ვაკანტური ტახტის დროს, როცა შემდეგი იერარქის არჩევნებზე საუბარი გარდაუვალი ხდება, მრავალი ქრისტიანი ჩაუფიქრდება ხოლმე კითხვას: მაინც ვინ ირჩევს პირველიერარქს? სინოდი თუ სულიწმიდა? თუ ორივე ერთად? და თუ ორივე ერთად, რა პროპორციით? ამაზე საუბრისთვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმონაზონ, პროფესორ ლეონიდე ებრალიძეზე უკეთსი არავინ გამახსენდა, სწორედ ამიტომ დავურეკე მას ლონდონში, სადაც ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეგზარქიაში მსახურობს და ვთხოვე ამ საკითხს ჩემთან ერთად ჩაღრმავებოდა.
პირდაპირ კითხვაზე გადავალ, საეკლესიო ტრადიციით, ეპისკოპოსისა თუ პატრიარქის არჩევისას, როგორ მონაწილეობს სულიწმიდა არჩევნებში? მარტივად რომ ვთქვათ, ვინ ირჩევს იერარქს – სული თუ სინოდი?
რა თქმა უნდა, ეს კომპლექური შეკითხვაა. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს არა როგორც გარე ძალა, ან სუპლიმენტი, არამედ როგორც ღვთის სუნთქვა. სემიტურ ენებში ღვთის სული სწორედ სუნთქვას უკავშირდება (Ruah). სხეული, რომელიც სუნთქავს ცოცხალია და ეს სიცოცხლე განუყოფელია მისი სუნთქვისგან. ამ სუნთქვით საზრდოობს და შთაგონებულია მთელი საეკლესიო სხეული და არა მისი რომელიმე კონკეტული ნაწილი, ვთქვათ ეპისკოპატი. ამდენად, თავად ეკლესია არის მანიფესტაცია ისტორიაში ღვთის ამ სუნთქვისა, მისი სიცოცხლისა.
საეკლესიო არჩევნებისას, იდეალურ შემთხვევაში, ეს მანიფესტაცია ხორციელდება ქარიზმების მეშვეობით. ეკლესიაში არსებობენ სხვადასხვა ქარიზმების მატარებელი ადამიანები. ყველაზე უტყუარი საზომი ხსენებულ ქარიზმათა ავთენტურობისა, არის არა მისი მატარებლის მიერ სხვათათვის საკუთარი ნიჭების განცხადება, არამედ ეკლესიის სხეულის მიერ ასეთ პიროვნებაში ცნობა ამ კერძო ნიჭებისა და მათი საზოგადო გამოყენების შესაძლებლობისა. ანუ, მარტივად რომ ვათქვათ: საეპისკოპოსო, საპატრიარქო თუ სხვა სახის საეკლესიო მსახურებაზე მოხმობილი კანდიდატი უკვე უნდა იყოს აღჭურვილი ღვთის სულის მიერ საჭირო ნიჭებით, ეს უნდა ცნოს მასში ეკლესიამ და მოუწოდოს მსახურებაზე. ჯერ არის ქარიზმა და შემდეგ მსახურება, პირიქით არ ხდება.
აქედან გამომდინარე და ამასთანავე, მნიშვნელოვანი არის ერთი ფუნდამენტური პრინციპი ამომრჩეველსა და ასარჩევში სულიწმინდის მოქმედებისა: იგი არ შლის, არ გარდაცვლის ადამიანის პიროვნულობას, პირიქით, იყენებს იმას რაც მასში უკვე არის და ამ მოცემულობას ავითარებს სრულყოფილებამდე. მაგალითად, მოციქულები, რომლებიც მეთევზეები იყვნენ, სულიწმინდის მიერ არ გარდაქმნილან დურგლებად ან იურისტებად. ისინი დარჩნენ მეთევზეებად, მაგრამ ღვთის სულმა, მათი ყოფითი ინსტიქტი, თევზის ბადეში მოქცევისა, განავითარა ადამიანთა ღვთის სიტყვის ბადეში მოქცევის არსებით სიმაღლემდე.
შესაბამისად, ღვთის სული არ ზღუდავს ამომრჩევლის თავისუფლებას, აირჩიოს უკეთესსა და უარესს შორის, მაგრამ მას სთავაზობს მისსავე საკუთარ პერსპექტივაში საუკეთესო ხედვას, სთავაზობს იმ ნიჭს, რასაც მოციქული პავლე სულთა განმრჩეველობას ეძახის. სთავაზობს, დაინახოს კანდიდატის ქარიზმები და ეკლესიის საჭიროებები, დაინახოს ამ ქარიზმებსა და საჭიროებებს შორის არსებული კორელაცია.
