აშშ-ის არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად შეცვლის მსოფლიო გეოპოლიტიკას. “როგორც კი საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებ, მე რუსეთსა და უკრაინას შორის ამ საშინელ ომს მოვაგვარებ” – ამბობს ტრამპი, რომელიც ბაიდენის მთავარ კონკურენტად მოიაზრება. რა გავლენა ექნება ამერიკის არჩევნების შედეგებს აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ომზე, ეს შემოდგომაზე გაირკვევა.
დღეს ამერიკა უკრაინას ღიად ეხმარება, თუმცა უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიო მედია არკვევს, რატომ და რა გზებით შედის ამერიკაში წარმოებული მიკროჩიპები რუსეთში? საუბარია მიკროჩიპებზე, რომელიც აუცილებელია რაკეტის დასამზადებლად. ამ რაკეტებს კი ოკუპანტები უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებენ.
ნახევარგამტარები და მიკროჩიპები თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებში წამყვან როლს თამაშობენ. დრონების, რადიო-ელექტრონული სისტემების, რადარების, რაკეტებისა თუ ჯავშანტრანსპორტიორების ფუნქციონირებისათვის, ისინი უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს.
უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალას თვეში 130-მდე ტაქტიკური რაკეტის და 100-ზე მეტი ოპერატიულ-ტაქტიკური კლასის რაკეტების წარმოება შეუძლია. ბუნებრივია ეს გაცილებით ცოტაა სანქციებამდე არსებულ პერიოდთან შედარებით. უკრაინის დაზვერვის თანამშრომლები 2022 წლიდან დღემდე, არსებულ ვითარებას და დინამიკას მიმოიხილავენ და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე რუსეთი რაკეტებს პრაქტიკულად კონვეიერიდან ისვრის. რაც მათ დეფიციტზე მიუთითებს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც ვხედავთ აგრესორი ქვეყანა მაინც აგროვებს რაკეტებისთვის საჭირო კომპონენტებს. კერძოდ, მიკროჩიპებს, რომლებიც მკაცრი სანქციების პირობებში, წესით არ უნდა შედიოდეს ქვეყანაში. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ “ბიბისის” სტატიის მიხედვით, უკრაინის წინააღმდეგ ნასროლი რაკეტების 95%, უკრაინის პარტნიორი ქვეყნების მიერ წარმოებული ჩიპებით არის აღჭურვილი.
როგორც ერმაკი-მაკფოლის სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რუსულ რაკეტებში აღმოჩენილი მიკრო ჩიპების 72%, ამერიკაშია წარმოებული. გაცილებით ნაკლები – შვეიცარიაში, იაპონიაში, ჩინეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ტაივანში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში.
დასავლეთს სანქცირებული ჰყავს რუსეთი. ამ ფონზე, ყველაზე საინტერესოა, რა გზებით შეიძლება მოხვდეს რუსეთში, დასავლეთში წარმოებული ელექტრონული კომპონენტები? ეს ძირითადად ხდება მესამე ქვეყნების გავლით. არიან ქვეყნები, რომლებიც დაწესებულ სანქციებს არ უერთდებიან და აგრძელებენ ვაჭრობას რუსეთთან. მაგალითად ჩინეთი. კიევის ეკონომიკის სკოლის ანალიზის მიხედვით, რაკეტებისთვის საჭირო კომპონენტების 80%, ოკუპანტ ქვეყანაში სწორედ აქედან შედის.
მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც უერთდებიან სანქციებს. მაგალითად ყაზახეთი, თუმცა “ბიბისის” ინფორმაციით, ყაზახეთმა სანქციებთან მიერთების პარალელურად, მაინც გაზარდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსპორტი რუსეთში. საუბარია სხვადასხვა დანიშნულების ელექტრო ნაწარმზე. მაგალითად ტელევიზორებზე, მიკროტალღურ ღუმელებზე, მობილურ ტელეფონებზე, სარეცხ მანქანებზე, ლეპტოპებზე, საიდანაც რუსეთი შემდეგ უკვე რაკეტებს აწარმოებს.
საყოფაცხოვრებო ტექნიკაში გამოყენებული მიკროჩიპები ორმაგი დანიშნულებისაა. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მიკორჩიპის როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება. მაგალითისათვის, ერთი და იგივე მიკროჩიპი შეიძლება გამოიყენებოდეს, როგორც სარეცხის მანქანაში, ისე რაკეტაში. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ასეთი ჩიპებით კომპლექტდება არამხოლოდ რაკეტები, არამედ ტექნიკა, რომელსაც ქვეითებიც იყენებენ.