როგორ ებრძვიან ვენეციასა და პორტუგალიაში ოკეანის პლასტმასით დაბინძურებას

ვენეციის ცნობილი არხები დაბინძურების მზარდი პრობლემის წინაშეა. მას შემდეგ, რაც პლასტმასის შემცველი ნარჩენები წყალში აღმოჩნდება, მისი ამოღება წარმოუდგენლად რთულია. რატომ არის პლასტმასა ასეთი საშიში და რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემასთან საბრძოლველად.
ყოველ წუთს ჩვენს ოკეანეებში პლასტმასით სავსე ერთი სატვირთო მანქანის ეკვივალენტი შეედინება. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ 2040 წლისთვის პლასტმასის ნარჩენები ჩვენს ზღვებში შეიძლება სამჯერ გაიზარდოს, რაც საფრთხეს უქმნის საზღვაო ეკოსისტემასა და პოტენციურად ჩვენს ჯანმრთელობას. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ პლასტმასის მიკრონაწილაკები ადამიანის სისხლში, მეძუძური დედების რძესა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში აღმოჩნდა, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ჯანმრთელობის გრძელვადიან შედეგებთან დაკავშირებით.
პლასტმასასთან დაკავშირებული პრობლემები
პრობლემა იმაზე უფრო ღრმაა, ვიდრე ზედაპირზე ვხედავთ – პლასტმასის დიდი ნაწილი ზღვის ფსკერზე იძირება. ისეთ ადგილებში კი, როგორიცაა ვენეციის ისტორიული არხები და ლაგუნები, ძველი საბურავები, სათევზაო ბადეები და პლასტმასის ყუთები საგანგაშო რაოდენობით გროვდება და ნელ-ნელა მავნე მიკორნაწილაკებად იშლება.
წყალქვეშიდან ნარჩენების გაწმენდა ადვილი საქმე არ არის. ამღვრეულ წყლებში, პროფესიონალი მყვინთავებიც საყურადღებო რისკების წინაშე არიან, ამასთან, მათი მომსახურება საკმაოდ ძვირი ჯდება. ზღვის ფსკერის გათხრამ, კიდევ ერთმა გავრცელებულმა მეთოდმა შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს მყიფე საზღვაო ეკოსისტემები, რაც ხშირად უფრო მეტ ზიანს იწვევს, ვიდრე სიკეთეს.
მაღალტექნოლოგიური მიდგომა
სწორედ აქ მოდის Maelstrom. ამ ინოვაციურმა ევროპულმა პროექტმა პლასტმასასთან დაკავშირებულ მზარდ კრიზისთან გასამკლავებლად სხვადასხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოცადა.
ევრონიუსი იტალიის CNR-ISMAR საზღვაო მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევრებს ესტუმრა, რადგან სწორედ ისინი იყენებდნენ მოწინავე სონარის ტექნოლოგიას ვენეციის დიდ არხში წყალქვეშა პლასტმასის ნარჩენების წყაროს აღმოსაჩენად.
ეს დეტალური რუკები არის პირველი ნაბიჯი სანაპირო წყლებიდან ნარჩენების დიდი რაოდენობით ნახევრად ავტომატური პროცესის გამოყენებით ამოღებისკენ. Maelstrom-ის პროექტმა შეიმუშავა რობოტი, რომელსაც შეუძლია 20 მეტრამდე სიღრმეზე იმუშაოს და სიზუსტით ამოიღოს დიდი რაოდენობით ნარჩენები, ხოლო საზღვაო ეკოსისტემა ხელუხლებლად და უვნებლად დატოვოს. ვენეციაში სახალხო დემონსტრაციების დროს რობოტმა წარმატებით ამოიღო საბურავები, ბადეები და ალუმინის ფირფიტებიც კი, რითაც დაამტკიცა მისი ეფექტურობა რეალურ პირობებში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ასეთი ტექნოლოგია, არა მხოლოდ აქ, ვენეციაში, არამედ ზოგადად სანაპირო რაიონებსა და საპორტო ქალაქებში“, – განმარტავს Maelstrom-ის პროექტის კოორდინატორი დოქტორი ფანტინა მადრიკარდო.
