რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას მიერ “ვეფხისტყაოსნის” სკანდალად ქცეული დადგმის შემდეგ, გადავწყვიტეთ გაგვეხსენებინა, რუსთაველის უკვდავი პოემის ნაბეჭდი, პირველი ილუსტრირებული გამოცემა, რომელმაც საქართველოს კულტურას სამუდამოდ დაუკავშირა უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი, რომლის შემოქმედებაც ამ ილუსტრაციების მიღმა საკმაოდ “სკანდალური” აღმოჩნდა, ოღონდ ამაზე ცოტა მოგვიანებით…
“ვეფხისტყაოსნის” ზემოთ ნახსენები გამოცემა ეკუთვნის გიორგი ქართველიშვილს.

მის მიერ 1888 წელს გამოცემული პოემა დაასურათა მიხეილ (მიხაი) ალექსანდრეს ძე ზიჩიმ. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ კიდევ 1881 წელს შედგა “ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისია იონა მეუნარგიას თაოსნობით. კომისიაში მონაწილეობდნენ დიდი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გრიგოლ ორბელიანი, რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი პეტრე უმიკაშვილი და სხვები.
“ვეფხისტყაოსნის ქართველიშვილისეულ” გამოცემას აქვს გამომცემლობის საინტერესო მინაწერი:
“სურათების დახატვა ამ ტექსტისათვის იკისრა უსასყიდლოდ გამოჩენილმა მხატვარმა ზიჩიმ, რომელსაც ამ დავალებისთვის უსაზღვრო მადლობას ვუძღვნით. ზიჩის ხელით დახატულიდან ფოტო ცინკოგრაფიით ვენაში ანგერერმა გადაიღო, ფერადებიანი სურათი გაკეთებულია პეტერბურგს ბრეზეს ქსომოლითოგრაფიაში, არშიები, სათაური, ასოები და საბოლოები შეადგინა გრიგოლ ტატიშვილმა და ამოჭრეს პეტერბურგში ლემანმა და მეიმ. მხატვრობა ამ მორთულობისათვის გადმოღებულია ძველის მწერლობიდან და საქართველოს ციხე ეკლესიებიდან”.
ვინ იყო მიხაი ზიჩი?
მიხაი ზიჩი (1827-1906) იყო გამოჩენილი უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის იმპერატორის კარის მხატვრად მსახურობდა. ის ცნობილი იყო თავისი საოცარი ოსტატობით, დეტალებისადმი ყურადღებითა და დრამატული კომპოზიციებით.

მისი კავშირი საქართველოსთან 1880-იან წლებში დაიწყო, როდესაც ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა გადაწყვიტეს “ვეფხისტყაოსნის” ახალი, მდიდრული გამოცემის მომზადება.
“ვეფხისტყაოსნის” დასურათების ისტორია1881 წელს თბილისში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც პოემის ტექსტის დადგენა და მისი ილუსტრირება ევალებოდა. კომისიამ არჩევანი მიხაი ზიჩზე შეაჩერა.
მხატვარი საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით მიუდგა.
- კვლევა და ეთნოგრაფია
პოემის სულისკვეთების უკეთ აღსაქმელად ზიჩი საქართველოში ჩამოვიდა. ის მოგზაურობდა სხვადასხვა კუთხეში, სწავლობდა ქართულ ჩაცმულობას, იარაღს, არქიტექტურასა და ბუნებას.
- ცოცხალი მოდელები
ილუსტრაციებზე მუშაობისას ზიჩი ხშირად იყენებდა ცოცხალ ნატურას. მაგალითად, ცნობილია, რომ ის ქართველი თავად-აზნაურობის წარმომადგენლებს სთხოვდა პოზირებას, რათა პერსონაჟების სახეებისთვის ტიპური ქართული იერი მიეცა.
მიხაი ზიჩი, როცა ჩამოვიდა საქართველოში მას გენერალ ბიძინა ჩოლოყაშვილის მეუღლე ნინო წერეთელი გააცნეს.


