როგორ ითამაშა კვარაცხელიამ? – რა არ შეცვლილა იტალიიდან საფრანგეთში და სადაა მისი ადგილი…

პსჟ-ში ს სადებიუტო მატჩში იმაზე მეტი ვნახეთ, ვიდრე ველოდით. თითქმის ერთთვიანი უთამაშებლობისა და გუნდში არც ისე დიდი ხნის
ყოფნის მიუხედავად, მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ქართველს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება სრულად მისცა.
“ნაპოლიში” და ახლა დებიუტი საკმაოდ განსხვავებული იყო და ეს მატჩის შედეგს ან ჩვენებურის გოლს არ ეხება. მაშინ ჯერ კიდევ უცნობმა ბიჭმა მილიონობით გულშემატკივარი თამაშის საკუთარ თავზე აღებითა და დრიბლინგებით მოხიბლა. ხვიჩა იტალიაში გუნდურად ცოტა ზედმეტადაც გაზარდეს და ინდივიდუალურობას იმაზე მეტი დოზით აღარ ცდილობს, რამაც შესაძლოა, საერთო ინტერესები დააზარალოს.
თანაც, “კვარას” პასის კულტურა განვითარებული მაღალ დონეზე აქვს. მაშინ, როცა ამხელა ყურადღების ქვეშ ხარ, წარუმატებელი დრიბლინგი ან დაკარგული ბურთი არასასურველია. ბუნებრივია, გარკვეული სადებიუტო მღელვარებები მაინც შეინიშნებოდა.
რაც საფრანგეთშიც არ იცვლება, ხვიჩას შეჩერება ჯარიმის გარეშე უჭირთ და მის წინააღმდეგ გაფრთხილებასაც იღებენ. კვარაცხელიამ რაც არ უნდა გაიმეოროს, მსაჯებთან კამათია. ის ჯერ აქაურ გარემოს კარგად არ იცნობს. მნიშვნელოვანია, როგორც ყოფილი დამრიგებელი იური სიომინი პირადად ეუბნებოდა, როცა მასზე დაჯარიმდებიან, ადგეს და თამაში განაგრძოს.
ყველაზე საინტერესო და აქტუალური ხვიჩასთვის პოზიციის შერჩევაა. ისე ჩანს, ფეხბურთელი მაქსიმალური თავისუფლებით კმაყოფილია.
ოღონდ, ადგილების დაგანაცვლება თუ მინდორზე რაოდენობრივად ბევრი შემტევის ყოლა აუცილებლად უფრო შინაარსიან და მრავალფეროვან ფეხბურთს არ გულისხმობს. ასევე, სასურველი იქნება, თუკი ნახევარდაცვის ბირთვი ჩამოყალიბდება და “კვარა” მათთან შეთამაშდება. მალე ვნახავთ, ფლანგზე მენდეშთან კომბინირებას რა მასშტაბზე აიყვანს. იმასაც უკეთ გავიაზრებთ, “ნაპოლიში” ოლივერასთან რა იყო შეუძლებელი, მითუმეტეს, როცა ფლანგზე ჟესუსის ტიპის ფეხბურთელსაც კი იყენებდნენ.
ხვიჩა კვარაცხელიას მართლაც აქვს გამთამაშებლის უნარები, მინდვრის ხედვა და ამ პოზიციიდან ორი მაგარი პასი ამ შეხვედრაშიც გააკეთა. “კვარას” ფორვარდობის გამოცდილებაც და უნარებიც გააჩნია, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავევები არსებობს. როცა “შვიდიანი” ფლანგზეა, ის დრიბლინგზე და თამაშის პირადად გამწვავებაზეა ორიენტირებული. “ათიანის” შემთხვევაში ფეხბურთელს “ზურგიდან ხედვაც” ერთვება, ის ბურთს ყოველთვის სახით კარისკენ ვერ მიიღებს, უნდა აკონტროლოს ტემპი… რაც შეეხება ფორვარდობას, სადაც პსჟ-ს ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებშიც გვინახავს. ჩვენ შეჩვეულები ვართ და მოგვწონს, ხვიჩას ბურთით ხშირად რომ ვხედავთ. როცა ის ყველაზე წინ იქნება, შესაძლოს, პასებით სათანადოდ ვერ მოამარაგონ, ანაც ტაქტიკური მოძრაობა მეტად დასჭირდეს, რაც გზას სხვებს გაუხსნის. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. ცრუფორვარდის არსი ფეხბურთელების ცვლილებას გულისხმობს და ამ ადგილას სხვადასხვა აღმოჩნდება. თავის მხრივ, კვარაცხელიას მარჯვნიდანაც შეტევაც შეუძლია.
ხვიჩას თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობა აქვს, ასე ჩანს. ის პოზიტიური ბიჭია. ეგაა, ასეთი კონკურენციის პირობებში, ეგოიზმი იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, დემბელე შეჩვეულია, რომ შეტევების უმეტესობა მარჯვნიდან ვითარდებოდა, ახლა კი ფლანგები მეტადაა დაბალანსებული. მნიშვნელოვანია, ქართველს ბარკოლასთან ერთად თამაშის საშუალება მაქსიმალურად სწრაფად მიეცეს. მარცხენა ფლანგისა და ფორვარდის პოზიციაზე ისინი უნდა გადანაწილდნენ. ერთიცაა, ბარკოლას არ აქვს გამთამაშებლის ის უნარები, რაც “კვარას”, ჩვენებურს კი რელიზებაზე მეტი მუშაობა მოუწევს.
პსჟ-ს გაშვებულ გოლს რაც შეეხება, რასაც სხვადასხვა მოსაზრება მოჰყვა: დღეს ფეხბურთი ერთფეროვანი იმიტომაც გახდა, დრიბლიორებს ეუბნებიან, უმთავარესია, ბურთი არ დაკარგოო. ამაზე ფიქრი ხვიჩასაც უწევს. ხსენებულ ეპიზოდში ბურთის დაკარგვა არ ყოფილა, “კვარამ” კარში დაარტყა და მეკარემ სწრაფი შეტევა დაიწყო, გუნდი კი მინდორზე კარგად გადანაწილებული არ ყოფილა.
ხვიჩას ვარსკვლავური გამონათებები გოლის დროს აშკარად იყო. ის უბრალოდ ადგა და ყველაფერი შექმნა – ლამაზად, დახვეწილად, შემოქმედებითად და შედეგიანად. კვარაცხელია ამას კიდევ ბევრჯერ შეძლებს. განცდა ნამდვილად ასეთია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ ძალიან ბევრია!
პსჟ-ს 7 თებერვლის ჩათვლით 3 ტურნირზე ოთხი შეხვედრა აქვს. 29 იანვარს ჩვენებური ჩემპიონთა ლიგაზე რომ არ იქნება (პლეი-ოფამდე) ვიცით. შემდეგ ჩემპიონატში “ბრესტი”, თასზე “ლე მანი” და “მონაკოსთან” დიდი დაპირისპირებაა!..