„ქალაქებისა და პორტების მახლობლად ბევრი ნარჩენი იყრება, რაც ძნელი აღმოსაჩენი და დასანახია და შესაბამისად, კიდევ უფრო რთულია მისი ამოღება. თუ ნარჩენი სახიფათოა, მყვინთავების ჩაშვება შეიძლება საშიში იყოს. რობოტს კი შეუძლია ეს პროცესი უფრო სწრაფი და უსაფრთხო გახადოს“, – განმარტავს ის.
„ბუშტების ფარდა“
მდინარეებს პლასტმასის ნარჩენები ქალაქებიდან ზღვამდე ჩააქვს, რაც ოკეანის დაბინძურებას ყველას პრობლემად აქცევს. სწორედ ამიტომ ჩრდილოეთ პორტუგალიის სანაპირო ქალაქმა, ვილა დო კონდემ, გადაწყვიტა გააერთიანოს ძალები Maelstrom-ის პროექტის მეცნიერებთან, რათა გამოეყენებინათ ინოვაციური მიდგომა ე.წ. „ბუშტის ბარიერი” მდინარე ავეში.
ეს შედარებით მარტივი სისტემა ქმნის ჰაერის ბუშტების ფარდას, იჭერს პლასტმასის ნარჩენებს, სანამ ის ატლანტის ოკეანემდე მიაღწევს, ხოლო თევზებსა და ნავებს უსაფრთხოდ გავლის საშუალებას აძლევს. პორტოს უნივერსიტეტის საზღვაო და გარემოსდაცვითი კვლევის ინტერდისციპლინარული ცენტრის (CIIMAR) მეცნიერები ახლა აანალიზებენ ბუშტების ბარიერის ეფექტურობასა და მის გავლენას ესტუარის ეკოსისტემაზე.
ქალაქიც ჩართული იყო სისტემის შემუშავებაში, უზრუნველყო დაფინანსება და შეკრიბა ყველა ძირითადი დაინტერესებული მხარე, მათ შორის პორტის მმართველი ორგანო, კაპიტნები, პორტუგალიის გარემოსდაცვითი სააგენტო, რეგიონული ნარჩენების მართვის ასოციაცია და გარემოს მონიტორინგისა და ინტერპრეტაციის ცენტრი, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიებს ახორციელებს.
მუდმივი ცვლილების გასაღები
Maelstrom-ის გუნდი ხაზს უსვამს, რომ წყლიდან პლასტმასის ნარჩენების ამოღება პრობლემის გადაწყვეტის მხოლოდ ნაწილია. პლასტმასის გარემოში შეღწევის თავიდან აცილება შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ასპექტი იყოს. მკვლევრები თანამშრომლობენ შესაბამის ინდუსტრიებთან, რათა შეამცირონ ზოგადად პლასტმასის გამოყენება და განავითარონ უფრო მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკა.
სანაპიროების დასუფთავების კამპანიებისა და საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით ისინი ასევე მოტივაციას აძლევენ ადგილობრივ საზოგადოებას, ზომები გაატაროს ოკეანეების დასაცავად. CIIMAR-ის მკვლევრის ლუის რ. ვიეირას თქმით, საზღვაო ნარჩენების დაძლევა არ ნიშნავს მის გასასუფთავებლად მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, არამედ საჭიროა საერთო ძალისხმევა ცნობიერების ამაღლებისთვის, პასუხისმგებლობის აღებასა და ნარჩენების ოკეანეში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, გვქონდეს ისეთი მომავლის იმედი, სადაც ჩვენი ოკეანეები აღარ იქნება დაბინძურებული პლასტმასის ნარჩენებით.
წყარო: euronewsgeorgia