როგორ შეიცვალა პროკურატურის რიტორიკა სინდისის 11 პატიმრის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლო პროტესტის 11 მონაწილის საქმეზე, რომლებსაც ორგანიზებულ მასობრივ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად, არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
პროცესს ამ ეტაპიდან ახალბედა მოსამართლე, 32 წლის ნინო გალუსტაშვილი უძღვება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი წარმოადგენდა. პროკურატურა ბრალდებულებს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას ედავება, თუმცა პროკურორის სიტყვაში „ორგანიზებულობა“ ნახსენები დღეს აღარ ყოფილა, რაც ადვოკატების შეფასებით, უკავშირდება იმას, რომ პროკურატურას არგუმენტები არ აქვს “ორგანიზების” სამტკიცებლად.
„ბრალდების მხარეს არ უხსენებია სიტყვა „ორგანიზებული“ არცერთ დასაბუთებაში. ახსენებს „ჯგუფურ ძალადობას“. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ორგანიზატორებად ბრალდებული პირები მართლაც ხელმძღვანელები არიან, მაგრამ ორგანიზებაში ბრალდებული არცერთი პირი ამ პროცესზე არ ზის, ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის [ბრალდებული]. უდავოდ რომ გავხადოთ საქმე, თავიდან ბოლომდე და გითხრათ [ადვოკატებმა], შემდეგ [პროცესზე] გამოაცხადეთ გადაწყვეტილებაო, როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ, როდესაც ხელმძღვანელი და ორგანიზატორი გამოკვეთილი არ არის? თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას იმ მტკიცებულებებზე, რომელსაც სხვა მოსამართლე განიხილავს? ეს ხომ შეუძლებელია?“ — პროკურორის სიტყვის პასუხად ჰკითხა მოსამართლეს ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა, რომელიც გიორგი ტერიშვილის ინტერესებს იცავს.
პროკურორი ცალუღელაშვილი ამტკიცებს, რომ თითქოს, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, სხვადასხვა დღეს, პარლამენტთან და მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსლან სივაკოვი, სერგეი კუხარჩუკი და რეზო კიკნაძე ესროდნენ ქვებს სამართალდამცველებს, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი ისროდნენ შუშის ბოთლსა და მოგრძო ნივთებს, ირაკლი ქერაშვილი სამართალდამცველების მიმართულებით ისროდა პიროტექნიკიდან, ანდრო ჭიჭინაძე ისროდა ჯოხს, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა ისროდნენ მძიმე საგნებს, ონისე ცხადაძე ისროდა ბოთლს, ჯოხს და სხვა მძიმე საგანს. გარდა ამისა, პროკურატურის თქმით, ყველა მათგანი აქტიურად იყო ჩართული „სხვა ძალადობრივ ქმედებებში, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველთა და სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“. თუმცა, მაგალითად, არცერთი ეს საგანი ამოღებული და ნივთმტკიცებად წარდგენილი არ არის.
ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თითოეულ ბრალდებულს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამავე დროს, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებას სახელმწიფო ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს ედავება, რომელთა საქმე ცალკე განიხილება.
ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე ახსნეს, რომ „ორგანიზება“ სააპელაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისის საქმეზე, როდესაც სასამართლომ თქვა, რომ ორგანიზებულ მასობრივ არეულობაში, ძალადობაში მონაწილეობა საჭიროებს პირადი კონტაქტების, ნაცნობობის, ერთობლივი ქმედებების დადასტურებას ორგანიზატორებად და მონაწილეებად ბრალდებულ პირებს შორის. ადვოკატ ჩომახაშვილის თქმით, სპონტანური, ჯგუფური და თუნდაც წინასწარ შეთანხმებული ჯგუფური აქტი ორგანიზებულობაში მონაწილეობად ვერ ჩაითვლება, სააპელაციო სასამართლოს განმარტებითვე, რასაც ასევე ადასტურებს უზენაესი სასამართლო.
