როგორ პასუხობს საქართველო თხილზე გაზრდილ მოთხოვნას

მსოფლიო ბაზარზე თხილზე მოთხოვნა იზრდება, იმატებს ფასიც. გასულ წელთან შედარებით პროდუქტის ღირებულება 20-25%-ით არის გაზრდილი. თხილზე მზარდ მოთხოვნას დარგის ექსპერტები სამომხმარებლო ბაზარზე მიდგომების შეცვლით ხსნიან.
,,კომერსანტთან’’ საუბარში NUTS.GE-ს დირექტორი მამუკა ბერიაშვილი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ადამიანი უპირატესობას ნატურალურ და ბუნებრივ პროდუქტს ანიჭებს, რაც თხილზე მოთხოვნის ზრდას ხსნის.
,,თხილი ბუნებრივი და ნატურალური პროდუქტია. გამოიყენება მრავალი მიმართულებით. ამის გარდა მსოფლიოში მიდგომა შეიცვალა და ადამიანები არჩევენ ნატურალურ პროდუქტებს. გაზრდილია მოთხოვნა შოკოლადის კარაქზე, რომლის ინგრედიენტიც არის თხილი. თხილის ფქვილით ამზადებენ პურს. ასევე გამოიყენება უგლუტენო პროდუქტების წარმოებაში. ეს ყოველივე კი მსოფლიოში თხილზე მოთხოვნას ზრდის“, – აცხადებს მამუკა ბერიაშვილი.
გაზრდილი მოთხოვნის პირობებში თხილის რეალიზაციის პრობლემა მოხსნილია. თუმცა საქართველოში მოყვანილი თხილის ხარისხი კვლავ გამოწვევად რჩება. ფერმერები ამბობენ, რომ დასავლეთ საქართველოში მოსავლის ხარისხი მაისში ძლიერმა ქარებმა გააფუჭა. კვლავ პრობლემად რჩება ფაროსანა, რომელიც მოსავლის ხარისხს საგრძნობლად აფუჭებს. წელს თხილის ხარისხი კახეთი რეგიონში უკეთესია, ვიდრე დასავლეთის რეგიონებში.
მეთხილე ფერმერთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ოთარ შეროზია აცხადებს, რომ კარგი ვითარებაა იქ, სადაც პლანტაციები იწამლებოდა და ფაროსანას საწინააღმდეგოდ აგრო ღონისძიებები დროულად ჩატარდა. ხოლო იქ, სადაც შხამ-ქიმიკატებით წამლობა და სათანადო მოვლა ვერ ხერხდება, ფაქტობრივად თხილის მოყვანა შეუძლებელია.
,,კომერსანტთან’’ საუბარში ოთარ შეროზიამ იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც საქართველოში თხილის ხარისხს განაპირობებს.
,,რეგიონებში მუშახელის დეფიციტია. ხალხი არ არის რაიონში, რომ აგროკალენდარს მიჰყვნენ. არის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული დახმარება, მაგრამ მაინც იყო ხალხი ვინც ვერ შეწამლა და მიზეზი გახდა შესაწამლი აპარატების ნაკლებობა. კომერციულ პლანტაციებში ეს პრობლემა არ დგას და თხილის კარგი ხარისხია.’’- აცხადებს ოთარ შეროზია.
საქართველოში თხილის რეალიზაცია არც ერთ წელს ყოფილა პრობლემა. მთავარ გამოწვევად ხარისხთან ერთად ფასი რჩება. თხილის ფასს მოსავლის ხარისხი და ჯანსაღი გულის პროპორცია განაპირობებს. მოსავლის აღების დროს კულტურის ფასი დაბალია და პროცესის დასრულების შემდეგ იმატებს. სწორედ ამიტომ დარგის ექსპერტები შემნახავი, სათავსო და საშრობი მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ოთარ შეროზია აცხადებს, რომ შემნახველი და საშრობი მეურნეობები უნდა გაფართოვდეს, რათა მოსავლის აღების პროცესის დასრულების შემდეგ თვეებში გაზრდილ მოთხოვნას სათანადოდ ვუპასუხოთ და ბაზარს კარგად შენახული თხილი მივაწოდოთ.
,,როდესაც შემნახველ სათავსოებში სათანადოდ ინახება მოსავალი, შესაძლებელია ბაზრისთვის თანმიმდევრული მიწოდება. ეს შესაძლებელს გახდის უფრო მეტი ფასის პირობებში გაიყიდოს თხილი. შედეგად ფერმერის ყულაბაში მეტი თანხა დარჩება.’’- აცხადებს მეთხილე ფერმერთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი.
საქართველოში წარმოებული თხილის 50% ევროკავშირის წევრს ქვეყნებში გადის. მეორე ნახევარი კი ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში იყიდება. გაზრდილია ვაჭრობა ჩინეთთანაც. დარგის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ ჩინეთის ინტერესი ქართული თხილის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება. რაც სტრატეგიულ თანამშრომლობასა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას უკავშირდება. მათ აქვთ მოლოდინი, რომ ჩინეთი ქართულ თხილში უფრო მაღალ ფასს გადაიხდის ვიდრე ევროპა.

ასევე დაგაინტერესებთ