როგორ დაიგეგმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა – პროკურატურის ვერსია

თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში პროკურატურა ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით, მეგობართან ერთად სწორედ მათ დაგეგმეს ქართველი „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმის მკვლელობა.
ამ მასალაში რადიო თავისუფლება გიყვებათ პროკურატურის ვერსიას.
დანაშაულის მოტივი
ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამის გამო დაგეგმეს მკვლელობა.
შემსრულებლის მოძებნა
ძმები მიქაძეები დაუკავშირდნენ მეგობარ გ.ჯ.-ს (რომლიც საქმეში ბრალდებულია და რომლის ვინაობაც მედიისთვის ჯერ ცნობილი არ არის) და გააცნეს საკუთარი გეგმა. თანხმობის მიღების შემდეგ, დაიწყეს მკვლელის ძებნა.
ისინი დაუკავშირდნენ გელა უძილაურს (რომელიც პოლიციამ მკვლელობიდან სამ დღეში დააკავა) და მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ დავალების შესრულება სთხოვეს.
კომუნიკაცია მკვლელობის შემსრულებელთან
ძები მიქაძეები და მათი მეგობარი გ.ჯ. ბრალდებულ გელა უძილაურს მუდმივად აწვდიდნენ ინფორმაციას ლევან ჯანგველაძის შესახებ. გ.ჯ.-მ და კიდევ ერთმა ბრალდებულმა გ. კ.-მა ს. წ.-სგან უკანონოდ შეიძინეს GLOCK-ის ტიპის პისტოლეტი, რაც მოგვიანებით გ.ჯ.-მ გელა უძილაურს გადასცა.
მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, 15 თებერვალს საბერძნეთიდან დაბრუნებულ გელა უძილაურს მკვლელობის დამკვეთები შეხვდნენ – „განიხილეს დანაშაულის ჩასადენად აუცილებელი დეტალები“ და დაკვეთის შემსრულებელმა გაიგო ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია. უძილაურს ჯანგველაძისთვის უნდა ეთვალთვალა „მკვლელობისათვის შესაფერისი დროის და ადგილის შერჩევის მიზნით“.
ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლა
ბიზნესმენი საქართველოში მეორე დღეს, 16 თებერვალს ჩამოვიდა და სასტუმრო „ამბასადორში“ დაბინავდა. სწორედ ამ სასტუმროშივე უთვალთვალებდა გელა უძილაური ბიზნესმენს და ინფორმაციას აწვდიდა დამკვეთებს.
მკვლელობის დღე
მარტში მკვლელობის დამკვეთებმა გელა უძილაურს აცნობეს, რომ ლევან ჯანგველაძე საქართველოში 14 მარტს ჩამოდიოდა. მკვლელობის დღეს უძილაური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ვაზისუბნიდან ვაკისკენ გაემართა.
დანიშნულების ადგილზე 20:40 საათზე ტაქსით მივიდა და ელოდა ლევან ჯანგველაძის გამოჩენას. ბიზნესმენი მეგობართან ერთად მეგობრის პანაშვიდზე 22:35 საათზე მივიდა და რამდენიმე წუთში გამოვიდა. სწორედ იმ დროს, როცა ჯანგველაძე მეგობართან ერთად ჭავჭავაძის #7-ში ფეხით გადაადგილდებოდა ცეცხლსასროლი იარათიდან ნასროლი ტყვიები მოხვდა. დაიჭრა მისი თანმხლები პირიც.
მასალა განახლდება

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით

პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს და კიდევ 3 პირს ბრალდება წარუდგინა – 2 პირზე, მათ შორის დავით მიქაძეზე გამოცხადდება ძებნა