ადვოკატების თქმით, ერთი მტკიცებულებაც არ აქვს პროკურატურას წარმოდგენილი და ერთი არგუმენტიც კი, რომ რამე კავშირი არსებობს ორგანიზებაში ბრალდებულ სამ პირსა და მონაწილეობაში ბრალდებულ 11 პირს შორის. მეტიც, 11 პირის მიმდინარე საქმეში გამოძიება იმასაც კი ვერ ადასტურებს, რომ ეს 11 ადამიანი ერთმანეთს იცნობდა. ბექა ხოხობაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკრაინელი ბრალდებულები, რუსლან სივაკოვი და სერგეი კუხარჩუკი, რომლებსაც ქართულიც კი არ ესმით, ვერანაირად იქნებიან ორგანიზებული დანაშაულის მონაწილეები.
ადვოკატების უმეტესობამ შესავალი სიტყვის თქმაზე უარი განაცხადა და მომდევნო პროცესისთვის გადადო, რამდენადაც მათთვის სიახლე იყო პროკურორის შეცვლილი რიტორიკა და მსჯელობა, რასაც მათი ახსნით, შესაბამისი პასუხი სჭირდება შესავალი სიტყვის თქმისას.
ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული თერთმეტი პირის მომდევნო პროცესი პირველ მაისს, 11 საათზე ჩაინიშნა.
სხდომა 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა საბოლოოდ ნახევარი საათის დაგვიანებით, ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში გაიხსნა. 11 ბრალდებულის ნაცვლად დარბაზში 9 მათგანი შემოიყვანეს. პროცესს რუსლან სივაკოვი (თავისი გადაწყვეტილებით) და რეზო კიკნაძე (წინა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით) არ დაესწრნენ. დარბაზში სინდისის პატიმრებს კვლავ მხოლოდ მოსამართლე, მდივანი, პროკურორი, მანდატურები, ადვოკატები და რამდენიმე ჟურნალისტი დავხვდით.
პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა დააყენა შუამდგომლობა, რომ საქმეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებად დართვოდა სამ აპრილს მიღებული დასკვნები სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისა, რომელთა მიხედვითაც, ალექსანდრე ბიჭოშვილსა და ვასილ ბახტურიძეს დაზიანებები მიადგათ. პროკურორის მოთხოვნით, ექსპერტიზის ჩამტარებლებიც უნდა დაემატონ დასაკითხ პირთა სიას. პროკურორის შუამდგომლობას ადვოკატები არ დაეთანხმნენ, რადგან მათი განმარტებით, მტკიცებულებას არაფერი აქვს საერთო მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან და არაფრით დასტურდება, რომ დაზიანებები, თუ ის მართლაც მიადგათ კონკრეტულ სამართალდამცველებს, 11 ბრალდებულის ან მათგან რომელიმეს დამსახურებაა. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნითვე ცხადი ხდება, რომ ბიჭოშვილის დაზიანებების ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრა შეუძლებელია. ბრალდების მიერ წარმოდგენილ ამ მტკიცებულებებს დაუშვებენ თუ არა, მოსამართლე გალუსტაშვილი მომდევნო სხდომაზე გადაწყვეტს.
ამის შემდეგ ადვოკატებმა სხდომის გახსნა ითხოვეს პროცესზე დასწრების მსურველთათვის. მოსამართლე გალუსტაშვილმა არ გაიზიარა და არ გააგრძელა წინა მოსამართლის გადაწყვეტილება და სხდომა სრულად გახსნა. 10-წუთიანი შესვენების გამოცხადებისთანავე, დარბაზი მყისიერად ივსება რეჟიმის ტყვეთა ოჯახის წევრებითა და მეგობრებით. ხის მოაჯირებითა და მანდატურებით გაყოფილი ადამიანები ერთმანეთს ხელის აწევით ესალმებიან, ჟესტებით ელაპარაკებიან, სიყვარულს გამოხატავენ, სხვა ოჯახის წევრებს კითხულობენ. „კარგად გამოიყურები“, — მოგუდულად გასძახებენ პატიმრებს, ჩუმად კი ერთმანეთს გადაულაპარაკებენ, — „სახეზე ფერი არ ადევთ. მზეს რომ ვერ ხედავენ, ალბათ ამის ბრალია“.
