რამდენიმე დღის წინ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება SAP Discovery Day გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე პროფესიონალები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, გერმანული გიგანტის, SAP-ისა და მისი პროდუქტების შესახებ ცნობადობის ამაღლება იყო. ასევე, ბიზნესებმა, რომლებიც უკვე იყენებენ SAP-ის პროდუქტებს, საკუთარი გამოცდილებაც გააზიარეს, რათა სტუმრებს მეტად ცხადი წარმოდგენა შეჰქმნოდათ პროდუქტების ძირითად მახასიათებლებზე
როგორც გლობალური ლიდერი საწარმოო რესურსების (ERP) აპლიკაციებში, SAP ყველა ზომისა და ინდუსტრიის ორგანიზაციას ეხმარება, უფრო ეფექტურად იმუშაონ ERP სისტემების გარდაქმნით და გაამატრივონ ბიზნეს პროცესები. შედეგად, ყალიბდება გამჭვირვალე, მდგრადი გადაწყვეტები — მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, გააუმჯობესონ მომგებიანობა, ეფექტურად მოერგონ ცვალებად პირობებს და შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა. ბუნებრივია, თანამედროვეობასთან შესაბამისობაში, SAP მნიშვნელოვნად ეყრდნობა ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა დამუშავების ეფექტურად დამუშავების მნიშვნელობას.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მხარდამჭერი და მთავარი წარმდგენი Soft Motion, საქართველოში SAP-ის ოქროს პარტნიორია. შესაბამისად, Soft Motion-ისა და მისი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოში SAP-ის პროდუქტების ეფექტიანობასა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს — ასე მეტად აღქმადი გახდა, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ის ბიზნესის განვითარებაში.
ალექსანდრე ბარნოვი, Soft Motion-ის დირექტორი: „SAP Discovery Day შემეცნებითი ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც SAP-ის პროდუქტებთან მიმართებით წარმატებულ პროექტებსა და გამოცდილებებზე ვისაუბრეთ. ძირითადი აქცენტები SAP ERP-ზე, მის მარკეტინგულ და HR შესაძლებლობებზე გაკეთდა. საინტერესო ფორმატში გადავწყვიტეთ პრაქტიკების გაზიარებაც — ჩვენი სპიკერებისა და კომპანიების წარმომადგენლების ერთობლივი გამოსვლებით ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ სტუმრებს SAP-ის პროდუქტების შესახებ. პრეზენტაციების ამ ფორმატმა შესაძლებლობა მოგვცა, ორივე მხარისთვის გვეჩვენებინა პროცესების მიმდინარეობა და მისი შედეგები.
SAP არ სთავაზობს კომპანიებს სტანდარტულად პრობლემის გადაწყვეტას ან უბრალოდ რაღაც სოფტს. SAP სთავაზობს მათ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ საუკეთესო გამოცდილებებს და ასეულობით კომპანიის საუკეთესო პრაქტიკებს, რომლებიც სტანდარტიზებული აქვს თავის სისტემებში. ის ბიზნესს ეხმარება პროცესების დალაგებაში, სიტუაციების სწორად დანახვაში და პრობლემების გამოსწორების უკეთესი გზების განსაზღვრაში“.
თბილისში ჩატარებული ღონისძიების მნიშვნელობასა და ზოგადად კომპანიის ხედვის შესახებ უფრო დეტალურად ტომ ქინდერმანსი, SAP-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მმართველი დირექტორი გვიყვება.
M: პირველ რიგში, რატომ გადაწყვიტეთ SAP Discovery Day-ის თბილისში ჩატარება და რატომაა ის ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის საინტერესო?
ზოგადად, ჩვენი მიზანია, მეტ ბიზნესსა და პროექტს შევუწყოთ ხელი. ამისათვის კი ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს „ვყიდით“ — მათ შორისაა ERP სისტემა, ახალი CRM სისტემა და ა. შ. ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეული გადაწყვეტა მომხმარებლებზეა ორიენტირებული, რათა ბიზნესებმა მეტად შეძლონ პერსონალიზებული, ინდივიდუალურად მორგებული ნაბიჯების გადადგმა. გვჯერა, რომ ციფრული მარკეტინგის ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებთან უშუალო კავშირი — ასე ვთქვათ, მათ „თვალებში უნდა ჩახედონ“ და ზუსტად გაიგონ, რა სურთ. SAP-ის პლატფორმაზე ეს მარტივადაა შესაძლებელი, რაც სანდო ურთიერთობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
საქართველოს მაგალითზეც ანალოგიური სიტუაციაა. დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში საზოგადოების ქცევა ოდნავ მაინც განსხვავდება — შესაბამისად, ნებისმიერ კომპანიას კონკრეტულ ბაზარზე მორგებული ცნობები ესაჭიროება. ის, რაც სხვაგან ამართლებს, შეიძლება აქაურობისთვის შეუსაბამო იყოს. ამის გათვალისწინებით, ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის საინტერესო უნდა იყოს რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიღება.
