საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს მოუწოდებს, შეაგროვონ ხელმოწერები, წარადგინონ პრეზიდენტთან და ის მზად არის, გამოაცხადოს რეფერენდუმი, თუ რა სურს ქართველ ხალხს, ევროპული თუ რუსული არჩევანი. განცხადება სალომე ზურაბიშვილმა დღეს გააკეთა.
როგორია რეფერენდუმის გამოცხადების პროცედურა:
„საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიის ან შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით”, – წერია საქართველოს კონსტიტუციაში.
რაც შეეხება ორგანულ კანონს, მასში განმარტებულია, რომ რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით, თუმცა მანამდე საკითხმა უნდა გაიაროს ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიაც, რომელიც თავის მხრივ ცენტრალური საარჩევნო კომისიაში შედის.
ორგანული კანონის თანახმად, მოქალაქეებისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერები უნდა წარუდგინოს სარეფერენდუმო კომისიას, რომელიც შეისწავლის როგორც ხელმოწერების ავთენტურობას, ისე საკითხს და ფილტრის გავლის შემდეგ წარუდგენს მას პრეზიდენტის ადმინისტრაციას. რის შემდეგაც პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება დაასახელოს რეფერენდუმის ჩატარების თარიღი, თუმცა პრეზიდენტის გადაწყვეტილება საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.
ვის შეუძლია რეფერენდუმში მონაწილეობა:
რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც რეფერენდუმის გამართვის დღისათვის შეუსრულდა 18 წელი, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
რამდენი ხელმოწერაა საჭირო რეფერენდუმის დასანიშნად:
საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.