როგორ მოატყუეს არხიპოვებმა გურულები? – რუსების კოსმოსური ამბიციები შუხუთში

ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში ს მოქალაქეები კოსმოდრომ “კოლხიდას” გამშვები პუნქტის მშენებლობას გეგმავენ – ჟურნალისტური გამოძიება “აი ფაქტმა” მოამზადა.
იდეის ავტორები იულია და მარია არხიპოვები არიან. ისინი საქართველოში ში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩამოვიდნენ, ორი კომპანია დააფუძნეს, მიწები იყიდეს, ნაწილი კი მიითვისეს.
როგორ მოატყუეს არხიპოვებმა გურულები?
85 წლის თამაზ იმნაიშვილსა და 70 წლის დარეჯან კალაჯიშვილს ჩვენ შუხუთში 29 ივნისს შევხვდით. მოგვიყვნენ, როგორ იმედიანად უყურებდნენ რუს ინვესტორებს და ელოდნენ საწარმოს ამუშავებას.
“წავედით ნოტარიუსში, დაიწერა ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებაში ეწერა, რომ ამ რუსებს, იულია არხიპოვას და იმას, კიდევ მეორეს, ჰქონდათ ანგარიშზე 3.5 მილიონი. აქედან ჩვენს წარმოებაში უნდა ჩარიცხულიყო დაახლოებით 2.5 მილიონი, რომელიც უნდა მოხმარებოდა წარმოების გაფართოებას, გარემონტებას და ამუშავებას… ნოტარიუსთან ამ ხელშეკრულებას ვკითხულობდი მე და გვერდით მედგა აგინი და ვეუბნებოდი, დედა, რამდენი თანხა ჰქონიათ მეთქი და მართლაც კარგია, [საწარმოს] თუ აამუშავებენ-მეთქი,” – უყვება “აი ფატქს” დარეჯანი.
ამის სანაცვლოდ ძველმა მფლობელებმა წილების 51.55 პროცენტი უსასყიდლოდ დათმეს: 49 პროცენტი არხიპოვების სახელზე გადააფორმეს, 2.55 პროცენტი კი გელა ზოიძის სახელზე, როგორც შუამავალისა და მომლაპარაკებლის. ეს გარიგება ფოთში, ნოტარიუს მარინა ჯიქიას ბიუროში, 2022 წლის ივნისში შედგა. კომპანიის დირექტორად იულია არხიპოვა დაინიშნა.
ამ გზით არხიპოვებს უფლება მიეცათ განეკარგათ შპს “ლიმონის” საკუთრებაში არსებული ნახევარ ჰა-ზე მეტი მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.
ძველი მფლობელები ამ გარიგებიდან სამ-ოთხ თვეში მიხვდნენ, რომ არხიპოვები ძველი საწარმოს აღდგენას არ აპირებდნენ. მათსა და ე.წ. ინვესტორებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ახალმა მფლობელებმა ძველებს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.
“ერთხელ მივედი, არ მიშვებდნენ. რომ შევედი, დამესია ერთი შვიდი რუსი და გადი, გადი გარეთო მეუბნებიან. დედა შემაგინა, ცუდად გავხდი, როგორც თქვენთვის არაფერი მიკადრებია, ისე იმ ქალისთვის არაფერი მითქვამს. სასწრაფო დამჭირდა,” – გაიხსენა თამაზ იმნაიშვილმა “აი ფაქტთან” საუბრისას.
რადგან ახალი დირექტორი ძველ მფლობელებს არც ტერიტორიაზე უშვებდა, არც ელაპარაკებოდა და არც საწარმოს ამუშავების ნიშნები ჩანდა, ძველმა მფლობელებმა გადაწყვიტეს, იულია არხიპოვა დირექტორის პოზიციიდან გადაეყენებინათ. საჯარო რეესტრმა მათი განცხადება არ დაადასტურა, რადგან არხიპოვა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო. მან რეესტრში 2023 წლის ივლისში მიიტანა დოკუმენტი, რომლის წარმომავლობაც, ძველი მფლობელებისთვის, სადავო და საეჭვოა.
წილების დათმობიდან ერთი წლის თავზე, იულია არხიპოვას მიერ რეესტრში მიტანილ დოკუმენტში წერია, რომ არხიპოვები საკუთარ გონებრივ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს 30 მილიონ დოლარად აფასებენ და ამ ინტელექტს ჩადებენ კომპანიის მართვაში. სანაცვლოდ კი ძველმა მფლობელებმა მას უნდა მისცენ ერთპიროვნული მართვის უფლება და მის გადაწყვეტილებებში არ ჩაერიონ. ამ დოკუმენტში განსახორციელებელ მილიონობით ლარის ინვესტიციაზე არაფერი წერია. თუმცა, გვხვდება ჩანაწერი იმაზე, რომ ახალმა დირექტორმა უნდა დაფაროს კომპანიის ძველი ვალები და გაააქტიუროს ბიზნესი.
ეს დოკუმენტიც იმავე ნოტარიუსთანაა დამოწმებული, რომელთანაც არხიპოვებმა შპს “ლიმონის” მფლობელები 2022 წლის ივნისში მიიყვანეს. თუმცა, სადავოა ამ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერები და ამ დოკუმენტის შედგენის თარიღიც. დოკუმენტის რუსული ვერსია 2022 წლის 22 ივნისსაა შედგენილი, ქართული ვერსია კი 30 ივნისს. დარეჯანი და თამაზი ამბობენ, რომ ნოტარიუსთან მხოლოდ ერთხელ იყვნენ და დოკუმენტებსაც მხოლოდ ერთხელ მოაწერეს ხელი.
