სიტყვა “აუქციონის” გახსენებაზე, საქართველოში, როგორც წესი საავტომობილო აუქციონები გვახსენდება, რომლებიც ბოლო წლებში, განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რადგან საქართველო ერთგვარ საავტომობილო ჰაბად იქცა, რომელიც ამერიკას და აზიას ერთმანეთს აკავშრირებს.
თუ ადრე, აუქციონები, უმეტესწილად ფიზიკურად იმართებოდა, მოგვიანებით, ეს ტექნოლოგია ტელეფონით ჩანაცვლდა, მაგრამ დღეს, საქმეში პროგრამული უზრუნველყოფა ჩაერთო, რომლის დამსახურებით, აუქციონებში მონაწილეობა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება, მთავარია ინტერნეტი გქონდეთ.
კომპანია, რომელიც ამ ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის, საქართველოშიც არსებობს. ამ კომპანიის სახელწოდებაა Artisio და ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომლის ტექნოლოგიური ნოუჰაუს გამოყენებით, აუქციონის ჩატარება ნებისმიერ კომპანიას, სულ რაღაც ერთ საათში შეუძლია.
როგორც Artisio-ს დამფუძნებელმა, ბერდია ყამარაულმა TECH INFORM-ში განმარტა, დაინტერესებულ კომპანიებს ქართული სტარტაპი Google Analytics-ის მსგავს მარტივ პლატფორმას სთავაზობს, რომლის ჩაშენება მათ საკუთარ ვებგვერდზე შეუძლიათ.
“Artisio SaaS-მოდელზე დაფუძნებული აუქციონების მართვის სისტემაა, რომელიც ნებისმიერ კომპანიას აუქციონის ჩატარების საშუალებას აძლევს, თანაც ერთ საათში. ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება და მომხმარებელს ყოველდღიური ბიზნესოპერაციების მართვისა და აუქციონების ჩატარების საშუალებას აძლევს.
პროცესი ასეთია – კომპანია გვიკავშირდება, რის შემდეგაც მისთვის ჩვენს პროგრამულ უზრუნველყოფას ვამზადებთ, რასაც შეიძლება დასჭირდეს, როგორც ერთი საათი ან ერთი დღე, ასევე რამდენიმე კვირა, გააჩნია კომპანია რა ზომისაა. დაინტერესებულ კომპანიას ვაწვდით, როგორც ჩვენს პლატფორმას, ასევე სისტემას, რომელიც კომპანიის ვებგვერდზე ჩაშენდება. ის Google Analytics-ის მსგავსად მუშაობს, ანუ მომხმარებელი Artisio-სგან კოდს იღებს, რომელსაც საკუთარ ვებგვერდზე აშენებს, რის შემდეგაც, მას აუქციონის ჩატარება შეუძლია”, – აღნიშნა ბერდია ყამარაულმა TECH INFORM-ში და აღნიშნა, რომ ეს სისტემა API-დოკუმენტაციის პრინციპებს ეფუძნება, რაც დაინტერესებულ კომპანიას Artisio-ს პროგრამის იმ საგადამხდელო, ფინანსური მართვისა და მომხმარებელთა მართვის სერვისებთან დაკავშირების საშუალებას აძლევს, რომელსაც კომპანია იყენებს, იქნება ეს PayPal-ი, Stripe-ი, Zero, QuickBooks-ი, Sage-ი თუ HubSpot-ი.
BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში ბერდია ყამარაულმა Artisio-ში სახელმწიფო და კერძო პლატფორმების ინტეგრაციის შესახებაც ისაუბრა და ერთი მაგალითიც მოიყვანა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს “მძღოლისა და სატრანსპორტო საშუალების სალიცენზიო სააგენტოს” უკავშირდება, რომელიც ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების ერთგვარი ბაზაა.
“გაერთიანებულ სამეფოში გვყავს კლიენტი, რომელიც თანამედროვე და კლასიკურ ავტომობილებს ყიდის. ამ ბიზნესში რომ ხარ, ვალდებული ხარ, ავტომობილთან ერთად, ვებგვერდზე მისი ისტორია დაურთო, ანუ რომელ წელს არის ის გამოშვებული, ვინ ფლობდა ამ ავტომობილს, ჰყავდა თუ არა ის დაზღვეული და ასე შემდეგ. გაერთიანებულ სამეფოში, ეს ინფორმაცია “მძღოლისა და სატრანსპორტო საშუალების სალიცენზიო სააგენტოში”, იგივე DVLA-ში ინახება.
მანამ, სანამ კლიენტი ჩვენთან მოვიდოდა, პრობლემა ჰქონდა – DVLA-ში ინფორმაციის მოსაძებნად ერთ კონკრეტულ სისტემას იყენებდა, მაგრამ ავტომობილების შესახებ ინფორმაციის შეყვანა, საკუთარ სისტემაში, ხელით უწევდა. თითო აუქციონი ორასი-სამასი ლოტისგან შედგება, ხოლო თითოეულ ავტომობილზე რამდენიმე ველი არის შესავსები, ანუ მოცულობა საკმაოდ დიდია.
ამ პრობლემის გადასაჭრელად DVLA-ს ჩვენი API-ით დავუკავშირდით და ახლა, ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მისაღებად Artisio-ში მხოლოდ და მხოლოდ მისი რეგისტრაციის ნომრის შეყვანა არის საჭირო”, – აღნიშნა ბერდია ყამარაულმა TECH INFORM-ში.
გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც Artisio მომხმარებლებს სთავაზობს, თავისი არსით, დიდ მონაცემებს აკუმულირებს, ქართულ სტარტაპს ამ მონაცემების დამუშავების საშუალებას აძლევს. როგორც ბერდია ყამარაულმა TECH INFORM-ში განაცხადა, კომპანია აქტიურად მუშაობს სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალის დამატებაზე.
“ასეთი მოცულობის მონაცემებს რომ აგროვებ, ხელოვნურ ინტელექტზეც უნდა იფიქრო. ერთი პროექტი, რომელზედაც ახლა ვმუშაობთ – დინამიკური ფინანსური რეპორტების ფუნქციონალია. ამასთან, ფასების წინასწარ განსაზღვრის ფუნქციონალსაც ვამუშავებთ, ანუ როცა პროდუქტს აუქციონზე ყიდი, ხელოვნური ინტელექტი გეტყვის, ის რამდენად გაიყიდება. ეს პროცესი წარსული მონაცემების და ანალოგიური ნივთების ისტორიის დამუშავებას ეფუძნება და რაც უფრო დიდი დრო გადის და მეტ ინფორმაციას ამუშავებ, მით უკეთესი და ზუსტი არის შედეგი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი აგენერირებს”, – აღნიშნა ბერდია ყამარაულმა TECH INFORM-ში.
შეგახსენებთ, რომ Artisio ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელიც 2023 წლის დეკემბერში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის – “სტარტაპების მსოფლიო თასის” ფინალში გავიდა. მანამდე კი, Artisio-მ Startup Connect-ისა და Pegasus Tech Ventures-ის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ შეჯიბრებაში გაიმარჯვა.