როდესაც თბილისში ახალი აეროპორტი გვექნება, იქნება უფრო მეტი ამბიცია, რომ უფრო ძლიერი კომპანია შემოვიყვანოთ და მეტი პირდაპირი ფრენა გვქონდეს – ირაკლი ქარქაშაძე

როდესაც თბილისში ახალი აეროპორტი გვექნება, იქნება უფრო მეტი ამბიცია, რომ უფრო ძლიერი კომპანია შემოვიყვანოთ და მეტი პირდაპირი ფრენა გვქონდეს – ირაკლი ქარქაშაძე
როგორი იყო 2023 წელი საქართველოში მოქმედი აეროპორტებისთვის, რომელი მიმართულებები გამოირჩეოდა და რა გეგმებია 2024 წელს – თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ ისაუბრა. მისი თქმით 2023 წელი წელი საქართველოს აეროპორტებისთვის განსაკუთრებული იყო, ასევე აღინიშნა ქართული კომერციული ავიაციის 100 წლის იუბილე, შესაბამისად ამბიციური შედეგებიც დაიდო.
„ქუთაისში 109%-ით არის ზრდა და წელს 1 700 000 მგზავრს ვუმასპინძლეთ, რაც ამ აეროპორტის არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო რიცხვია და ის წელს ერთ წლის ჭრილში პირველად გადაცდა მილიონიან მგზავრს, თბილისს რაც შეეხება, დაახლოებით 3 700 000 მგზავრს ველოდებით, რაც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით გახლავთ 92-96%-ის ფარგლებში აღდგენა, ხოლო რაც შეეხება ბათუმს, ბათუმში 95%-ის აღდგენა შევძელით, რაც ციფრებში 600 000 მგზავრია, საბოლოო ჯამში ქართული ავიაცია, ჩვენი აეროპორტები, უბრუნდება პანდემიამდელ მდგომარეობას.
მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც წელს ჩაეყარა საფუძველი, დავიწყეთ თელავის აეროპორტის მშენებლობა, სულ რამდენიმე დღეში ჩვენ პირველადი შედეგები გვეცოდინება არქიტექტურული კონკურსის, ასევე მნიშვნელოვანია ქუთაისში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. ვმუშაობთ, თბილისის ახალი აეროპორტის კონცეფციაზე და გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც მთავრობა გაასაჯაროებს და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ჩვენი მხრიდან ეს ყველაფერი უკვე დავასრულეთ და გადაგზავნილია საბოლოო შეფასებისთვის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში და შესაბამისად მთავრობის ადმინისტრაციაში და რა თქმა უნდა, ამით არ შემოვიფარგლებით გვექნება რამდენიმე საინტერესო პროექტი, რომელსაც იანვრის თვეშივე გავუზიარებთ ჩვენ მგზავრებს და მოსახლეობას.
საბოლოო ჯამში ეს წელი ჩვენთვის ძალიან წარმატებული იყო და აეროპორტების გაერთიანება ფინანსურადაც და მგზავრთნაკადის მიმართულებითაც პოზიტიურად არის განწყობილი საბოლოო შედეგებთან. ფინანსურ შედეგებზე დეტალურად საუბრის შესაძლებლობა იანვარში გვექნება, თუმცა წელი ნამდვილად წარმატებული იყო,“ – აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.
ირაკლი ქარქაშაძის თქმით, აეროპორტების გაერთიანებას აღარ მოუწევს აღდგენის ნაწილზე საუბარი და დაგეგმილი პროექტები იმის განმაპირობებელია, რომ საქართველოს აეროპორტებმა გაცილებით მეტი მგზავრი მოიზიდოს.
„ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს გახდეს რეგიონალური სატრანსპორტო ჰაბი, არა მხოლოდ ავიაციის და მგზავრების გადაყვანის, არამედ სატვირთო ლოგისტიკური მიმართულებითაც, იმის მიხედვით რომ გაჩნდეს მოთხოვნა, აუცილებელია არსებობდეს მიწოდება. აქედან გამომდინარე ჩვენ ბევრად უფრო ამბიციური გათვლები გვაქვს და ამბიციურ პროექტებს ვახორციელებთ ჩვენი გუნდის მხარდაჭერით.
ჩვენ ვქმნით მიწოდებას იმისთვის, რომ გავზარდოთ მოთხოვნა და როდესაც თბილისში ახალი აეროპორტი გვექნება განურჩევლად იმისა, ახალ ლოკაციაზე იქნება თუ არსებულზე, ბევრად უფრო მეტი ამბიცია გვექნება, რომ უფრო ძლიერი კომპანია შემოვიყვანოთ და მეტი პირდაპირი ფრენა გვქონდეს მთელი მსოფლიოს და ევროკავშირის მიმართულებით“ – აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.
ირაკლი ქარქაშაძემ 2023 წლის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოყო, მისი თქმით მნიშვნელოვანი მიმართულებებია სკანდინავიის მიმართულებით კოპენჰაგენი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იყო, მისივე თქმით ქუთაისის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო სტამბოლის მიმართულება, გამომდინარე იქიდან, რომ სტამბოლი აქტიურად გამოიყენება ტრანზიტული ფრენებისთვის.
„მნიშვნელოვანი მიმართულებად მიმაჩნია მადრიდი და ბარსელონა, ეს ერთ-ერთი გრძელი მიმართულებაა ავიაკომპანიისთვის და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფრენაა ქუთაისიდან.
რაც შეეხება მომავალ წელს, ჩვენ გაცხადებული გვაქვს რომ ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებებს წარმოადგენს ჩინეთი, ეს ძალიან დიდი და საინტერესო ბაზარია და გვაქვს სურვილი,რომ უფრო აქტიურად შევძლოთ და დავაკავშიროთ თბილისს საერთაშორისო აეროპორტი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქს. ასევე მნიშვნელოვან მიმართულებად გამოვყოფდი დიდი ბრიტანეთის მიმართულებას“ – აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.
რაც შეეხება -ს მიმართულებას, ქარქაშაძე აღნიშნავს, რომ ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მისივე თქმით წელს უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა და მომავალშიც გაგრძელდება.
„სხვა მიმართულებებიდან განსხვავებით მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს არის ძალიან გრძელი 10 საათიანი ფრენა, რასაც სხვა რესურსები და სხვა ზომის თვითმფრინავი სჭირდება, ავიაკომპანიამ რომ ამ მიმართულებაზე ფრენა დაიწყოს მას უნდა ჰქონდეს მგზავრთნაკადი გარანტირებულად.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს გვქონდა შეხვედრა არაერთ ამერიკულ ავიაკომპანიასთან. ამას დიდი დრო დასჭირდება , მე არ ველოდები რომ ეს 2024 წელს მოესწრება იმიტომ, რომ საკითხი ძალიან კომპლექსურია. მზაობა, რომ ეს ფრენები არსებობდეს, ჩვენი მხრიდან ძალიან დიდია. არსებობს პლატფორმა რომ ავიაკომპანიებთან ამაზე ვისაუბროთ, თუმცა უნდა იყოს მგზავრთნაკადი,“- აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.