როდემდე შენარჩუნდება დენის, წყლის და ბუნებრივი აირის ტარიფები – დავით ნარმანიას განმარტება

„წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში, ეს იყო მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, საიდან გამომდინარეც რამდენიმე ახალი ნორმატიული აქტი მივიღეთ. გარდა ამისა, მელიორაციის რეგულაციის საკითხში ახალი მარეგულირებელი აქტები მივიღეთ. ასევე კომისია აქტიურად მუშაობდა, ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებაზე, სადაც მოვახდინეთ არსებული მდგომარეობის შეფასება და ფინანსური გადაანგარიშება. საქართველოში პირველად, ელექტროენერგიის ტარიფის რეალურად შემცირება მოხდა.
გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობდით ელექტრონული სერვისების განვითარებაზე, რამაც გააუმჯობესა მომხმარებელთან ურთიერთობა და მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს სახლიდან გაუსვლელად დღეს ძალიან ბევრი სერვისის მიღება შეუძლიათ“, – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო „კომერსანტის” საახალწლო ეთერში განაცხადა.
როგორც მან განმარტა, სემეკის ვარაუდით, ელექტროენერგიის ახალი ტარიფი ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ასევე 3 წლის განმავლობაში შენარჩუნდება წყალმომარაგების არსებული ტარიფი, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივი აირის ტარიფს, ფიზიკური პირებისთვის ის 4 წლის განმავლობაში შენარჩუნდება.
სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდის პოტენციალი აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს, ხოლო „შავი ზღვის კაბელების“ პროექტის განხორციელების შემდეგ, ჭარბი ენერგიის ევროპის ქვეყნებში გაყიდვის შესაძლებლობა გაჩნდება.
„ახალი ჰესების მშენებლობა საჭიროა ერთი მხრივ იმისთვის, რომ ჩვენ დეფიციტურ თვეებში უზრუნველყოფილი ვიყოთ და მეორე მხრივ ჭარბის ენერგიის გაყიდვის შესაძლებლობა ყოველთვის არის რეგიონში. ხოლო, როცა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელები გაკეთდება, ამ ენერგიის პირდაპირ ევროპაში გატანის შესაძლებლობა იქნება“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისი განმარტებით, 2023 წელს ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული კომპანიების რიცხვი და დადგმული სიმძლავრეების ოდენობა უპრეცედენტოდ მაღალი იყო. კერძოდ, ჯამში ამ სისტემაში დადგმული სიმძლავრეების რიცხვმა 60 მგვტ-ს გადააჭარბა, საიდანაც 2023 წლის მაჩვენებელი 25 მგვტ იყო. 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ მნიშვნელოვნად გაიზრდება.