„როდესაც სტომატოლოგს გაეზრდება ხარჯი, იძულებული გახდება ეს თანხები პაციენტებისგან ამოიღოს“ – ირინა ბერკაცაშვილი

სტომატოლოგიური კლინიკები მომსახურებაზე ფასების ზრდას აანონსებენ. მიზეზად 432-ე დადგენილების მე-7 პუნქტს ასახელებენ, რომელიც სტომატოლოგებს უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვასა და ტრენინგებზე დასწრების ვალდებულებას აკისრებს. სტომატოლოგმა საქმიანობის გასაგრძელებლად ტრენინგების გავლით, წელიწადში 20 ქულა უნდა მოაგროვოს. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ღირებულებისა და ქულების რაოდენობის მიხედვით განსხვავდება. ფასი 250 ლარიდან იწყება და 6 ათას ლარამდე მერყეობს. ტრენინგის ღირებულება ქულების რაოდენობის მიხედვით არ განისაზღვრება. ფასს კურსის ხარისხი განაპირობებს. მაგალითისთვის, არსებობს 2 ქულიანი პროგრამა, რომელიც 1 500 ლარი ჯდება. საშუალოდ, 20 ქულის მოსაგროვებლად სტომატოლოგს წელიწადში 10 000 ლარის გადახდა მოუწევს.
ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელი ირინა ბერკაცაშვილი ,,კომერსანტთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სტომატოლოგიის შესწავლა ისედაც ძვირი ჯდება. ახალი რეგულაცია კი დარგის სპეციალისტებს ხარჯებს საგრძნობლად გაუზრდის, რაც მომსახურების ფასზე აისახება.
,,სტომატოლოგი, რომელიც მუშაობს, რა თქმა უნდა ტრენინგებს ისედაც გადიოდა, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. ჩვენ ისედაც უწყვეტ სამედიცინო განათლებას ვიღებთ და დიდ თანხებს ვხარჯავდით, რადგან დიდი კონკურენციაა სტომატოლოგიურ კლინიკებს შორის. გვიკავშირდებიან სტომატოლოგები და გვეუბნებიან, რომ ძალიან საინტერესო ტრენინგებს ვერ გადიან, რადგან თანხას ვერ იხდიან. ზოგს უკვე გავლილი აქვს ტრენინგი და თავიდან უწევთ გავლა, რადგან თავის დროზე ამ ტრენინგში ქულა არ მიუღია, ამიტომ უწევთ თანხის თავიდან გადახდა. მარტივი მათემატიკაა. მე ჩემს განათლებაში ამდენი წლის მანძილზე ვხარჯავ ათი ათასობით ლარს, რათა განვითარდე და შენ მაიძულებ თავიდან გავიარო ნასწავლი, რათა ქულები დავაგროვო, ეს ძალიან ძვირი ჯდება. როდესაც ექიმს გაეზრდება ხარჯი, რა თქმა უნდა იძულებული ხდება ეს თანხები პაციენტებისგან ამოიღოს.”-აცხადებს ირინა ბერკაცაშვილი.
ტრენინგების ფასის გარდა სტომატოლოგებისთვის პრობლემურია კანონის ამოქმედების ვადა. ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელი ჩვენთან განმარტავს, რომ სტომატოლოგს 20 ქულის დასაგროვებლად 3 თვე რჩება.
,,432-ე დადგენილება ძალაში თვითონ შევიდა 2023 წლის 30 ოქტომბერს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პუნტქს აწერია, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში. ჩვენ ვარაუდობდით, რომ ვადა გვქონდა. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კანონი მომართულია იმისთვის, რომ ამაღლდეს სამედიცინო სერვისის ხარისხი, რომ ჩვენ კვალიფიკაცია ავიმაღლოთ. მე მინდა გარკვევით, ყველასთვის ვთქვა, რომ კვალიფიკაციის ამაღლებას არც ერთი სტომატოლოგი არ ეწინააღმდეგება.”- აცხადებს ირინა ბერკაცაშვილი.
სტომატოლოგებისთვის ბუნდოვანია სანქციების საკითხი. ამბობენ, რომ უცნობია ვის ეკისრება პასუხისმგებლობა – სტომატოლოგს თუ კლინიკას. ვინ იხდის ჯარიმას ექიმი თუ კლინიკა. კითხვების ჩამონათვალი ვრცელია. ახალი რეგულაციის მიმართ კითხვების ნაწილს ერთ წერილში მოუყარეს თავი და ჯანდაცვის მინისტრს მიმართეს. მედიკოსებს სთან შეხვედრა სურდათ, თუმცა მინისტრისგან უარი მიიღეს.
,,არ ვიცით რა სახის სანქციები ეკისრება დარღვევის შემთხვევაში. არ არის განმარტებული კანონში. ასევე, არ არის განმარტებული ვინ ჯარიმდება სტომატოლოგი თუ კლინიკა. კულუარული ინფორმაციით, ვიცი რომ დაჯარიმდება სტომატოლოგი და მას საქმიანობის უფლება შეუწყდება. კითხვა გვაქვს, საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში რა ვალდებულება დაეკისრება სტომატოლოგს? გამოცდა იქნება ჩასაბარებელი? თუ როგორ უნდა დაიცვას თავისი დიპლომი ექიმმა? მაგალითად, რა ელის იმ სტომატოლოგს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და ამ ეტაპზე ვერ ჩამოვა და იანვრამდე ვერ მოაგროვებს საჭირო რაოდენობით ქულებს? რა ელით დეკრეტში გასულ ექიმებს? ჩვენ ვითხოვეთ მინისტრთან შეხვედრა. იმედი გვქონდა, რომ შევხვდებოდი და პასუხს გაგვცემდა. სამწუხაროდ მოვიდა წერილი, სადაც გარკვევით გაგვცეს პასუხი, რომ ჩვენ გვქონდა წელიწად-ნახევარზე მეტი ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან. სამწუხაროდ ჩვენმა სამინისტრომ არ ჩაგვთვალა იმის ღირსად, რომ პასუხი გაეცა პრობლემურ საკითხებზე. ძალიან შეურაცხყოფილები დავრჩით.”- აცხადებს ,,კომერსანტთან” საუბარში ირინა ბერკაცაშვილი.
მინისტრისგან შეხვედრაზე უარის შემდეგ, სტომატოლოგებმა წერილით პრემიერ-მინისტრს მიმართეს და ირაკლი ს ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციაში დახმარება სთხოვეს.
ახალი რეგულაციის ამოქმედებაში სტომატოლოგები ბევრ რისკს ხედავენ. ამბობენ, რომ დაჯარიმების პროცესის დაწყება სტომატოლოგიური მომსახურების იატაკქვეშეთში გადატანას შეუწყობს ხელს. გაზრდილი ფასების გამო, კი ბევრი პაციენტი სწორედ კანონის მიღმა მოქმედ კლინიკებს მიმართავს, სადაც მომსახურებაში დაბალ ფასს გადაიხდის. ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელი ირინა ბერკაცაშვილი აცხადებს, რომ კლინიკებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ბევრი იმუშავეს, რათა სტერილიზაცია-დეზინფექციის ხარისხი გაუმჯობესებულიყო და ინფექციები შემცირებულიყო. თუმცა ახალი რეგულაცია რისკებს გაზრდის.