ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას – როგორ შეიძლება 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და 10 ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? წარმოუდგენელია! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები დაიდო.
მისი თქმით, ოპოზიციამ არჩევნები კატასტროფულად წააგო და პროცესების გადატანას კვლავ ქუჩაში ცდილობს.
„დღეს გარწმუნებთ, ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩა მსოფლიოში, საქართველოსი ყველაზე დიდი შური აქვთ. ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას. ასე უნდა იყოს, მხოლოდ თქვენზე გადის გზა, მხოლოდ საზოგადოებაზე. აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულელონ, როგორმე გაგვაგიჟონ, როგორმე გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ და უკან უკვე დგანან და დღესაც თუ ადევნებთ თვალს მცდელობა აქვთ, მათ არჩევნები კატასტროფულად წააგეს და მცდელობა აქვთ ქუჩიდან რამე გააკეთონ, მაგრამ საბედნიეროდ, აქაც ისევ ქართველი ხალხის სიბრძნე და ნახეთ, რამდენი არიან. როგორ შეიძლება 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და 10 ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? წარმოუდგენელია“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელმაც მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა.
„მართლა შთამბეჭდავია გამარჯვება. გილოცავთ და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს, საერთოდ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში, რომ იტყვიან. ეს არის რეალური შედეგი, ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, ჩვენი გენეტიკა, ამით ჩვენ უკვე პატივი მივაგეთ ჩვენ წინაპარს. ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, რაღაც დროს, რაღაც სიტუაციაში ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ჩვენ ვიკრებთ ძალას და ჩვენ აუცილებლად ღირსეულ ადგილს დავჭერთ მსოფლიოში.
ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, თანამედროვე დაპყრობის მეთოდები გახლავთ აგენტურა. აგენტურის საშუალებით ჩვენზე დიდმა, გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა, ძალიან ბევრმა დაკარგა სუვერენიტეტი. ვინც ერკვევით პოლიტიკაში, ალბათ, გეცოდინებათ რომელი ქვეყნები იგულისხმება ამაში. ძალიან ბევრი ქვეყანა მიექანება კატასტროფაში და მიაქანებენ კატასტროფაში საკუთარი ხალხი, საკუთარი საზოგადოების ნაწილი, ეს გახლავთ სწორედ თანამედროვე დაპყრობის იარაღი. მხოლოდ ამ მეთოდით ახერხებენ და ყველაზე ცივილიზებული, ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები დააჩოქეს. უნგრევენ ეკონომიკას, საზოგადოებას, საშინელი დაპირისპირებებია, არის აღრევა ერების ერთმანეთში და ასეთი გაუკუღმართებული ცხოვრება შეუქმნეს.
ქართველი ერის ყველაზე დიდი ნიჭიერება ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, ერთადერთი სახელმწიფოა, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელმაც მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა. ჩვენ დავძლიეთ 2012 წელს ეს უდიდესი ძალა, ყველაზე ბოროტი ძალა და ის, ვინც ზურგს უმაგრებდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
