„როდესაც ეკონომიკური ზრდა ერთნიშნა ხდება, ეს ჩვენთვის უნდა იყოს წითელი ხაზი“ – რამაზ გერლიანი

„თუ დაგეგმილი, სტაბილური ეკონომიკური პოლიტიკა არ არსებობს და რეფორმები არ მიმდინარეობს, სხვაგვარად შეუძლებელია საშუალოვადიან პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ. საქართველოს ეკონომიკისთვის 10-12%-იანი ზრდაც კი არ არის ბევრი, რადგან ძალიან ჩამოვრჩებით ეკონომიკურად წინწასულ ქვეყნებს. ამიტომ, როდესაც ეკონომიკური ზრდა ერთნიშნა ხდება, ეს ჩვენთვის უნდა იყოს წითელი ხაზი, რადგან ასეთი მაჩვენებლით ჩვენ კიდევ 30 წელი ვერ დავუახლოვდებით ევროპულ ქვეყნებს“, – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა რამაზ გერლიანმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, წლევანდელი ერთნიშნა ეკონომიკური ზრდას (2023 წლის 10 თვეში – 5,9%) ექსპერტები ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს პროგნოზირებდნენ. ეკონომიკური ზრდის შენელება წინა წელს დაფიქსირებულ ორნიშნა ზრდის ფონზე მოსალოდნელი იყო, თუმცა ორნიშნა ზრდაც თავის მხრივ 2020-2021 პანდემიური წლების შემდეგ ეკონომიკური აქტივობის განახლებიდან გამომდინარეობდა. საქართველოსთვის კი ერთნიშნა ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტაა.
„თუ ჩვენ წელს დავხურავთ 7%-იანი ან 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდით, ეს შეიძლება ვიღაცისთვის კმაყოფილების საფუძველი იყოს და შესაძლოა ითქვას, რომ ცუდი მაჩვენებელი არ იქნება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეკონომიკური წინსვლის გზაზე დავდგეთ.
გარდა ამისა, ჩვენ ვერ ვახერხებთ იმას, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს ინკლუზიური. ის არ მიდის მოქალაქემდე და მხოლოდ ერთეული ბიზნესების დამსახურებით ხდება, რომელსაც ეგზოგენური ფაქტორები ემატება“, – აღნიშნა რამაზ გერლიანმა.
ექსპერტის შეფასებით, მთავრობის მიერ მომავალ წლებისთვის პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდა, 5%-ის ოდენობით, ძალიან დაბალია. ამავდროულად, არასწორია, რომ ეს ბუნებრივი ტემპია. მისი თქმით, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ საშუალოვადიან პერიოდში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს და ის ხანგრძლივ პერიოდში შეინარჩუნოს, თუმცა თუ შესაბამისი ეკონომიკური რეფორმები არ გატარდება, პროგნოზირებული 5%-იანი ზრდის მიღწევაც ძნელი იქნება.
„ასეთი ტემპი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდოს და ის იყოს ინკლუზიური. ეს მხოლოდ და მხოლოდ რეფორმების გზით არის შესაძლებელი. ერთის მხრივ, ისეთი ტიპის საგადასახადო ლიბერალიზაცია უნდა განვახორციელოთ, რომელიც საოჯახო მეურნეობების უმეტესობას შეეხება, მაგალითად საშემოსავლო გადასახადზე. ასევე, ე.წ. მწვანე ამნისტია უნდა მოხდეს, რათა ეკონომიკამ შვება იგრძნოს და ახალი ნახტომი გააკეთოს, თუმცა ამ ორივე ინსტრუმენტს აზრი არ ექნება, თუ კერძო საკუთრების ფორმირება არ მოვახდინეთ და სახელმწიფოს ხელთ არსებული ეკონომიკური სიმძლავრეები კერძო საკუთრების ხელში არ გადავიდა. მხოლოდ კერძო სექტორის შესაძლებლობების გაფართოვებითაა შესაძლებელი ინკლუზიური ზრდა“, – განაცხადა რამაზ გერლიანმა.
მისი პოზიციით, საქართველოში საკმაოდ მაღალია ფულის სიძვირე, რადგან არ არსებობს საფონდო ბაზარი, ხოლო საფონდო ბირჟა არ არსებობს იმიტომ, რომ კერძო საკუთრების ფორმა არ არის განვითარებული. სწორედ ეს ფაქტორები ერთიანობაში განსაზღვრავს იმას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის ტვირთი საკმაოდ მაღალია და სახელმწიფოს ევალება, რომ დადებითი გავლენა მოახდინოს საგადასახადო ნაწილზე, რაც შემდეგ დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.