როგორ ეხმარება ევროკავშირი წევრობის ახალ კანდიდატებს

ევროკავშირისგან ნებისმიერი სახის დახმარება ეფუძნება მკაცრ პირობითობას და დაკავშირებულია რეფორმების დამაკმაყოფილებელ პროგრესთან, იქნება ეს კანონის უზენაესობა, ეფექტური დემოკრატიული მექანიზმების განვითარება თუ ადამიანის უფლებების პატივისცემა.
სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მოსდევს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას უფრო მეტი ფინანსური მხარდაჭერის მიღება – ქვეყანა ვალდებულია, უფრო მეტი რეფორმა გაატაროს და სექტორები ევროკავშირს დაუახლოოს, რაც შესაძლებელი, მათ შორის, სწორედ მიწოდებული დახმარებით ხდება.
ევროკავშირი მოლდოვის ყველაზე დიდი ფინანსური მხარდამჭერია. ბლოკი მოლდოვაში აფინანსებს სოციალურ-ეკონომიკურ სექტორსა და რეფორმებს სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. 2021 წლიდან დღემდე მოლდოვას ევროკავშირისგან €2.2 მილიარდის გრანტები და სესხები აქვს მიღებული. ეს მოიცავს როგორც პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას, ისე მაკროფინანსურ მხარდაჭერას, ევროკავშირის პროგრამების დაფინანსებას და სხვა.
ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) ფარგლებში, რომელიც მეტწილად საჯარო პოლიტიკის პრიორიტეტების მხარდაჭერასა და მათში ინვესტიციას გულისხმობს, ევროკავშირმა მოლდოვას €1.5 მილიარდი გამოუყო, რომლის 30%-ზე მეტი პირდაპირი გრანტი იყო.
ამასთან, 2024 წლის ივლისში, გაწევრიანების მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყების შემდეგ ევროკომისიამ მოლდოვისთვის მორიგი, €72.5 მილიონიანი მხარდაჭერის გადაცემა გამოაცხადა.
ევროკავშირი მოლდოვის უდიდესი სავაჭრო პარტნიორიცაა და მხოლოდ 2023 წელს ვაჭრობის მოცულობამ €7.2 მილიარდი შეადგინა. მოლდოვის ვაჭრობის სფეროს 53.7% სწორედ ევროკავშირზე მოდის და ქვეყნის საექსპორტო საქონლის 65.4% სწორედ ევროკავშირის ბაზარზე იყიდება.
ევროკავშირი ბოსნია-ჰერცეგოვინას შემთხვევაშიც ფინანსური დახმარების უდიდესი მიმწოდებელი და მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
2021-23 წლებში ეროვნული პროგრამებისთვის ბოსნიამ ევროკავშირისგან €256 მილიონზე მეტი მიიღო. 2022 წელს ევროკავშირის პირდაპირმა ინვესტიციებმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში €5.3 მილიარდი შეადგინა.
ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) ფარგლებში ევროკავშირისგან ბოსნიამ უკვე მიიღო €3 მილიარდზე მეტი, საიდანაც თითქმის მესამედი, €934 მილიონი პირდაპირი გრანტი იყო.
მხოლოდ 2023 წელს ევროკავშირთან ვაჭრობის შედეგად ბოსნიის სასაქონლო ბრუნვამ €15.1 მილიარდი შეადგინა.
2014-2023 წლებში ბოსნია და ჰერცეგოვინაში სამოქალაქო სექტორმა ევროკავშირისგან €45-მილიონიანი მხარდაჭერა მიიღო.
ბოსნიასთან ერთად, რომელიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ევროკავშირის ყველაზე ახალბედა კანდიდატია, სტატუსი რეგიონის სხვა ქვეყნებს უფრო მეტი ხანია აქვთ. ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და კოსოვო (როგორც პოტენციური კანდიდატი) უკვე ათწლეულზე მეტია ევროკავშირისგან სხვადასხვა სახის დახმარებას იღებენ. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პარტნიორობასთან, კანდიდატის სტატუსთან და რეფორმებთან, რომლებსაც მთავრობები (არ) ატარებენ.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვის 2/3 სწორედ ევროკავშირზე მოდის და 66.7%-ს შეადგენს. მხოლოდ 2023 წელს რეგიონთან ევროკავშირის სასაქონლო ბრუნვამ €82.1 მილიარდი შეადგინა.
