როგორ შეცვალა ბაზარი მშენებარე ბინების განვადების შეძენის შესაძლებლობამ – მოსაზრება

იპოთეკური სესხით ბინის ყიდვის პრაქტიკა საქართველოში დიდი ხანია დანერგილია. მოქალაქეების დიდი ნაწილი ბინას ბანკით, იპოთეკური სესხის მეშვეობით ყიდულობს. იპოთეკურ სესხს, როგორც წესი, გასცემენ მაქსიმუმ 20 წლის ვადით (ლარში) და არაუმეტეს 400,000 ლარის ოდენობით.
საინტერესოა, როგორ შეცვალა ბაზარი მშენებარე ბინების განვადების შეძენის შესაძლებლობამ? – კითხვაზე უძრავი ქონების კომპანია Noble Real Estate • ნოუბლ რიალ ისთეით-ის თანადამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი პასუხობს:
“ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს არ აქვს იმის საშუალება, რომ ბინა მთლიანი დაფარვით შეიძინოს, ამიტომ მისთვის შიდა განვადების ფორმები ძალიან კომფორტულია. ცხადია, ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა გაყიდვებზე იმიტომ, რომ უფრო მეტს მიეცა უძრავი ქონების შეძენის საშუალება როგორც პირადი გამოყენებისთვის, ასევე როგორც პასიური ინვესტიცია, იმიტომ, რომ თუ გრძელვადიან პერსპექტივას შევხედავთ, ვნახავთ, რომ შემდგომში ამ ქონებას უკუგება აქვს. დღეს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე აკეთებს ინვესტიციას უძრავ ქონებაში იმ მიზნით, რომ შემდგომში იჯარის სახით შემოსავალი მიიღოს. როდესაც საბანკო სისტემაზე ვსაუბრობთ. კარგი იქნება თუ ეროვნული ბანკი უფრო ხელმისაწვდომს გახდის სესხებს და შიდა განვადების ნაწილშიც უფრო კომფორტული და მყიდველზე მორგებული პირობები იქნება,” – ამბობს მებაღიშვილი.
საქართველოში კომერციულ ბანკებში ყოველთვიურად იპოთეკით 10 ათასამდე საცხოვრებელი უძრავი ქონება იტვირთება.
როგორც წესი, იპოთეკური სესხები ძირითადად გრძელვადიან პერიოდზე გაიცემა, ძირითადად 10 წელზე მეტი ვადით.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, თუ პოპულარულ ვებგვერდს Numbeo-ს დავუჯერებთ საქართველოში იპოთეკური სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთი თითქმის 12%-ია (11.8%), რაც ქვეყანას ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ლიდერად აქცევს. შეგიძლიათ გადახედოთ სხვა ევროპული სახელმწიფოების მონაცემებს:
· საფრანგეთი – 3.8%
· იტალია – 4.6%
· ესპანეთი – 3.7%
· გერმანია – 4.0%
· – 5.5%
· ჩეხეთი – 5.7%
· პოლონეთი – 7.4%
სხვათა შორის, ზოგიერთი კომპანია გთავაზობთ ხელსაყრელ პირობას შიდა უპროცენტო განვადების სახით, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას პირველ ეტაპზე ბანკის გვერდის ავლით დაფაროთ ბინის ღირებულების გარკვეული ნაწილი და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართოთ იპოთეკურ სესხს. ეს მყიდველისთვის უფრო მომგებიანია გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ქონების მესაკუთრე უფრო “იაფად” ხდება.
შეგახსენებთ, იპოთეკით დაცული პირველი ობლიგაცია ქართულ ბაზარზე მომავალი წლის პირველ ნახევარში გამოვა. ამ ეტაპზე ბანკები აქტიურად მუშაობენ იპოთეკით დაცული ობლიგაციების ემისიისთვის.
მთავრობა იპოთეკურ სესხებს ასუბსიდირებს. მიმდინარე წელს, სუბსიდირებული იპოთეკური სესხი 1 208 ოჯახს დაუმტკიცდა. (ოჯახი, მარტოხელა მშობელი, ქვრივი)
“სუბსიდირებული იპოთეკური სესხის” პროგრამის შესაბამისად გაცემული სესხის ჯამურმა მოცულობამ 162 529 609 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში” ინფორმაციით, „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის” პროგრამის შესაბამისად, 2021 წლიდან დღემდე, ჯამში, გაიცა 6 559 სესხი, რომლის ჯამურმა მოცულობამ 774 060 463 ლარი შეადგინა.