როგორ მუშაობს მე-3 ქვეყანაში სატვირთო გადაზიდვის ნებართვების ახალი სქემა? – ასოციაციის განმარტება

თურქეთის, სა და ყაზახეთის მიერ საქართველოსთვის გადმოცემულ მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისთვის სანებართვო დოკუმენტების გაცემა, რამდენიმე თვეა, ახალი წესით მიმდინარეობს და სქემის მეორე ეტაპიც ამოქმედდა. როგორც საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ნემსაძე “საქმიანი დილას” ეთერში აღნიშნავს, ახალი წესის ამოქმედებამ გადამზიდავთა ასოციაციებს აღნიშნული სამი ქვეყნის მიერ გაცემული ნებართვების ეფექტიან და მიზნობრივ განაწილებაში ეხმარებათ.
“წინა წლებში გაცემული ნებართვების 15-20% გამოუყენებელი რჩებოდა იმ დროს, როდესაც გადამზიდავთა ნაწილი ნებართვის მოპოვებას საერთოდ ვერ ახერხებდა. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ კი დააინიიცირა წესი, რომლითაც ნებართვების განაწილებაში თავად ასოციაციები ჩავერთეთ, რაც საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალურად მიზნობრივად გადავანაწილოთ მესამე ქვეყნის ნებართვები.
ვერ ვიტყვი, რომ პროცესი იდეალურად მიდის, თუნდაც იმიტომ, რომ მოთხოვნა შესაძლებლობას მნიშვნელოვნად აჭარბებს. მაგალითად, საქართველოში გადამზიდავად 16 000-მდე რეგისტრირებული ავტოტრანსპორტი გვყავს, ხოლო თურქეთი მესამე ქვეყნისთვის წელიწადში კვოტირებულად 6 000 ნებართვას გასცემს. თუ ჩავთვლით, რომ რეგისტრირებული 16 000 ავტომობილიდან მესამე ქვეყნის გადაზიდვებში მხოლოდ 1/3 მონაწილეობს და თითოეული წელიწადში მინიმუმ 5 ასეთ გადაზიდვას ასრულებს, გამოვა, რომ 25 000 ნებართვა მაინც გვჭირდება”, – ამბობს ირაკლი ნემსაძე.
მისი განმარტებით, ნებართვების განაწილებას ამჟამად საქართველოში მოქმედი სამი ასოციაცია ახდენს, რომლებიც გარდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს კრიტერიუმებისა, თავიანთი წევრებისგან კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც ითხოვენ.
“ნებართვების განაწილებისთვის კრიტერიუმებია დადგენილი, ერთი მხრივ სააგენტოს მიერ, რაც გულისხმობს, რომ გადამზიდავს ბოლო პერიოდში აღნიშნული მიმართულებით უნდა ჰქონდეს გადაზიდვები შესრულებული. მეორე მხრივ კი, სამი ასოციაციიდან თითოეულს თავისი შიდა კრიტერიუმებიც აქვს, რომლითაც განსაზღვრავენ, ვინ მიიღებს ნებართვებს. ასეთი კრიტერიუმი შეიძლება იყოს ავტოპარკის ქონა, გაცემული ნებართვების ეფექტურად გამოყენება, ალტერნატიული მიმართულებების მოძიების კოეფიციენტი და ა.შ.
კრიტერიუმები სხვადასხვა ეტაპზე იცვლება, რადგან მესამე ქვეყანაში გადაზიდვებს სეზონურობა ახასიათებს და მოთხოვნაც შესაბამისად იცვლება. მთავარი კრიტერიუმი მაინც ისაა, რამდენად ეფექტურად იყენებს გადამზიდავი მინიჭებულ ნებართვას”, – ამბობს ირაკლი ნემსაძე.
იგი აღნიშნავს, რომ კვოტების განაწილების დროს ასოციაციები ცდილობენ, მცირე და მსხვილ გადამზიდავებს შორის, რომელთა მიერ რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაც განსხვავდება, ბალანსი დაიცვან და ნებართვები კომპანიებზე წილობითად გასცენ.
ირაკლი ნემსაძე ასევე აღნიშნავს, რომ ახალმა წესმა ნებართვების გაცემის პროცესი უფრო გამჭვირვალე გახადა, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე.
“ნებართვების მუდმივ დეფიციტს ადრე თან ათასგვარი მავნე პრაქტიკა ახლდა: კორუფციული შეთანხმებები, ნებრთვების გაცემა გადამზიდავ კომანიებს შორის და მსგავსი დარღვევები. არსებობდა მოსაზრება, რომ საქართველოში ნებართვები შავ ბაზარზე გაიცემოდა. ახალმა წესმა ეს ყველაფერი უფრო გამჭვირვალე გახადა… არ არსებობს არავითარი უკანა კარი, საიდანაც ვინმემ შეიძლება გარკვეული პრეფერენციები მიიღოს”, – აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი.