როგორ ეხმაურებიან „ოცნების“ დეპუტატები აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას

რუსული კანონის მხარდამჭერი „ქართული ოცნების“ დეპუტატები -ის მიერ სავიზო სანქციების დაწესებას ეხმაურებიან.
როგორც ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, სანქციების მიზანი ოპოზიციის გაცოცხლებაა, თავად კი ეამაყება, რომ საკუთარ ქვეყანას „ემსახურება“.
„სანქციებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია და აზრი ნამდვილად არ შემიცვლია. თუმცა, ამ ყველაფერში რაიმე “პოზიტიური” თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე, ხოლო ვის და რატომ ჭირდება ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი ოპოზიციის გაცოცხლება , ამ კითხვაზე პასუხი, მგონი, უკრაინის ომის შემდეგ ნათელი გახდა..
მეამაყება, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას!“, – წერს წილოსანი.
რუსული კანონის მხარდამჭერი კიდევ ერთი დეპუტატის, ს განცხადებით, ჯერ არ იცის თავად მოჰყვა თუ არა სავიზო სანქციების ქვეშ. თუმცა მისი თქმით, სანქციების დაწესება კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ რუსული კანონის მხარდამჭერები „აბსოლუტურად სწორად“ მოიქცნენ.
„მე არ ვიცი, პირადად მე მეხება თუ არა ეს “სანქცია”, მაგრამ თუ მეხება ან მომავალში შემეხება, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით მეც და “ქართული ოცნების” ყველა დეპუტატიც. მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს!
P.S. ისა და, ბლინკენს ახლა გაახსენდა, სანქცირებულის ვინაობის გასაჯაროება რომ არ შეიძლება? მოსამართლეების დასანქცირებისას არ ახსოვდა ეგ საკითხი?“- წერს ირმა ზავრადაშვილი სოციალურ ქსელში.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის, გიორგი ჩაკვეტაძის თქმით კი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მიერ სანქციების გამოცხადების შემდეგ, „ყველაფერი უფრო გასაგები გახდა“.
„კანონისთვის ხმის მიცემის გამო პარლამენტარის დასანქცირება არ გამოვიდოდა და:
დემოკრატიის უგულებელყოფა;
შეკრების თავისუფლების დარღვევა;
სამოქალაქო სექტორზე თავდასხმა;
დეზინფორმაცია და რიტორიკა.
ეს საფუძვლები მოიშველია მეთიუ მილერმა. რომ ვუსმენდი, მეგონა 2003-2012 წლებზე საუბრობდა… ყველაფერი კიდევ უფრო გასაგები გახდა“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ჩაკვეტაძე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რამდენიმე ათეულ ადამიანს დაუწესა სავიზო შეზღუდვა. ამის შესახებ დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე.
მილერის თანახმად, საუბარია დაახლოებით 20-30 ადამიანზე, რომელთა შორის არიან “ქართული ოცნების” წევრები, პარლამენტარები, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები და კერძო მოქალაქეები.
მილერის თანახმად, შეზღუდვები უწესდებათ მათ, ვინც საქართველოში ჩართული არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ძალადობაში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინების კამპანიაში.
მეთიუ მილერის განცხადებით, ეს არის პირველი ტრანში. მისი თქმით, სავიზო სანქციები უწესდებათ სიაში მოხვედრილების ოჯახის წევრებსაც.

ასევე დაგაინტერესებთ