M: დიგიტალიზაციის ეპოქაში რამდენად სწრაფად იცვლება ბიზნესთან დაკავშირებული სპეციფიკაციები და უშუალოდ ბიზნესმენებმა რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ თანამედროვე ტრენდებთან შესაბამისობა შეინარჩუნონ?
შეუძლებელია, ამ კითხვაზე ერთი პასუხი გვქონდეს, მაგრამ ვეცდები, საკითხი მაქსიმალურად დავფარო. პირველ რიგში, იმისათვის, რომ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი იყოთ, აუცილებლად გჭირდებათ გაციფრულება. ამ თვალსაზრისით, უნდა დარწმუნდეთ, რომ პროცესები ყოველგვარი შეცდომების გარეშე მიმდინარეობს და მეტისმეტად დიდ ჩართულობას არ საჭიროებს ადამიანებისგან — სხვა სიტყვებით, მაქსიმალურად მანქანამდე უნდა დაიყვანოთ. ამას თუ არ გააკეთებთ, კონკურენტუნარიანობას ვერ შეინარჩუნებთ.
სხვები კი სწორედ ამ გზას დაადგებიან, ბევრად ეკონომიკურ პროცესებზე გააკეთებენ აქცენტს, ნაკლებ შეცდომასაც დაუშვებენ და მეტ ეფექტურობასაც მიაღწევენ. ასე რომ, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, ეს ნამდვილად აუცილებელია.
მეორე ნაწილი არის ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღება ნებისმიერ სფეროში. ამაში არაფერია ახალი, ყოველთვის ასე იყო — გჭირდებათ მონაცემები, რომელთაც სწორ სეგმენტს სწორ ფორმატსა და საჭირო დროს მიაწვდით. მონაცემების გარეშე შეუძლებელია ყველაფრის ზუსტად გათვლა, შესაბამისად, კონკურენტულ უპირატესობასაც სხვები გადაიბარებენ.
M: და როგორ ფიქრობთ, გაციფრულების პროცესი შეუჩერებელია?
შეუჩერებელია, მუდმივად გაგრძელდება და განვითარდება. ამიტომაცაა, რომ თუ კომპანიები სათანადოდ არ იზრუნებენ ამ მიმართულებაზე, უბრალოდ გაქრებიან ბაზრიდან. ეს ყველა ინდუსტრიას ეხება. მაგალითად, საბანკო საქმე ლიდერი იყო, სადაც დიგიტალიზაციის პროცესები დაიწყო, მაგრამ ახლა ყველა სახის კომპანია ჩაერთო პროცესში. გამონაკლისი არც საჯარო სექტორია, პირიქით, აქ სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს…
M: შეიძლება, თეორიულად მარტივად ჟღერდეს, მაგრამ საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესია… საინტერესოა, SAP როგორ ახერხებს თანამედროვე ტენდენციების შესწავლას და შემდეგ მათ სათანადოდ გამოყენებას?
მაქსიმალური შედეგების მისაღებად, 20 000-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს კვლევისა და განვითარების მიმართულებით. თანაც წლიური შემოსავლის 16%-ს სწორედ ამ ნაწილში ინვესტირებას ვუთმობთ. რა თქმა უნდა, მათი სამუშაო მხოლოდ პროდუქტების ოპტიმიზაციას არ ეხება, არამედ ფუნდამენტურ კვლევას — სად მივდივართ, როგორია მიმდინარე ტენდენციები საზოგადოებასა და ცალკეულ ინდუსტრიებში.
ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტი ნათელი მაგალითია. ის არაფერს წარმოადგენს საჭირო მონაცემების გარეშე — თანაც მონაცემები, რომლებიც მომხმარებლებს ეხება, უნიკალურია. SAP-ში მათ დასამუშავებლად სპეციალურ აპლიკაციებს ვიყენებთ, შემდეგ კი AI მოდელებს „ვკვებავთ“, რათა ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ.