დავაზუსტოთ: შეგვიძლია მივიჩნიოთ თუ არა ნებისმიერი ეპისკოპოსი თუ პატრიარქი ღვთის მიერ უშუალოდ დანიშნულად?
ვფიქრობ, ნაწილობრივ ამ შეკითხვას უკვე გავეცით პასუხი. თუ ვიტყვით, რომ ყველა არჩევანი უშუალოდ სულიწმინდის მიერ არის განხორციელებული, მაშინ გაუგებარი გახდება ეკლესიის ისტორიაში ერეტიკოსების, სქიზმატიკოსებისა თუ სხვა ეთიკური შეუსაბამობების მქონე იერარქების არსებობა. ტელეოლოგიური თვალზასრისით, სულიწმინდა წარმართავს ეკლესიის ისტორიას მისი ტრიუმფალური მომავლისაკენ, მაგრამ უხეშად, თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ ერევა მის ცალკეულ მონაკვეთებში.
გვაქვს თუ არა პატრიარქობისა და იერარქების მემკვიდრეობით გადაცემის ეკლესიის მიერ შეწყნარებული შემთხვევები?
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი პრაქტიკა, საეკლესიო კანონიკით არის აკრძალული. ამასთან დაკავშირებით არსებობს დადგენილებები “დიდი სჯულის კანონში” და ალბათ მათ კომენტირებას ჩემზე უკეთესად საეკლესიო სამართლის სპეციალისტები გაართმევენ თავს.
კარგად რომ ავხსნათ, რატომ არის მნიშვნელოვანი სინოდის წევრთა არჩევანში არავის, მათ შორის, არც საერო ხელისუფლების ჩარევა?
ეკლესიის ისტორიაში უხვად მოიძებნება მაგალითები, გარე ძალების მხრიდან, საკუთარი ინტერესებისა და საჭიროებებისათვის კათედრებზე თავიანთი მომხრეების განწესების მცდელობებისა. ბასილი დიდის შეფასებით, ასეთი საქციელი ხელს უშლის სულიწმინდის მოქმედებას და, რა თქმა უნდა, წარმოადგენს უკიდურესად საშიშ პრაქტიკას, ეკლესის გაამსოფლიურებას.
ამასთანავე, არ უნდა წარმოვდიგინოთ, რომ ხელისუფლების ან მორწმუნე ერის ჩაურევლობა არის გარანტია სწორი არჩევანის გაკეთებისათვის. სავსებით პირიქით, ვფიქრობ, ორი სახის “ჩარევა” ქმნის მეტ პირობებს სწორი არჩევანის შესაძლებლობისათვის.
ნება მიბოძეთ, ავხსნა რას ვგულისხმობ ამ “ჩარევაში”:
“საქმე მოციქულთაში” მოთხრობილია, რომ სულიწმინდა სავლესა და ბარნაბას მოუწოდებს მსახურებაზე, მაშინ, როდესაც მათი საკრებულო ლოცვასა და მარხვაშია. ქრისტიანთა მხრიდან ლოცვა და მარხვა არის ყველაზე სწორი, ყვლაზე ჯანსაღი “ჩარევა” – დახმარება ეკლესიის ეპისკოპოსებისათვის, რათა უკეთესად დაინახონ ვის აქვს საჭირო ქარიზმები და უკეთესად გაიგონონ ხმა სული წმიდისა, თუ ვინ არის მსახურებაზე მოწოდებული.
მეორე “ჩარევა”, გულისხმობს მოსმენას. ამისი მაგალითი ისევ საქმე მოციქულთაში, მე-15 თავშია მოთხრობილი. იერუსალიმის კრებაზე, მოციქულები გულდასმით უსმენენ სხვადასხვა ჯგუფებს და მხოლოდ შემდეგ ღებულობენ გადაწყვეტილებას.
ჩვენს შემთხვევაში, ამ მოსმენის შესაძლებლობას ქმნის გაფართოებული კრება, სადაც ვფიქრობ, დელეგატებმა უნდა ისაუბრონ არა იმაზე, თუ ვინ ვინ არის და ვის ვინ მოსწონს, არამედ იმაზე თუ რა საჭიროებების წინაშე დგას ეკლესია და როგორი ქარიზმები სჭირდება მის ლიდერს ამ საჭიროებებთან გასამკლავებლად.
ზოგადად, ეპისკოპოსები საუბრობენ და ღვთის ერი უსმინეს მათ, ეს კრება კი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით არის გათვალისწინებული, მართლაც უნიკალური შესაძლებლობას ქმნის, ამჯერად ეპისკოპოსებმა მოუსმინონ ღვთის ერს და მათში მეტყველ სულიწმინდას და მათთან ერთად, ლოცვისა და მარხვის კონტესტში, შეიცნონ ის არჩევანი, რომელიც “სულსა ჯერ უჩნს”.
ესაუბრა ლევან სუთიძე