როდიდან დაიწყებს “რუსთავის აზოტი” ფოროვანი გვარჯილის წარმოებას?(bm.ge)

ვფიქრობთ, დაბალი სიმკვრივის ამონიუმის ნიტრატის წარმოებას 2026 წლიდან დავიწყებთ – ამის შესახებ „საქმის კურსს“ „რუსთავის აზოტის“ მფლობელი „ინდორამა კავკასიის“ დირექტორმა ლევან ბურდილაძემ განუცხადა.
კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ ფოროვანი გვარჯილა, ანუ დაბალი სიმკვრივის ამონიუმის ნიტრატი ინდუსტრიული დანიშნულებით გამოიყენება და ახალი პროდუქციის დამატება კომპანიას ბაზრის ახალ სეგმენზე შესვლის შესაძლებლობას მისცემს.
„დღესდღეობით, რასაც ვაწარმოებთ, ეს არის მაღალი სიმკვრივის ამონიუმის ნიტრატი, რომელიც გამოიყენება როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე ინდუსტრიული მიზნებისთვის. ხოლო ფოროვანი გვარჯილა, ანუ დაბალი სიმკვრივის ამონიუმის ნიტრატი, გამოიყენება მხოლოდ ინდუსტრიული მიზნებისთვის. ამ პროდუქციას იყენებენ სამთო-მომპოვებელი კომპანიები ასაფეთქებელ ოპერაციებში. გეგმაში გვაქვს, რომ საწარმო 2026 წელს გავუშვათ. ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს, ამიტომ ვფიქრობთ, 2026 წლის დასრულებამდე უნდა მოვასწროთ, რომ საწარმოს ექსპლუატაციაში შეყვანა”, – აცხადებს ლევან ბურდილაძე
როგორც ცნობილია, “რუსთავის აზოტმა” (კორპორაცია ინდორამას შვილობილი კომპანია) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ხელი მოაწერეს 65 მილიონი დოლარის სასესხო ხელშეკრულებას, რომლის ნაწილიც თანამედროვე სტანდარტების დაბალი სიმკვრივის ამონიუმის გვარჯილის (LDAN) საწარმოს მშენებლობას მოხმარდება.