ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Meta მოცემული დროისთვის მსოფლიოს ძვირად ღირებულ კომპანიებს შორის მე-7 ადგილს იკავებს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $1.5 ტრილიონს აჭარბებს. როგორც სხვა კომპანიების შემთხვევაში, Meta-ს აქციების ფასის ცვლილება დიდწილად მის მიერ ნაჩვენებ ფინანსურ შედეგებზეა დამოკიდებული, რაც კომპანიის წარმატების საზომია.
რამდენადაც Meta ცდილობს AI-ის თავის ძირითად პროდუქტებში დანერგვას, მისი შემოსავალი ახალ სიმაღლეებს აღწევს. 2024 წელს ტექნოლოგიურმა გიგანტმა მთლიანობაში თითქმის $165 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
წლიურ ჭრილში Meta-ს შემოსავალი 22%-ით არის გაზრდილი, რაც „შესანიშნავი შვიდეულის“ კომპანიებს შორის, რომელშიც მის გარდა Amazon-ი, Apple-ი, Alphabet-ი, Microsoft-ი, Nvidia და Meta შედის, მეორე საუკეთესო შედეგია. რაც შეეხება შემოსავლის მოცულობას, ამ მხრივ ის მე-5 ადგილს იკავებს.
Meta-ს შემოსავლების ძირითადი ნაწილი, $162.4 მილიარდი, რეკლამიდან და სხვა სერვისებიდან არის მიღებული. გასულ წელს ზრდაზე გავლენა იმანაც მოახდინა, რომ კომპანიამ რეკლამის ფასი 10%-ით გააძვირა.
სანაცვლოდ, ვერ ბრწყინავს Meta-ს გაფართოებული რეალობის განყოფილება Reality Labs, რომელმაც 2024 წლის განმავლობაში 17.7 მილიარდი დოლარის ზარალი დააფიქსირა. 2020 წლიდან განყოფილების ზარალმა უკვე $60 მილიარდს მიაღწია.
2024 წელს, Meta-ს კაპიტალურმა ხარჯებმა $39.2 მილიარდი შეადგინა და, როგორც ნავარაუდევია, მიმდინარე წელს ის 65 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ თავისი მზარდი AI-სარეკლამო ბიზნესის მხარდასაჭერად, Meta-მ გასულ წელს ექვსი მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო.
ამავდროულად, საოპერაციო შემოსავალი 48%-ით გაიზარდა და 69.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ნაღდმა ფულმა და ეკვივალენტებმა 77.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რამაც კომპანიას, მხოლოდ 2024 წლის მეოთხე კვარტალში, $1.3 მილიარდის დივიდენდების გადახდის საშუალება მისცა.
Meta-ს შემოსავლების უდიდესი ნაწილი, 38%, რაც $63.2 მილიარდს უტოლდება, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან არის მიღებული. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ბაზრიდან მიღებულმა შემოსავალმა $45 მილიარდი შეადგინა და მთლიან შემოსავლებში 27%-იანი წილით არის წარმოდგენილი. ევროპის წილი 23%-ს შეადგენს, რაც $38.4 მილიარდს უტოლდება.