2024 წლის მაისში ევროკავშირის ქვეყნები დამატებით შეთანხმდნენ დასავლეთ ბალკანეთისთვის ახალი, €6-მილიარდიანი დახმარების გადაცემაზე, რომელიც რეგიონს 2027 წლამდე ნაწილ-ნაწილ მიეწოდება. მხარდაჭერის მესამედი პირდაპირი გრანტია, ხოლო დანარჩენი სესხი. ამგვარი ფინანსური დახმარება კი უკვე ათწლეულებია გრძელდება ევროკავშირის კანდიდატი რეგიონისთვის.
ბალკანეთი ასევე კარგი მაგალითია, თუ რა პირობებით ეხმარება ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებს. ევროკავშირის დახმარება, განსაკუთრებით არაწევრი სახელმწიფოებისთვის, პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყანაში რეკომენდებული რეფორმების შესრულება-არშესრულებასთან და დემოკრატიულ პროცესებთან.
რეფორმების შეფერხებისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო ევროკავშირმა არაერთხელ გადაავადა ან შეაჩერა დახმარება მაგალითად ჩრდილოეთ მაკედონიისთვის 2020 წელს, ალბანეთისთვის 2022, სერბეთისთვის უკვე რამდენჯერმე და ასე შემდეგ.
ეს მაგალითები კიდევ ერთხელ პასუხობს კითხვას, უპირობოდ უნდა “ცვიოდეს თუ არა ფული” ევროკავშირის წევრობის კანდიდატებისთვის და პასუხს ანალოგი აქვს საქართველოსთვისაც.
ევროკომისიის ინფორმაციით, 2019-2024 წლებში პირდაპირი დახმარების სახით საქართველომ ევროკავშირისგან დაახლოებით €564 მილიონი მიიღო. აქედან საქართველოს მთავრობამ და საჯარო სექტორმა €517.85 მილიონი, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა – €46.1 მილიონი.
ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) ფარგლებში 2021 წლის შემდეგ საქართველომ ასევე მიიღო €1.9 მილიარდის ინვესტიციაც, საიდანაც €205 მილიონი გრანტი იყო.
გარდა ამისა, ევროკავშირი ასევე იყო საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორიც და მხოლოდ 2023 წელს სასაქონლო ბრუნვამ €4.4 მილიარდი შეადგინა.
საქართველო ცალ-ცალკეც წლების განმავლობაში იღებდა და იღებს ფინანსურ დახმარებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგანაც.
ამასთან, საქართველო ევროკავშირის მიერ პრიორიტეტად მიერ მიჩნეული პროექტებისთვის (კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, საზოგადოების ინკლუზიურობა და სხვა) 2021-2024 წლებში ყოველწლიურად €85 მილიონის დახმარებას იღებდა. ლოგიკურად, ეს თანხა ნაწილობრივ უნდა მოხმარებოდა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასაც.
უცხოური გავლენების შესახებ რუსული კანონის მიღება, და არა მხოლოდ, დასავლეთიდან არაერთი სახის საბიუჯეტო დაფინანსების შეჩერების მიზეზი გახდა. კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი €30 მილიონი უკვე გაყინა. ევროკავშირის გადაწყვეტილებას, შეეჩერებინა საბიუჯეტო დაფინანსების ნაწილი, ასევე მოჰყვა დანიის მიერ, დაახლოებით, 28 მილიონი ლარის ოდენების დახმარების შეჩერებაც. ამას გარდა, ათობით მილიონი დოლარის დახმარება ასევე შეაჩერა -მაც.
დასავლეთთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან დაახლოება და პარტნიორობა არ ნიშნავს ქვეყანაში “ფულის ცვენის” დაწყებას, როგორც ამას ქართული ოცნების ლიდერები უწოდებენ. მხარდაჭერის თითოეული ინიციატივა დაკავშირებულია თავად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე – საქართველოს შემთხვევაში, მათ შორის, ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებასა და ანტიდემოკრატიული პოლიტიკის შეჩერებაზე. ხელისუფლების პროპაგანდა კი მხოლოდ საკუთარი ხელით გაფუჭებული ურთიერთობის პირობებში ევროკავშირის დემონიზებას ემსახურება.
წყარო: ტაბულა