბინა ის რაც ევროკავშირშია, თუმცა ქართულ რეალობაზე მაქსიმალურად მოვრგებოდით“, – აცხადებს მარუაშვილი.