M: უშუალოდ საქართველოს მაგალითზე რომ გვითხრათ, როგორ შეუძლიათ ადგილობრივ ბიზნესმენებს SAP-ის გამოცდილებით სარგებლობა? ასევე, რა წვლილს შეიტანს თქვენი კომპანია რეგიონის დიგიტალიზაციაში?
თამამად შემიძლია ვთვქა, რომ ბაზრის ლიდერები ვართ, რადგან უახლეს ტექნოლოგიებს ვნერგავთ და ბიზნესებს რეალურად ვეხმარებით სწორი მარკეტინგის შემუშავებასა თუ გადაწყვეტილებების მიღებაში. ასე ვთქვათ, თუ ბიზნესი SAP-თან თანამშრომლობს, ზუსტად უნდა იცოდეს, რომ არასდროს გაქრება ბაზრიდან. ყველა კომპანია მოწყვლადია და შეიძლება ერთ დროს შეწყვიტოს არსებობა, მაგრამ არა მაშინ, როცა სწორ გზას მიჰყვება…
ვინც SAP-ს ირჩევს, ირჩევს უწყვეტობას
მთელ მსოფლიოში 440 000 მომხმარებელს ვაერთიანებთ და $150 მილიარდზე მეტ საბაზრო კაპიტალს ვფლობთ. ამრიგად, ძალიან დიდი „მოთამაშე“ ვართ, უამრავი შესაძლებლობით, მეტი განვითარებისა და ზრდის პერსპექტივით.
ტომმა ინტერვიუს ბოლოს SAP ერთი სიტყვით დაახასიათა, როგორც ინოვაციური კომპანია. მისი თქმით, ინოვაციების ლიდერები არიან, რადგან სწორედ ეს განაპირობებს თითოეული კომპანიის წარმატებას. ამავდროულად, SAP მომხმარებელზე ორიენტირებულობას ინარჩუნებს — „100 000 თანამშრომელი ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ 110 000 ადამიანი ვართ“.
ამ ყველაფერთან ერთად, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თეგეტა მოტორსმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, სრულად გადავიდეს ღრუბლოვან სერვისზე გადავიდეს. ამისათვის კი სწორედ SAP ERP სისტემას იყენებს. თავის მხრივ, კომპანიის განვითარების ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი წარმოადგენს გრძელვადიან პარტნიორობას Soft Motion-თან და SAP-თან, რომელიც მიზნად ისახავს ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელებას ბიზნესის ყოვლისმომცველი ტრანსფორმაციისთვის. მომავალი პროექტი არა მხოლოდ ოპტიმიზაციას გაუწევს მიმდინარე ბიზნეს პროცესებს, არამედ შექმნის მდგრად პლატფორმას მომავალი ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის.
უფრო კონკრეტულად, თეგეტა მოტორსის, Soft Motion-ისა და SAP-ის ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იქნება საწარმოს გადაწყვეტილებების გლობალური ლიდერის მიერ მოწოდებული საუკეთესო პრაქტიკისა და რობოტული პროცესების დანერგვაზე.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „SAP-ის პროდუქტები 2008 წლიდან დაინერგა თეგეტაში და ჰოლდინგში შემავალი თითქმის ყველა კომპანია უკვე მუშაობს სისტემაში. სამომავლოდ ვგეგმავთ ყველა მათგანის SAP-ის განახლებულ ვერსიაზე გადაყვანას. ჩვენს მაგალითზე შეიძლება თამამად ითქვას, რომ SAP-ის პროდუქტები ბიზნესს საქმიანობას უმარტივებს. პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის მეშვეობით ბიზნესპროცესების ინფორმაცია ერთ პლატფორმაზე გროვდება და მუშავდება და ადამიანური ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი. ის უადვილებს კომპანიებს მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას. შედეგად ბიზნესს შეუძლია დააჩქაროს პროცესები, გაზარდოს პროდუქტიულობა — შესაბამისად, მიიღოს მეტი სარგებელიც“.
ამ პარტნიორობასთან დაკავშირებული ცერემონია სწორედ SAP Discovery Day ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ, Soft Motion-ის მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა ალექსანდრე ბარნოვმა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის SAP-ის მმართველმა დირექტორმა ტომ კინდერმანსმა.