როგორ ყალბდება არჩევნები | “გირჩი – მეტი თავისუფლებამ” და “დროამ” სქემა წარადგინეს
“გირჩი – მეტი თავისუფლებამ” და “დროამ” არჩევნების გაყალბების სქემა წარადგინეს. მათი თქმით, სქემა მომზადდა ჩატარებული კვლევის საფუძველზე, რომელიც აანალიზებს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, რესურს ცენტრების, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების, უბნის ინსპექტორებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამხანაგობათა თავმჯდომარეების, ქუჩის კრიმინალისა და მმართველი პარტიის როლს არჩევნების გაყალბების პროცესში.
როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს, არჩევნების გაყალბების პროცესი უკვე დაწყებულია და მასში სხვადასხვა ხალხი ჰყავთ ჩართული:
“სხვადასხვა ხალხი ჰყავთ ჩართული ამ პროცესში, ვინც დაკავებულები არიან ერთი, მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის შეგროვებით და შემდეგ ამ ადამიანებთან კომუნიკაციით და სხვადასხვა ბარტერების შეთავაზებით. ესე აგროვებენ ისინი საარჩევნო ხმებს. სიტყვაზე, შეიძლება ვიღაცის ახალგაზრდას უწევდეს ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური და მის ოჯახს ელაპარაკებიან და უცვლიან, რომ ამდენ ხმას თუ მოიტანთ, არ გავიწვევთ; ან მართვის მოწმობა ჰქონდეს ჩამორთმეული და ეუბნებიან, რომ დაგიბრუნებთ მართვის მოწმობას და სამაგიეროდ, მოგვიტანე ხმები; ან პირობითი მსჯავრი არის და გაგიუქმებთ / გაგინახევრებთ და ა.შ. ერთი, გვინდა ეს სახელები და გვარები გავხადოთ საჯარო. მეორე, მათ შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და ასევე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, რომ მათაც იცოდნენ როგორ ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, ეხლა უკვე, დღეს დაწყებულია ეს, არჩევნების გაყალბება,” – ამბობს ზურა ჯაფარიძე.