წარმოიდგინეთ, ღონისძიებაზე შეხვდით თქვენთვის მნიშვნელოვან თანამდებობის პირს. გსურთ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ მასზე. ბოლოდროინდელი მიღწევების გაზიარებაც გინდათ, მაგრამ გაწუხებთ, რომ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე ორიენტირებულ ტრაბახში არ ჩაგითვალონ. მეორე მხრივ, არ გინდათ გაუშვათ თქვენი წარმატებების გაზიარების ეს შესაძლებლობა. მაინც, როგორ უნდა მოიქცეთ?
საკუთარი თავის პოპულარიზაცია ხშირად აჩენს დილემას: თქვენს მიღწევებზე ლაპარაკმა შეიძლება აჩვენოს, რომ კომპეტენტური ხართ, მაგრამ ასევე შეიძლება ნაკლებად მეგობრულად და ეგოისტურად წარმოგაჩინოთ. ამის საპირისპიროდ, საკუთარი თავის დაკნინების, დამსახურების უარყოფის ან წარუმატებლობის გაზიარების გამო ნაკლებად კომპეტენტურად შეიძლება ჩაგთვალონ, რაც არ იქნებოდა მართალი.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევქმნათ კარგი შთაბეჭდილება და გამოვავლინოთ კომპეტენცია ეფექტურად?
ახალ კვლევაში განვიხილავთ მარტივ, მაგრამ მყარ პასუხს: როცა ამაყობთ საკუთარი მიღწევებით, კომპლიმენტი გაუკეთეთ კოლეგას ან თანატოლს. ამ სტრატეგიას ვუწოდებთ „ორმაგ პრომოუშენს“, რადგან ის გულისხმობს როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების წარმოჩენას. კვლევის მიხედვით, ორმაგი პრომოუშენი აძლიერებს საერთო შთაბეჭდილებებს. აუდიტორია სწავლობს თქვენს შესაძლებლობებს და ხედავს, რომ თქვენ ავლენთ ზრუნვას სხვების მიმართ. სხვა ადამიანებზე დადებითად საუბრით, თქვენ მიანიშნებთ, რომ არ ხართ ეგოცენტრული – არამედ კეთილი განზრახვის მქონე, მეგობრული კოლეგა ხართ.
გააცნობიერეთ, რომ სხვების პოპულარიზაცია მხოლოდ გეხმარებათ!
გაივარჯიშეთ ორმაგ პრომოუშენში, რაც ზევით განვიხილეთ. ამის გაკეთება შეგიძლიათ სხვისი წარმატებების იდენტიფიცირებით, მის მიღწევებზე ფიქრით და შემდეგ მათი მიღწევების ხმამაღლა აღიარებით.
თუ გუნდში იმყოფებით, აუცილებლად შეაქეთ თანაგუნდელები. მაგალითად, ტეილორ სვიფტმა თავისი ალბომის “Speak Now” ხელახალი გამოშვების პოპულარიზაციაში ხაზი გაუსვა თავისი კოლაბორატორების ჰეილი უილიამსისა და Fall Out Boy-ის შრომას.
როდესაც კონკურენციაში ხართ, კომპლიმენტი თქვით თქვენი კონკურენტების მისამართით. პოპულარული სპორტსმენები ამას აკეთებენ თამაშის დროს ან მატჩის შემდეგ. მაგალითად, 2017 წელს, როჯერ ფედერერმა კეი ნიშკორი ხუთ სეტში დაამარცხა ავსტრალიის ღია პირველობაზე. მატჩის შემდეგ, ფედერერმა ნიშკორის შესახებ აღნიშნა: „მან გულით ითამაშა და ეს იყო შესანიშნავი მატჩი… ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა ტურნეზე.“ მაგრამ ფედერერმა სხვა ადამიანის პოპულარიზაცია გააერთიანა საკუთარ მიღწევებთან და დაამატა: „მშვენივრად ვითამაშე… დიდი გამარჯვება ჩემთვის“.
როდესაც უფრო ინდივიდუალურ საქმეში ხართ ჩართული, მაგალითად, რომანს წერთ, შეგიძლიათ კომპლიმენტი გაუკეთოთ კოლეგას იმ სფეროში, რომლითაც აღფრთოვანებული ხართ. მაგალითად, შეგიძლიათ განათავსოთ სოციალურ მედიაში: „ჩემი წიგნი ახლახან მოხვდა New York Times-ის ბესტსელერების სიაში! რა პატივია ვიყო [ავტორის სახელი] ბრწყინვალე ნაწარმოების გვერდით, რომელიც ჩემი აზრით, წლის საუკეთესო წიგნია.
თუკი გუნდურად იმუშავეთ პროექტზე, არ დაგავიწყდეთ თანაგუნდელების შრომის გავლენა საბოლოო პროდუქტზე. იყავით ბუნებრივი და გულწრფელი მათი შრომის აღნიშვნისას.
რასაკვირველია, საკუთარი შრომის წარმოჩენაც არ დაგავიწყდეთ. მიზანი ორმხრივია – საკუთარი თავისა და სხვების დამსახურების აღნიშვნა. ამის გარეშე, თქვენ ვერ გაუზიარებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას სამიზნე აუდიტორიას და შესაძლოა, ვერ დაანახოთ თქვენი კომპეტენცია. სხვისი შექება კარგი სტრატეგიაა მეგობრული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ ორმაგი შექება ცალსახად აძლიერებს თქვენი ურთიერთპატივისცემასა და კომპეტენციის შეფასებას.
ეს მიდგომა თანაბრად მუშაობს მამაკაცებისთვის და ქალებისთვის. კვლევებით დასტურდება, ქალები უფრო ნაკლებად ახდენენ თვითპრომოუშენს, ვიდრე მამაკაცები. მეტიც, თვითწარმოჩენა უფრო მეტ ზიანს აყენებს ქალებს, ვიდრე მამაკაცებს. შედეგად კი, ქალებმა შეიძლება მიიღონ ნაკლები აღნიშვნა თავიანთი დამსახურებისთვის, ვიდრე მამაკაცებმა. ორმაგი პოპულარიზაციის გზით, ქალებს შეუძლიათ დააბალანსონ ეს უსამართლო დანაკლისი.
როდესაც წარმატებას მიაღწევთ, ნუ მოგერიდებათ მასზე საუბარი, მაგრამ არ დაივიწყოთ მეორე მხარეც, რომელსაც სურს, შეამჩნიონ და დააფასონ. ეს მიდგომა დაგეხმარებათ, ტრაბახის გარეშე შეძლოთ საკუთარ წარმატებებზე საუბარი.
წყარო: HBR