დღეს, როცა ხელოვნური ინტელექტი თითქმის ყველა პროცესს აჩქარებს და ამარტივებს, ბევრი ფიქრობს, რომ სტრატეგია შეიძლება ნაკლებად საჭირო გახდეს. სინამდვილეში კი პირიქით – რაც უფრო მეტ საქმეს აკეთებს AI ჩვენ მაგივრად, მით უფრო ძვირფასი ხდება ადამიანური აზროვნება, მიმართულების არჩევა და სწორი კითხვების დასმის უნარი.
ტექნოლოგიამ არაერთხელ გარდაქმნა ინდუსტრია – ინტერნეტი, სოციალური მედია, პროგრამატიკა და ა.შ. ახლა იგივე AI-თ ხდება, მაგრამ ერთი ჭეშმარიტება დღემდე უცვლელია – როცა პასუხები იაფდება, ფიქრი ძვირდება.
AI აკეთებს საქმეს – ადამიანი აძლევს მიმართულებას
მოდი, დავფიქრდეთ, რა მოხდა ფოტოგრაფიაში: ძვირადღირებული ფილმი შეიცვალა ციფრული კამერით. ფოტოების გადაღება გამარტივდა, მაგრამ კარგი ფოტოგრაფი დღესაც საჭიროა არა მეტი კადრისთვის, არამედ მეტი მნიშვნელობისთვის.
AI-ის შემთხვევაშიც იგივე ხდება:
რას ამარტივებს AI?
· სიჩქარეს
· მონაცემების დამუშავებას
· რუტინულ ამოცანებს
· იდეების მოწოდებას „პირველი ვერსიის“ სახით
მაგრამ ვერ ცვლის:
· სწორი მიმართულების არჩევას
· განსჯას
· სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს
· გემოვნებას
· განსხვავებულის შექმნას
კითხვა ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პასუხი
AI-ს ეპოქაში ყველაზე დიდ შეცდომას ის ადამიანი უშვებს, ვინც ფიქრობს, რომ მთავარია კარგი პასუხი მიიღოს, რადგან უფრო მნიშვნელოვანია, თუ რა კითხვის დასმას აირჩევ. ცუდად დასმულ კითხვას, თუნდაც იდეალურად უპასუხოს მოდელმა, ხშირად არასწორ შედეგამდე მივყავართ.
პრობლემის სწორად ფორმულირება განსაზღვრავს:
· რას იძიებ
· რა მონაცემებს მოაგროვებ
· რა გამოსავალი იქნება შესაძლებელი
· რა უნარები დაგჭირდება
· როგორ გადაანაწილებ რესურსებს
· რა იქნება წარმატების საზომი
ისტორიის ყველა გარღვევა იწყებოდა სწორი კითხვით. მაგალითად: „როგორ გავხადოთ ცხენის ძალა უფრო სწრაფი?“ – ამ კითხვაზე მიღებულმა პასუხმა შექმნა გაუმჯობესებები, რაც დღეს ქმნის სრულიად ახალ ინდუსტრიას.
დღეს AI-ს დახმარებით იდეები იმდენად პრობლემა აღარ არის, როგორც ადრე, მაგრამ რომელი იდეა არის სწორი? – ეს გადაწყვეტილება ადამიანმა უნდა მიიღოს.
AI ქმნის, მაგრამ ვერ გრძნობს
დღევანდელი საზოგადოების ნარატივი იქითკენ მიდის, რომ AI კრეატიულობას გვართმევს, მაგრამ სინამდვილეში ის მხოლოდ ვარიანტებს ქმნის. ის შაბლონებით მოქმედებს, მაგრამ ვერაფერს გრძნობს. არ შეუძლია განსაზღვროს:
· რომელი იდეაა საუკეთესო
· რომელ გზავნილს შეიძლება ჰქონდეს მეტი ეფექტი
· რომელი ნარატივი ეხმიანება კულტურულ წერტილებს
· რა არის უსაფრთხო შენი ბიზნესისთვის
· რა არის ბანალური და რა არა
ადამიანის კრეატიული როლი სწორედ აქ შემოდის და იწყებს იდეების არჩევას, დახვეწას, ნარატივის ფორმირებას, გაადამიანურებას, გაბედვას. ერთი სიტყვით, AI მანქანაა, თქვენ კი მას მნიშვნელობას ანიჭებთ.
ადამიანური ამოცანები, რომლებიც AI-ს მაინც არ შეუძლია
კომპანიებში ყოველთვის დარჩება სფეროები, სადაც ადამიანის როლი შეუცვლელია. იქნება ეს მისიისა და ხედვის განსაზღვრა, მოლაპარაკება, სტრატეგიული პრიორიტეტების შერჩევა, რთული გადაწყვეტილებების მიღება. ეს ყველა საკითხი საჭიროებს გამჭრიახ აზროვნებას, ემოციურ ინტელექტსა და ნამდვილ გამოცდილებას, რომელიც ცხოვრებისეულად მხოლოდ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მიღებული.
21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი უნარი ხდება სწორი მიმართულების არჩევა.
AI მხოლოდ აჩქარებს იმ გზას, რომელზეც შენ გადაწყეტ სიარულს.
www.marketer.ge