ნინო მეტად ლამაზი ქალი იყო, სწორედ ის გახდა თამარ მეფისა და ნესტან დარეჯანის პროტოტიპი… ის ეხმარებოდა კიდეც ზიჩის სურათების შექმნაში – აუშენა სახელოსნო ქუთაისში, მოჰყავდა ნათესავები, რომლებიც განასახიერებდნენ ამ “ცოცხალ სურათებს”… და როდესაც 1888 წელს გამოვიდა ”ვეფხისტყაოსნის” პირველი გამოცემა, პირველი ეგზემპლარი თურმე სწორედ ნინოს მიართვეს დიდი პატივისცემის ნიშნად…


როგორც ცნობილია, ილუსტრაციაზე შოთას მიერ თამარისთვის “ვეფხისტყაოსნის” მირთმევა მხატვარმა შოთას სახე შეიქმნა ცნობილი ქართველი პოეტის მამია გურიელის, თავადისა – ვალერიან გუნიას, სეფე ქალებისა – თარხნიშვილების, ფაფანაკიანი კაცის – ანტონ წულუკიძის პროტოტიპებით.



პოემის პერსონაჟების პროტოტიპები კი არიან: თინათინის – მატრონა ქვარიანი-ქუთათელაძე, ნესტან დარეჯანისა – დესპინე ფაღავა და ნინო წერეთელი, ფრიდონისა – ჯაბა გურიელი, ფარსადანისა – ჯამბაკურ გურიელი, ტარიელისა – აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟი, პოეტი გიორგი შარვაშიძე, როსტევანისა – ქაიხოსრო ქაჯაია, ფატმანისა – მარიამ მირინაშვილი თუმანიშვილისა, დავარის – ქეთო წერეთელი დადიანისა, ასმათის – კატო ჯაფარიძე,









აღსანიშნავია, რომ ზიჩმა ამ გრანდიოზულ ნამუშევარში გასამრჯელოზე უარი თქვა. როგორც ირკვევა, მას თავიდან 14 ილუსტრაციის დახატვა სთხოვეს, თუმცა მან დახატა 34. მათგან ქართველიშვილისეულ გამოცემაში შევიდა 26.

- მხატვრული სტილი და მნიშვნელობა
ზიჩის ილუსტრაციები გამოირჩევა აკადემიური რეალიზმითა და რომანტიზმით. მან შეძლო რუსთაველის პერსონაჟების არა მხოლოდ გარეგნული დახვეწილობის, არამედ მათი ემოციური სიღრმის გადმოცემა.

- მთავარი მახასიათებლები
დინამიკა: საბრძოლო სცენები (მაგალითად, ქაჯეთის ციხის აღება) სავსეა მოძრაობითა და ენერგიით.

ემოციურობა: ავთანდილისა და ტარიელის შეხვედრის ან დამშვიდობების სცენები დრამატული და შთმბეჭდავია.
დეტალიზაცია: სამოსის ორნამენტები და იარაღის ფორმები მაქსიმალურად მიახლოებულია ისტორიულ რეალობასთან.

1888 წელს გამოიცა “ვეფხისტყაოსნის” ე.წ. ზიჩისეული გამოცემა, რომელიც ქართული წიგნის ხელოვნების ნამდვილ შედევრად იქცა.
“მე არასოდეს დამავიწყდება ის სიყვარული და პატივისცემა, რაც საქართველოში ვიგრძენი”, – წერდა მოგვიანებით მხატვარი.
ცნობილია, რომ მიხაი ზიჩის ინიციატივით, ბელა ვიკარმა “ვეფხისტყაოსანი“ უნგრულ ენაზე თარგმნა.
“სკანდალური” ზიჩი
მიხაი ზიჩის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქართული მემკვიდრეობა – ის 34 უსასყიდლო ნახატი, რომლებმაც “ვეფხისტყაოსანს“ ახალი სიცოცხლე აჩუქა, კლასიკად აღიარეს. მიუხედავად ამისა, მხატვრის პერსონა საქართველოში ცალმხრივად იყო წარმოჩენილი. იდეოლოგიური თუ ეთიკური მიზეზების გამო, ბიოგრაფები არ ახსენებდნენ მის ეროტიკულ ტილოებს. ეს “საიდუმლო“ 2003 წელს თბილისში გამჟღავნდა, როდესაც გოეთეს ინსტიტუტში ზიჩის უცნობი ნამუშევრები გამოიფინა. საზოგადოების ნაწილისთვის ირონიული, ეროტიკული შარჟების ხილვა იმდენად რთული მისაღები აღმოჩნდა, რომ ატეხილმა ხმაურმა ლამის გამოფენა ჩაშალა.




