“ნიკორა ტრეიდი” დედაქალაქში მასშტაბურ ლოგისტიკურ ცენტრს გახსნის, რომლის მშენებლობაც, ორ წელიწადში უნდა დასრულდეს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ალექსანდრიამ BMG-სთან აღნიშნა, ინფრასტრუქტურა, რომელიც აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა, თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა და FMCG სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად.
“მასშტაბებით და შინაარსით უპრეცედენტო იქნება ეს ინფრასტრუქტურა. 42 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება სასაწყობე მეურნეობა, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკითა და ციფრული მართვის სისტემებით. ამ კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმული გვაქვს, კომპანიაში დანერგილი გვაქვს SAP – ერთ-ერთი მოწინავე ციფრული გადაწყვეტილება. მწვანე კომპონენტიც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ობიექტი სრულად აღჭურვილი იქნება მზის პანელებით, რაც მწვანე ენერგიის საკმაოდ დიდი მოცულობების გენერაციას საშუალებას მოგვცემს. ვგეგმავთ ელექტრომობილების კომპონენტის შემოტანასაც, ჩვენს ორგანიზაციაში უკვე ვტესტავთ ამ მიმართულებას.
