„ჩვენი ქვეყანა დღეს არის როგორც საშინაო პოლიტიკის მხრივ ჩიხში, ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით, აბსოლუტურად გაუგებარ, ბუნდოვან და წარმოუდგენელ ვითარებაში“, – ამის შესახებ რადიოგადაცემაში „360 გრადუსი“ ევროკავშირი – საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორი აღარ დარჩა და ასევე გაუარესებულია რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობის ხარისხი.
„დამისახელოს ნებისმიერმა ჩემმა კოლეგამ სამი ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ დღეს გვაქვს ნორმალური და გამართული ურთიერთობა. მე აღარ ვახსენებ უნგრეთს, იმიტომ, რომ 4 წელი ვიყავი ელჩი უნგრეთში და ამ თემას ახლა არ შევეხები. არ დაგვრჩა პარტნიორი ქვეყანა ევროკავშირში. 27 ქვეყანაში არ დაგვრჩა პარტნიორი. რომელ ქვეყანაში შეუძლია ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს რომ აიღოს ყურმილი და ნებისმიერ თემაზე დარეკოს?
ასევე ავიღოთ რეგიონი. თქვენ გგონიათ ურთიერთობის იგივე ხარისხია თურქეთთან, სომხეთთან ან აზერბაიჯანთან ან თუნდაც აზიის ქვეყნებთან? არა. მოდით, ამაზე ნუ ვიდავებთ. ყველა ის კონტაქტი და კომუნიკაცია, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან გვქონდა, აღარ გვაქვს. ეს რეალობაა.
ვინმე, ოდესმე წარმოიდგენდა, რომ ბალტიის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის ავანგარდში იყვნენ, ჩვენი ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს სანქციებს დაადებდნენ? კატასტროფული ვითარებაა“, – აღნიშნა ზვიად ჭუმბურიძემ.
წყარო: bpn.ge