“-2.5 მილიონი ხომ უნდა ჩაედო წარმოებისთვის? თურმე 30 მილიონად შეფასებულა არხიპოვას ტვინი. რა ჯანდაბაში მაინტერესებდა იულია არხიპოვას ტვინი?
-მაგი ინტელექტს მოვაწერდით ხელს, როგორ ფიქრობთ თქვენ? მე ან დარიკო ინტელექტზე მოვაწერდით ხელს? ფულზე მოვაწერეთ ხელი, რომ მაგი დებს 2.5 მილიონს. მერე [დოკუმენტები] რომ მივიღეთ, შესწორებული იყო უკვე”, – ეუბნებიან დარეჯანი და თამაზი აი ფაქტს”.
წილების გადაცემიდან ერთი წლის დაგვიანებით რეესტრში შეტანილ დოკუმენტზე ძველი მეწილეების ხელმოწერები არაა ორიგინალი ვერსია, დოკუმენტს ეტყობა, რომ ის ასლია (დაქსეროქსებულია). როგორც წესი, ხელმოწერები ლურჯი კალმით სრულდება, ასე იყო დარეჯანისა და თამაზის მიერ ხელმოწერილ სხვა დოკუმენტებზე, რომელიც რეესტრშია ხელმისაწვდომი. მაგრამ ამ კონკრეტულ დოკუმენტზე მოცემულია ხელმოწერების ასლი შავ ფერში.
ჩვენ მარია და იულია არხიპოვას ვკითხეთ მიაჩნდათ თუ არა მათი ქმედება კომერციულ თაღლითობად. მათი პასუხია, რომ თაღლითობა არ ჩაუდენიათ და ძველი მფლობელების სიბრალულის გამო დათანხმდნენ ამ გარიგებას, თორემ თავად სხვა მიზნები ჰქონდათ.
“მათ მითხრეს, ყველაფერზე თანახმა ვართ, ოღონდ ქარხანა იყიდეთო. მაგრამ (შეთანხმების გაფორმების) მეორე დღესვე ქარხანაში მოვიდნენ ქართველი ნაციონალისტები და დაიწყეს ხმაურიანი კამპანია ჩემს წინააღმდეგ, როგორც “რუს ოკუპანტთან”. ყვიროდნენ, აწყობდნენ სკანდალებს… ჩვენ ეს ყველაფერი მივიჩნიეთ პროვოკაციად. მოვითხოვეთ ჩვენი ფულის დაბრუნება და მზად ვიყავით ქარხნის დასაბრუნებლად. ისინი დროს წელავდნენ. კონფლიქტის გამო, დროებით გავწყვიტეთ ინვესტიციები “ლიმონში”, დავაყენეთ დაცვა, საწარმო დაკონსერვდა რეკონსტრუქციისთვის და შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში,” – მისწერეს :აი ფაქტს” არხიპოვებმა.
იულია არხიპოვა, როგორც დირექტორი, თავის მოვალეობას არ ასრულებს. კომპანიის ძველი დავალიანება არ გადაუხდიათ, მიწაზე არსებული ყადაღა 2025 წლის 2 ივლისსაც ფიქსირდება. არც საწარმო აუმუშავებიათ, მხოლოდ დაცვის ჯიხური შეაკეთეს და იქაც უკრაინიდან ჩამოყვანილი რუსები დაასაქმეს. რუსები დღესაც იქ ცხოვრობენ, ტერიტორიაზე ძაღლები ჰყავთ გაშვებული და შიგნით არავის უშვებენ.
“ლიმონის” ძველი მფლობელები უკვე ორი წელია ცდილობენ, იულია არხიპოვა დირექტორის პოსტიდან გადააყენონ და თავისი ქონება დაიბრუნონ. მიმართეს პროკურატურას და სასამართლოს, დაიქირავეს იურისტები. თუმცა, ჯერ სასამართლო სხდომაც არაა დანიშნული და გაურკვეველია, რა ვადებში გადაწყდება ეს დავა.
თამაზს და დარეჯანს “აი ფაქტმა” გააცნო, სინამდვილეში, რისთვის უნდათ არხიპოვებს ეს მიწა. ის ვიდეოებიც ვაჩვენეთ, რომელსაც მარია თავის YouTube არხებზე აქვეყნებდა და რომელშიც აჩვენებდა “ლიმონის” ყოფილ საწარმოს, სადაც კოსმოდრომის ნაწილი უნდა მოეწყოთ. ამგვარი ვიდეოებით სავსეა არხიპოვას სოციალური მედიის ანგარიშები. დარეჯანს და თამაზს ვაჩვენეთ რის მშენებლობას აპირებენ და მოვუყევით მარია არხიპოვას ნამდვილი ამბავი, როგორ ჩამოვიდა საქართველოში, ვინ იყო სქესის შეცვლამდე და როგორ თანამშრომლობენ რუსული რბილი ძალის ორგანოებთან.
ამ საუბრის ბოლოს დარეჯანს თამაზთან მხოლოდ ერთი კითხვა ჰქონდა: “სა ნახე აი ხალხი, შე ოჯახაშენებულო?” საწარმოში რუსების ინვესტორებად შემოყვანა სწორედ თამაზის იდეა იყო.