დარბაზში რეზო კიკნაძის დედა, მამა და ბებიაც იმყოფებიან. რეზო კიკნაძე წინა მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ 25 მარტს გააძევა. თუმცა რეზო კიკნაძე გააძევეს თუ თავად გავიდა, ცალსახა საკითხი არაა. როგორც ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი განმარტავს, რეზო კიკნაძე ააღელვა სხდომის დახურულობამ, იმან, რომ პატიმრებსა და მათ ოჯახის წევრებს სასამართლოს დარბაზშიც კი არ შეეძლოთ ერთმანეთის ნახვა. ეს იმ ფონზე, რომ სხდომათა დარბაზში შეხვედრა ზოგიერთი პატიმრისა და მისი ოჯახისთვის ერთმანეთის დანახვის, ერთმანეთთან თუნდაც უხმო და უსიტყვო კომუნიკაციის ერთადერთი შესაძლებლობაა. რეზო კიკნაძემ მაშინ მოსამართლეს მონა უწოდა და თქვა, რომ ამ „ცირკში“ მონაწილეობას არ მიიღებდა. საქართველოს ჰიმნს მღეროდა, როცა მანდატურებმა დარბაზიდან გაიყვანეს. ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა რეზო კიკნაძის სხდომაზე დაბრუნების შუამდგომლობა დღეს დააყენა და მოსამართლემ, პროკურორის წინააღმდეგობის ფონზე, ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მომავალ პროცესებზე რეზო კიკნაძეს დასწრების საშუალება ექნება.
„მისი ბებია იმყოფებოდა აქ [სასამართლოზე] და ვეღარ გაუძლო, რომ ვერ დაინახა რეზო. ახლა გახარებული წავიდა, იცის, რომ შემდეგ პროცესზე დაუშვებენ. მანძილი უფრო ახლოს იქნება და რომ დავინახავთ, მოვისიყვარულებთ. ყოველდღე რეკავს [რეზო] და როცა რეკავს, სულ იმას გვეუბნება, დედა, მამა, აქციებზე იარეთო. მთელი გულით და სულით ახალგაზრდების, ჩვენი სინდისის პატიმრების გვერდზე ვართ. როგორც ჩემი შვილი იტყვის ხოლმე, მალე სამართალი იზეიმებს. სამშობლოს სიყვარულისთვის ზის რეზო იქ, მისთვისაც საამაყოა ეს, ჩვენთვისაც და იმ ხალხისთვისაც, ქუჩაში რომ გვაჩერებს და გვეუბნება, როგორც უყვართ რეზო“, — ამბობს ნეტგაზეთთან რეზო კიკნაძის დედა, მაია ლეკიშვილი.
სანამ პროკურორსა და ადვოკატებს შესავალი სიტყვის თქმის საშუალება მიეცემოდათ, სიტყვა ანდრო ჭიჭინაძემ ითხოვა და ირაკლი ს გამოეხმაურა.
„უშუალოდ ჩვენს საქმეზე ხორციელდება პირდაპირი ზემოქმედება და ზეწოლა. დაახლოებით ერთი კვირის წინ პრემიერმინისტრმა პირდაპირ დაგვადანაშაულა ჩვენ იმაში, რაშიც პროკურატურა გვედავება. გამოაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია. წინასწარ მოგვისაჯა და მერე დაიწყო ლაპარაკი რაღაც ჰუმანურობაზე. პირდაპირ გეუბნებით, რომ მე არავის ჰუმანურობა არ მჭირდება და თუ რამე პასუხისმგებლობა არის საჭირო, რომ დამეკისროს, ეს გადაწყვიტოს სასამართლომ. მეორე — როცა ადამიანს შეუძლია, რომ პატიმარ ქალს [მზია ამაღლობელს] ცილისწამებით და ტყუილით შეეხოს, როცა შეუძლია, რომ პატიმრის ოჯახზე ილაპარაკოს ისე, როგორც ილაპარაკა, ეს არის არაკაცობა და მეტი არაფერი. კიდევ ერთი რამეც, მიმხვედრი მიხვდება: სანამ რამეს დააპირებთ და ცდით, უნდა იცოდეთ, ვისთან ცდილობთ და ვისთან ბედავთ“, — თქვა ანდრო ჭიჭინაძემ.
წაიკითხეთ ამავე თემაზე:
· რას ვერ ადასტურებს პროკურატურა აქციების მონაწილეთა საქმეში
· პროევროპულ აქციებზე დაკავებულებს ასამართლებენ იმ მუხლით, რაშიც 5 ივლისის მოძალადეები გაამართლეს