მოდი, დავიწყოთ იმით, რომ იმედი გვაქვს, ეს სტატია არასოდეს დაგჭირდებათ, თუმცა თუკი დროდადრო მაინც გაგიელვებთ ხოლმე აზრი, რა მოხდება, თუკი ყველაფერი ისე არ წავა, როგორც გვსურს, თქვენ გვერდით იგულეთ HBR-ის რჩევები.
გარემოებები კი მრავალნაირი შეიძლება იყოს. სამსახურის შეთავაზება შეიძლება შეიცვალოს, შეყოვნდეს. თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება მოხდეს გაფრთხილების გარეშე. პრომოაქციები შეიძლება შეფერხდეს ისეთი პირობითი ფაქტორების უეცარი ცვლილებებით, როგორიცაა ფინანსური მაჩვენებლები, ინდუსტრიაში განვითარებული მოვლენების დაჩქარება და თუნდაც, სამართლებრივი ცვლილებები.
წინასწარ განსაზღვრული სარეზერვო გეგმის შემუშავება საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ სიმყარე კარიერული ბუნდოვანების მიუხედავად. მნიშვნელოვანია იცოდეთ ისიც, რომ სარეზერვო გეგმები არ არის წარუმატებლობის ნიშანი. ისინი საშუალებას გაძლევთ დაფიქრდეთ გაზომილ, წინასწარ განსაზღვრულ პასუხზე, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში რეალურ დროში შეძლებთ ადაპტირებას. უარესი სცენარის გათვალისწინებამ შეიძლება გაგიხსნათ თქვენი მიზნებისკენ მიმავალი ალტერნატიული გზა. აი, როგორ შეგიძლიათ შეადგინოთ სარეზერვო გეგმა:
როგორია ყველაზე უარესი სცენარი?
თქვენი კარიერის განმავლობაში შესაძლოა, იყოს მომენტები, როდესაც მოულოდნელად მნიშვნელოვანი წარუმატებლობის წინაშე აღმოჩნდებით. ყველაზე ცუდ სცენარზე ფიქრი არ არის იმისთვის, რომ ზედმეტად ფრთხილი იყოთ ან შეჩერდეთ. ეს არის ერთგვარი ვარჯიში, რომელიც საშუალებას გაძლევთ მშვიდად და სტრატეგიულად იფიქროთ იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდებოდით გამოწვევას, თუ რაიმე არასასიამოვნო მოხდებოდა. ეს არის უსაფრთხოების ბალიში შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
დაიწყეთ კარიერული ცვლის დაგეგმვით. მაგალითად, თუ თქვენ დაასრულეთ ინტერვიუების ბოლო რაუნდი თქვენი საოცნებო როლისთვის და წარმატებით მოაგვარეთ თქვენი დასაქმების პირობები, ყველაზე ცუდი შედეგი შეიძლება იყოს შეთავაზების გაუქმება, სანამ მუშაობას დაიწყებთ. ან თუ დაიწყეთ ახალი სამსახური, ყველაზე ცუდი შედეგი შეიძლება იყოს უეცარი გათავისუფლება, გამოსაცდელი პერიოდის დასრულებამდე…
დააზუსტეთ, რა არ ექვემდებარება განხილვას თქვენთვის
მოლაპარაკება რთული პროცესია, ამიტომ უნდა იცოდეთ, რისი მიღება გსურთ. უნდა იცოდეთ, რა არის თქვენთვის აუცილებელი მაქსიმუმი და რაზე ნაკლებს არ შეიძლება დათანხმდეთ. ამის გარკვევა დაგეხმარებათ გაიაზროთ, როგორ წარმართოთ მოლაპარაკება და შესაბამისად დაგეგმოთ ნაბიჯები.
განსაზღვრეთ დაბრკოლებები, რომელთაც შეიძლება წააწყდეთ
ეს არის თეორიული ვარჯიში, რომლის შესრულებაც შეგიძლიათ 10 წუთში. გადახედეთ, როგორია ყველაზე უარესი სცენარის აღწერა და გააფართოვეთ ის გამოწვევები, რომელთა მოგვარებაც სწრაფად გჭირდებათ.
მაგალითად, თუ თქვენ ქმნით სარეზერვო გეგმას დასაქმების შეთავაზებისთვის გაუქმებასთან დაკავშირებით. ასეთ დროს, დაბრკოლებები შეიძლება იყოს:
* ნეგატიური გავლენა თქვენს თვითშეფასებაზე
* სიტუაციის ახსნა სხვებისთვის
* სამუშაოს ძიების განახლება
ზედმეტად ნუ იფიქრებთ ამაზე – უბრალოდ დაწერეთ ის გამოწვევები, რომლებიც მაშინვე გახსენდებათ, როდესაც ყველაზე უარეს სცენარს განიხილავთ.
შეაფასეთ თქვენი ვარიანტები და განიხილეთ, რა სახის მხარდაჭერა შეიძლება დაგჭირდეთ
დაიწყეთ შეკითხვით: თუ მე ვარ ასეთ სიტუაციაში [ამ ადგილას ჩაწერეთ დაბრკოლება], რა იდეები მაქვს, როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯები?
არ იფიქროთ, უბრალოდ დაწერეთ. ეს არ უნდა იყოს ვრცელი დოკუმენტი (უფრო პუნქტები), მაგრამ მისი ჩაწერა მნიშვნელოვანია – თუ რამე მოულოდნელად არასწორედ წარიმართება, ემოციები მოგეძალებათ და შეიძლება გაგიჭირდეთ გახსენება. ასეთ დროს ჩანაწერს მოიშველიებთ.
ჩამოწერეთ ყველა მოსაზრება და მოინიშნეთ პრიორიტეტული იდეები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ წინ წახვიდეთ. მაგალითად, თუ სხვა სამსახურში გადახვალთ და შეთავაზება გაუქმდება, შეგიძლიათ დამოუკიდებელ რეკრუტერს მიმართოთ და მისგან მიიღოთ რჩევა.
თუ გიჭირთ ფიქრი, თუ რას გააკეთებდით თეორიული დაბრკოლების მოსაგვარებლად, ჩაწერეთ სამი ადამიანის სახელი, რომლებმაც მსგავსი რამ განიცადეს. თუ დრო მოვა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და ჰკითხოთ, თუ როგორ გაუმკლავდნენ იმ სიტუაციას და რა ისწავლეს გამოცდილებიდან.
აქციეთ ჯანმრთელობა პრიორიტეტად.
ამ პროცესზე მუშაობისას გახსოვდეთ, რომ დატოვოთ ადგილი საკუთარი თავის მოვლისთვის. მოემზადეთ, რომ იყოთ კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ, თუ თქვენი სარეზერვო გეგმის განხორციელება დაგჭირდებათ. როდესაც თქვენი სტრესის დონე პიკს აღწევს, თქვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესების შანსი იზრდება. გააუმჯობესეთ ძილი, ხოლო რეგულარული ვარჯიშით ენდორფინის დონეს აიმაღლებთ და დაბრკოლებების გადასალახად მეტი რესურსი გექნებათ.
წყარო: HBR