ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა (DOJ) ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული ფაილები გამოაქვეყნა. მართალია, ე.წ. „ეპშტეინის ბიბლიოთეკა“ ტექნიკურად აკმაყოფილებს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოთხოვნებს, მაგრამ მომხმარებლის გამოცდილების (UX) კუთხით შედეგი სრული კრახია. თუმცა, არსებობს ალტერნატივა – Jmail.world, რომელიც ამ მძიმე და ქაოსურ არქივში ქექვის პროცესს ისეთივე მარტივს ხდის, როგორიც საკუთარი ელფოსტის შემოწმებაა. პროექტი ნოემბრიდან აქვეყნებს მსჯავრდებული სექსუალური მოძალადის მიმოწერებს ისეთ ფიგურებთან, როგორებიც არიან ნოამ ჩომსკი, სტივ ბენონი თუ კენ სტარი. უქმეებზე კი Jmail-ის მონაცემთა ბაზა ახლადგამოქვეყნებული მასალებითაც შეივსო.
რაილი უოლცმა და ლუკ იგელმა შექმნეს პლატფორმა, რომელიც ამ „სიბინძურის ჰიმალაის“ გამოსაკვლევად საუკეთესო გზაა. მათ გამოიყენეს ყველასთვის ნაცნობი ინტერფეისი – Gmail და მისი თანმხლები აპლიკაციები, მაგალითად Drive. რაც ყველაზე საინტერესოა, შემქმნელებმა სისტემაში ხელოვნური ინტელექტი, სახელად Jemini ჩააშენეს. ეს სვლა ერთგვარი პასუხია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაზე, თითქოს ხელნაწერი მასალებისა და მედიაფაილების ძიება „ტექნიკური შეზღუდვების გამო“ შეუძლებელი იყო. როგორც აღმოჩნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
Jmail-ის შექმნის იდეა ნოემბერში გაჩნდა, როცა ზედამხედველობის კომიტეტმა ეპშტეინის 20 000-გვერდიანი არქივი გამოაქვეყნა. უოლცმა და იგელმა ამ ქაოსურ PDF-ებში დიზაინის პრობლემა დაინახეს და ოპტიკური ამოცნობის ტექნოლოგიით (OCR) ტექსტი ეპშტეინის Gmail-ის ინბოქსის სიმულაციად აქციეს.
შედეგად გვაქვს სტანდარტული ინბოქსი „ვარსკვლავიანი“ ხატულებითა და დაჯგუფებული მიმოწერებით, რაც მომხმარებელს აიძულებს, ეპშტეინის ყოველდღიური ოპერაციების ბანალურობას მიადევნოს თვალი.
შესაძლოა იკითხოთ, რაში გვჭირდება ცალკე საიტი, როცა იუსტიციის დეპარტამენტს საკუთარი საძიებო სისტემა აქვს? პრობლემა ისაა, რომ ოფიციალურ პორტალს თან ახლავს გამაფრთხილებელი წარწერა, რომ ტექნიკური ლიმიტების გამო დოკუმენტების ნაწილი ელექტრონულად არ იძებნება. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ათასობით დასკანერებული გვერდი – სადაც ხშირად რეალური საიდუმლოებები იმალება – საძიებო სისტემისთვის უხილავია.
Jmail-ის გენიალურობა სწორედ ისაა, რომ მან მთავრობის მიერ ფორმალურად შესრულებული სამუშაო რეალურ, გამოსადეგ ინსტრუმენტად აქცია. იუსტიციის დეპარტამენტის სტრატეგიამ ფრაგმენტული არქივი შექმნა, სადაც სასიცოცხლო კონტექსტი ხშირად შავი ზოლების მიღმაა დაფარული. კონგრესმენ თომას მასის თქმით, ეს მიდგომა უხეშად არღვევს კანონის სულისკვეთებას. მონაცემები საჯაროა, თუმცა – მიუწვდომელი.




