მთელი საქართველო უამინდობას ებრძვის, დიდთოვლობის და ქარბუქის შედეგად რამდენიმე ადგილიდან მოსახლეობის გაყვანაც კი გახდა საჭირო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი სპეციალისტი თამარ პაპაშვილი უახლოესი დღეების პროგნოზს გაგვაცნობს…
– საქართველოს ტერიტორიაზე არქტიკული ცივი ჰაერის მასების გავრცელებამ დიდთოვლობა, ჰაერის ტემპერატურის დაბალი მაჩვენებლები, ზოგან ძლიერი ქარი გამოიწვია. ასეთი ამინდები ქვეყნის მასშტაბით 27 თებერვლის ჩათვლით იქნება შენარჩუნებული.
27 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გამოიდარებს, 28 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ასე გაგრძელდება 1-2 მარტსაც და 3 მარტიდან კვლავ ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
– უნდა ველოდოთ თუ არა მიმდინარე დღეებში ისევ ძლიერ ყინვებს?
– როგორც აღვნიშნე, უახლოესი დღეები – დღეს, ხვალ, ზეგ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი უმეტესად თოვლის სახით არის მოსალოდნელი. ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში კვლავ უარყოფით ნიშნულზე იქნება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. 28 თებერვლიდან 3 მარტამდე ღამის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს. მინუს 6 გრადუსამდე დასავლეთ საქართველოში და მინუს 10-12 გრადუსამდე აღმოსავლეთ საქართველოს ბარში. ძალიან რთული მეტეოროლოგიური პირობებია, სიფრთხილე გვმართებს გზებზე, ლიპყინული, ქარბუქი, დიდთოვლობა და ხილვადობის გაუარესება გზებზე საფრთხეს უქმნის მოძრაობას და გარკვეულ უბნებზე მოქმედებს შეზღუდვები. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე ეს შეზღუდვები მოიხსნება
– თბილისში თუ უნდა ველოდოთ დიდ თოვლს?
– თბილისში კვლავ დაბალ ტემპერატურებს ველით ღამით -5,-3, დღისით +1+3 გრადუსის ფარგლებში, დროგამოშვებით მცირე თოვა – 24-27 თებერვალს არის მოსალოდნელი. 28 თებერვლიდან ღამის ტემპერატურები კიდევ უფრო დაიკლებს.
– მარტის თვეშიც იქნება ყინვა?
მარტის დასაწყისში ნამდვილად იქნება ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ ყინვები მხოლოდ მთიან და მაღალმთიან რეგიონებშია მოსალოდნელი.
წყარო: www.ambebi.ge
