როგორ შევქმნათ ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო კომპანიაში?

იმისათვის, რომ სამსახურში კრეატიულობასა და პროდუქტიულობაზე დაფუძნებული გარემო შეიქმნას, ფსიქოლოგიურად უსაფრთხო კულტურაზე ფოკუსირება აუცილებელია. 1990-იან წლებში ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორმა ემი ედმონდსმა სპეციალური ტერმინიც კი შეიმუშავა — „გუნდის ფსიქოლოგიური უსაფრთხოება“.
სამსახურში ფსიქოლოგიური უსაფრთხოება გულისხმობს, თანამშრომლებს ღიად შეეძლოთ საკუთარ სირთულეებზე საუბარი. აუცილებელი არაა, ყოველთვის უკუკავშირს იღებდნენ სანაცვლოდ, უბრალოდ ყველაფრის გასაზიარებლად უნდა ჰქონდეთ საჭირო სივრცე. ცხადია, ამგვარი აზროვნების მისაღწევად, შესაბამისი ატმოსფერო უნდა შეიქმნას, სადაც გუნდის ყველა წევრი იგრძნობს საკუთარ ინდივიდუალურ ძალას, ემოციურ თავისუფლებას…
სტატიაში კი რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ, რათა ჯანსაღი, შემოქმედებითი და პროდუქტიული სამუშაო კულტურა მარტივად შექმნათ საკუთარ ორგანიზაციებში.
მკაფიო მიზანი
ლიდერმა აუცილებლად უნდა განსაზღვროს, რატომ უნდა აინტერესებდეთ ინდივიდებს კომპანია. პირველ რიგში, გჭირდებათ მოკლე სლოგანი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ. ამასთან, უმჯობესია, ყოველ ჯერზე მართვადი და მოკლევადიანი მიზნები გქონდეთ, რათა თანამშრომლები მუდმივად კავშირში გრძნობდნენ თავს — სხვა სიტყვებით, შეიძლება ხშირად უნდა შეახსენოთ, როდის რისთვის აკეთებენ რაღაცას.
ღია კომუნიკაცია
ღია კომუნიკაციის გასაძლიერებლად, გჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ხშირად ესაუბრებიან ერთმანეთს. ამისათვის კი ყოველთვიური აქტივობების დანერგვა კარგი გზაა — საქმეების დავიწყება და არაფორმალური შეხვედრები, რათა კოლეგებმა სხვანაირ გარემოში შეძლონ საკუთარი თავის წარმოჩენა. თუკი მათ შორის ახლო ურთიერთობები ჩამოყალიბდება, საქმეებსაც მეტი მონდომებით, ინოვაციურობითა და ენთუზიაზმით მიუდგებიან.
უწყვეტი სწავლა
სწავლისა და ზრდისადმი ერთგულება გუნდს გამოწვევების მიმართ მდგრადს ხდის. შეგიძლიათ, ყოველწლიურად პროგრესთან დაკავშირებული მიზნები შეიმუშაოთ — როგორც კომპანიის, ისე ინდივიდების დონეზე. მიზნებზე ამ ჭრილში დაფიქრება თითოეულ თანამშრომელს დაეხმარება, უკეთ წარმოიდგინოს საკუთარი როლი უფრო დიდი გეგმების მიღწევაში.
ამავდროულად, ძალიან კარგია ერთი ერთზე შეხვედრები თვეში რამდენჯერმე მაინც. რუტინული შემოწმებები საშუალებას იძლევა, მიკრო ცვლილებები უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელდეს.
მიღწევების აღნიშვნა
მცირე და დიდი გამარჯვებების აღიარებამ და აღნიშვნამ შეიძლება გააძლიეროს პოზიტიური მუშაობის კულტურა. ასევე, თანამშრომლებში მეტ მოტივაციასაც გააჩენს, რათა იდეალურად შეასრულონ თავიანთი საქმე. ეს არა მხოლოდ უფროსებისგანაა აუცილებელი, არამედ კოლეგებს შორისაც ძალიან სასარგებლოა დადებითი განწყობების გაზიარება.
მოქნილობა
გარემო, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სამუშაო სტილს და პირად საჭიროებებს, საშუალებას აძლევს ადამიანებს, სამუშაოზე ორიენტირებულობა შეინარჩუნონ. როდესაც ორგანიზაციაში მოქნილობის კულტურა მოქმედებს, ინდივიდუალურ დონეზე მეტად ეფექტურად გაუმკლავდებიან ყოველდღიურ საქმეებს, დააბალანსებენ პროფესიულ და პირად ცხოვრებას…
რესურსებზე ხელმისაწვდომობა
საჭირო ინსტრუმენტებისა და რესურსების უზრუნველყოფა ფუნდამენტურია წარმატებული, ინოვაციური სამუშაო კულტურის განსავითარებლად. როდესაც თანამშრომლებს აქვთ წვდომა საჭირო აქტივებზე და სივრცეზე, მეტი შესაძლებლობაც ეძლევათ, სრულყოფილად შეასრულონ საქმეები.
საბოლოო ჯამში, ფსიქოლოგიურად უსაფრთხო და მიზანმიმართულ სამუშაო კულტურას შეუძლია ხელი შეუწყოს მიკუთვნებულობის გრძნობას, გააჩინოს ინოვაცია და გააძლიეროს კოლექტიური ვალდებულება მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. რეალურად, მთავარი ჯადოქრობა ისაა, როცა სამსახური შემოსავლის წყაროს ცნებას სცდება და მისიად იქცევა…