სამუშაო სივრცეებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს, რაც საკმაოდ ღრმა პროცესია. საქმე გვაქვს ზეტ თაობასთან, რომელმაც კომუნიკაცია სტიკერებით, „სთორებითა“ და სქროლვით ისწავლა. ახლა კი ისინი ფუნდამენტურად ცვლიან მუშაობის პრინციპებს. ამ თაობას ინტუიციურად ესმის ის, რასაც ბევრი ორგანიზაცია ჯერ კიდევ სწავლობს: ინფორმაციით გადატვირთულ სამყაროში სიცხადე კონკურენტული უპირატესობაა, ეს სიცხადე კი, სულ უფრო ხშირად, ვიზუალური ფორმით მიიღწევა.
ნაცნობი სიტუაციაა? სამუშაო ინსტრუმენტები სოციალურ ქცევებს იმეორებს, უბრალოდ, მცირე დაგვიანებით. ისევე, როგორც 2000-იანების „მესიჯობის“ კულტურამ მოამზადა ნიადაგი Slack-ისთვის, ახლა ზეტ თაობის ვიზუალური კომუნიკაციის სტილი განსაზღვრავს თანამშრომლობის წესებს. ტექნოლოგია კი არ კარნახობს ცვლილებებს, არამედ ადამიანების ურთიერთობის ბუნებრივ ფორმებს ეწევა. დღეს, ნებისმიერი სამუშაო პროცესი უნდა იყოს ვიზუალური, კოლაბორაციული და ინტუიციური.
კვლევის ფარგლებში გამოკითხული ზეტ თაობის წარმომადგენლების უმრავლესობა აცხადებს, რომ საუკეთესო შედეგს სწორედ ვიზუალურად მუშაობისას დებენ. მეტიც, ისინი „ვიზუალურ თავისუფლებას“ (Visual Fluency) კარიერული ზრდისთვის კრიტიკულ უნარად მიიჩნევენ. თუ სხვა თაობები ხელოვნურ ინტელექტს სიფრთხილით უყურებენ, ზეტ თაობისთვის AI მათი კრეატიული შესაძლებლობების ბუნებრივი გაგრძელებაა. თუმცა, ამ თავდაჯერებულობის მიუხედავად, მათ ხშირად აფერხებთ მოძველებული სისტემები და ფრაგმენტული ინსტრუმენტები. სწორედ ამიტომ, გამოკითხულთა ნახევარზე მეტს სურს, რომ მათმა კომპანიებმა სრულად ვიზუალური მიდგომა დანერგონ.
Neuro-Insight-თან პარტნიორობით ჩატარებულმა ნეირომეცნიერულმა კვლევამ შემდეგი მონაცემები მოგვცა: ზეტ თაობის ინსტინქტები სწორია. ვიზუალური კონტენტი მეხსიერებაში 74%-ით უფრო სწრაფად იბეჭდება, ვიდრე მოსაწყენი ტექსტური ალტერნატივები. ლაბორატორიულ პირობებში ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ხარისხიანი ვიზუალური პრეზენტაციები 21%-ით მაღალ ემოციურ ინტენსივობას და 16%-ით მეტ მოწონებას იწვევს. მარტივად რომ ვთქვათ, ემოცია განაპირობებს ყურადღებას, ყურადღება კი – დამახსოვრებას.
შედეგები ბიზნესზეც აისახება. ის კომპანიები, რომლებმაც ვიზუალური კომუნიკაცია დანერგეს, 66%-ით უფრო მკაფიო და ეფექტურ კომუნიკაციაზე საუბრობენ. თუმცა, ამის საპირისპიროდ, ორგანიზაციები, რომლებიც ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან, დიდ ფინანსურ ზარალს განიცდიან. აშშ-ში კომპანიები კრეატიული გუნდის თითოეულ წევრზე ვიზუალური კონტენტის შესაქმნელად წლიურად დაახლოებით 65 000 დოლარს ხარჯავენ. მიუხედავად ამხელა ინვესტიციისა, თანამშრომლების 90% კვლავ აწყდება ბარიერებს, რაც ხარისხიანი პროდუქტის შექმნას უშლის ხელს.
ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ კრეატიული ლიდერების 85% და ზეტ თაობის წარმომადგენლების 83% იძულებულია, არალიცენზირებული ან „დაუმტკიცებელი“ ხელსაწყოები გამოიყენოს, რადგან კომპანიის შიდა სისტემები მათ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. როდესაც ნიჭიერი თანამშრომლები მუდმივად ცდილობენ სისტემის გვერდის ავლას, ეს უკვე სისტემის პრობლემაა.
წინსვლაზე ორიენტირებული ლიდერებისთვის ზეტ თაობის ვიზუალური თავისუფლება მხოლოდ ოპერაციულ ეფექტიანობას არ ნიშნავს – ეს არის მოტივაციის, ავტონომიურობისა და კრეატიული აზროვნების გასაღები. იმისთვის, რომ ეს პოტენციალი გამოიყენოთ, რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.
პირველი ნაბიჯი ინვენტარიზაციაა. დაავალეთ დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, აღწერონ მიმდინარე ვიზუალური ინსტრუმენტები. თუ მათი რაოდენობა ოთხს აღემატება, სავარაუდოდ, კონსოლიდაცია გჭირდებათ. პარალელურად, შეადგინეთ არაეფექტურობის რუკა – ნახეთ, სად იკვეთება ფუნქციები და წარუდგინეთ მონაცემები ფინანსურ თუ IT განყოფილებებს, რათა დაანახოთ არაეფექტურობის რეალური ფასი.
ამის შემდეგ, ღირს 30-დღიანი საპილოტე რეჟიმის გაშვება. გამოსცადეთ AI-ზე დაფუძნებული ვიზუალური ხელსაწყოები რეალურ სამუშაო პროცესში და გაზომეთ შედეგები: დაზოგილი დრო, შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ბრენდის კონსისტენტურობა. ასევე, კარგი იქნება ე.წ. „ვიზუალური სპრინტის“ მოწყობა – აირჩიეთ ერთი მოძველებული პროცესი, იქნება ეს ახალი თანამშრომლის ონბორდინგი თუ შიდა კომუნიკაცია და დაავალეთ გუნდს მისი ვიზუალური გარდაქმნა. მიეცით მათ ექსპერიმენტების უფლება.
წყარო: Fastcompany www.marketer.ge




