როგორ შოულობს ჩრდილოეთ კორეა უცხოურ ვალუტას წამწამების ექსპორტით? – Reuters

მხოლოდ 2023 წელს ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთში, 167 მილიონი დოლარის, 1680 ტონა ხელოვნური წამწამების, წვერისა და პარიკის ექსპორტი განახორციელა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. სააგენტოს ცნობით, ამ საქონლის გადაფუთვა ხდება და პროდუქცია დასავლეთის ქვეყნებში იყიდება.
ჩრდილოეთ კორეა მილიონობით დოლარს შოულობს ხელოვნური წამწამებისა და პარიკების ექსპორტით, რაც მთელ მსოფლიოში იყიდება, როგორც ჩინური პროდუქცია, ამის შესახებ Reuters-ი სილამაზის ინდუსტრიის ექსპერტებისა და ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის საბაჟოების მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
Reuters-ის მიერ გამოკითხულმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ჩრდილოეთ კორეა დიდი ხანია იყო პარიკისა და ყალბი წამწამების მთავარი ექსპორტიორი, მაგრამ COVID-19-ის პანდემიის დროს, როდესაც ქვეყანაში მკაცრი ანტი-კოვიდ შეზღუდვები შემოიღეს და საზღვრები დაიხურა, ექსპორტი მკვეთრად დაეცა. მიუხედავად ამისა, უკვე 2023 წელს ჩინეთის გავლით ჩრდილოეთ კორეის წარმოების წამწამებით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილი განახლდა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის ყალბი წამწამების და პარიკების დამუშავება, შეფუთვა და მსოფლიოში გაყიდვა კიმ ჩენ ინის რეჟიმს, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, უცხოური ვალუტის მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს.
ჩინელმა მწარმოებლებმა ჩრდილოეთ კორეის ქარხნებთან თანამშრომლობა, ხელოვნური წამწამების წარმოებისთვის, 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს. როგორც ჩინელი ქარხნის 3 აღმასრულებელი ამბობს, მათთვის ჩრდილოეთ კორეის პროდუქცია სამუშაო ძალის დაბალი ფასისა და მაღალი ხარისხის წამწამების გამოა საინტერესო.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა სააგენტოს განუცხადა, რომ პეკინი და ფხენიანი მეგობარი მეზობელი სახელმწიფოები არიან და 2 ქვეყანას შორის თანამშრომლობა, კანონიერი და მოთხოვნების შესაბამისია, ამიტომ არ ღირს ამ ყველაფრის გადაჭარბებულად შეფასება.