“როდესაც ის გასახდელში საუბარს იწყებდა, მეც კი ვჩუმდებოდი” – გვარდიოლამ ყოფილი შეგირდი გამოარჩია

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ Bein Sports-თან ინტერვიუში “ბარსელონას” ნახევარმცველის ილქაი გიუნდოგანის შესახებ ისაუბრა.
პეპის თქმით, როდესაც ილქაი “ქალაქელების” რიგებში თამაშობდა, გასახდელში განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა.
“სალათისთვის ზეითუნის ზეთი რომ დამჭირვებოდა, შემეძლო უბრალოდ წავსულიყავი და გიუნდოგანისთვის მეთხოვა. შესანიშნავი სპორტსმენია, ხმაური არ უყვარს და წვეულებებს არასდროს მართავს. მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, ერთი ბოთლი შამპანური ავიღე და ოჯახთან ერთად მასთან მივედი.
ილქაი იშვიათად საუბრობდა, მაგრამ თუ ლაპარაკობდა ყველა უსმენდა. ასეთ დროს მეც კი ვჩუმდებოდი. ის ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა, ერთ-ერთი ყველაზე
ინტელექტუალური ფეხბურთელია ვინც კი აქამდე გამიწვრთნია. ჩვენი წარმატების მთავარი გასაღები სწორედ გიუნდოგანი იყო.
არსებობენ მოთამაშეები, რომლებსაც სისწრაფე ან შესანიშნავი დარტყმა აქვთ, მაგრამ ის, რაც გიუნდოგანს განსაკუთრებულს ხდის, მისი ინტელექტია. ყოველთვის ზუსტად იცის, რა სჭირდება გუნდს და ზეწოლის მიუხედავად, მუდამ სწორ გადაწყვეტილებებს იღებს.
ილქაისთან ერთად მატჩის განხილვა ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან მას მცირე დეტალების დანახვაც შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს დიდი მწვრთნელი გახდება”, – განაცხადა გვარდიოლამ გიუნდოგანზე.
შეგახსენებთ, ილქაი “მანჩესტერ სიტის” ღირსებას 2016/2023 წლებში იცავდა შემდეგ კი თავისუფალი აგენტის სტატუსით “ბარსელონას” შეუერთდა.