როგორ უნდა მოემზადოს კომპანია „შავი პარასკევისთვის“? — 5 გზა

ნოემბრის ბოლო პარასკევის დადგომამდე არცთუ ისე ბევრი დრო დარჩა, ამიტომ დროა, კომპანიებმა მზადება დაიწყონ. მით უმეტეს, რომ შავი პარასკევი წლის ყველაზე დიდ შოპინგის დღედ ითვლება. ზოგი საათობით დგას რიგებში, ზოგიც ონლაინ შოპინგს ამჯობინებს. უამრავი შეთავაზების ფონზე რთულია გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაც… ამ კონკურენციის დასაძლევად კი შავი პარასკევის სტრატეგიის დროულად მომზადება დაგჭირდებათ. ამიტომაც ახლა 5 გზას გაგაცნობთ და გეტყვით, როგორ უნდა მოამზადოთ თქვენი კომპანია ამ მნიშვნელოვანი დღისთვის:
1. დაიწყეთ გასული წლის შედეგების გაანალიზებით
ასე ხელახლა შეიქმნით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რამ იმუშავა კარგად და რისი გამოსწორებაა საჭირო, ან საერთოდ რისთვის უნდა იყოთ მზად. დრო დაუთმეთ იმის გაანალიზებას, თუ როგორ შემოვიდნენ მომხმარებლები თქვენს მაღაზიასთან ინტერაქციაში: რას ეძებდნენ, რომელი კატეგორიები აინტერესებდათ მეტად, რომელმა შეთავაზებებმა იმუშავა უკეთ, ყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას რამ შეაფერხა ისინი… მსგავსი მონაცემებზე დაფუძნებული ინსაითები 2025 წლის შავი პარასკევის კამპანიებისთვის კარგ საფუძველს შექმნის.
2. დაგეგმეთ კამპანია გვერდების ჩაშვებამდე
მას შემდეგ, რაც გაიგებთ, რას ეძებენ პოტენციური მომხმარებლები, კამპანიისთვის ცალკე გვერდი შექმენით, რათა ყველაფერს ერთ სივრცეში მოუყაროთ თავი. აღნიშნული კარგად უნდა დაიგეგმოს, დიზაინიც სწორად უნდა შეირჩეს და გამოიცადოს შავი პარასკევის დადგომამდე. შემდგომ კი კამპანიის დაგეგმვის ფაზაში კონკრეტული თარიღები და დროები უნდა გაწეროთ იმისათვის, რომ ამ გვერდების ლაივში გაშვება ზუსტად დაემთხვეს გაყიდვების პერიოდს.
3. შექმენით მერჩენდაიზინგის ბანერები და ბეიჯები
რა ტიპის შეთავაზებების გაკეთებას აპირებთ წლევანდელ შავ პარასკევს? სტანდარტულად აქციებს ვებგვერდზე ათავსებთ თუ განსხვავებული შეთავაზებებიც გაქვთ? რა მიდგომაც უნდა აირჩიოთ, წინასწარ მომზადებული მერჩენდაიზინგის ბანერები და ბეიჯები მაინც დაგჭირდებათ თქვენი შეთავაზებების გასავრცელებლად. ამასთან, არც საიტის განახლება უნდა დაგავიწყდეთ და მრავალი აქტივი უნდა გქონდეთ გამზადებული სოციალური მედიისთვის, ელ.წერილებისა თუ ონლაინ რეკლამირებისთვის.
4. იზრუნეთ ლოიალობის მოპოვებაზე
შავი პარასკევის შეთავაზებების ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ მომხმარებლებს ერთჯერადად, სეზონურად იზიდავენ, შემდეგ კი ისინი აღარ ბრუნდებიან… ექსტრემალური ფასდაკლებები ერთდღიან ზრდას აჩვენებს გაყიდვებში, მაგრამ როგორ გახდებით მომხმარებლებისთვის უფრო ღირებული? უკვე უნდა დაიწყოთ თქვენი მონაცემთა ბაზებით სარგებლობა სეგმენტირებული შეტყობინებებისა თუ პერსონალიზებული რეკომენდაციებისთვის. ლოიალობის პროგრამის წევრებს ექსკლუზიური შეღავათები შესთავაზეთ და წინასწარ შეკვეთის საშუალებაც მიეცით. ხოლო შავი პარასკევის დასრულების შემდეგ, შეიმუშავეთ სტრატეგია მათ შესანარჩუნებლად, რათა ახალ-ახალი ვიზიტორები კვლავ შეიძინოთ.
5. წინასწარ მოამზადეთ საბაზისო საკითხები
ყოველთვის გარკვეულ ღელვას უკავშირდება შავი პარასკევის კამპანიების ჩაშვება, თუმცა ამ ღელვისგან თავი ცოტათი მაინც რომ დაიზღვიოთ, პრევენციული ნაბიჯები უნდა გადადგათ. მაგალითად, შეამოწმეთ ტექნიკური მხარდაჭერის გუნდთან თუ სხვა პროვაიდერებთან, როგორ გაუძლებენ დატვირთვას. ჩაატარეთ წინასწარ საიტის აუდიტი, რათა ისეთი საკითხები დაადგინოთ, როგორებიცაა გატეხილი ლინკები, შენელებული ჩატვირთვის დრო თუ ბაგები მობილურით გამოყენებისას. გადახედეთ და განაახლეთ FAQ ჩამონათვალი, მიწოდებისა თუ დაბრუნების შესახებ ინფორმაცია. ჩათვალეთ, რომ ეს ძირითადი სამუშაოა შავი პარასკევისთვის მოსამზადებლად ისე, რომ ამ საკითხებზე ისედაც მაღალი წნეხის ქვეშ მყოფი გუნდები აღარ შეაწუხოთ და დრო სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად დაგრჩეთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში შავი პარასკევი 28 ნოემბერს დგება.
marketer.ge