საქართველოში ახალი აპლიკაცია — clubnparty გამოჩნდა, რომლის მიზანი გართობის მაძიებელი ადამიანების წვეულებების ორგანიზატორებთან დაკავშირებაა. თუმცა ბილეთების გაყიდვის ტრადიციული პლატფორმებისგან განსხვავებით, clubnparty სახლის წვეულებების გაციფრულებას გეგმავს.
ახალი სტარტაპის იდეის, შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ clubnparty-ის თანადამფუძნებელმა, შიო ხეცურიანმა BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში ისაუბრა. როგორც შიო ხეცურიანი TECH INFORM-ში ამბობს, “დღეს საღამოს სად გავერთოთ?” ის კითხვაა, რომლისთვისაც გუნდმა clubnparty შექმნა.
“დღეს საღამოს სად გავერთოთ? — ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, რომელიც იმ დროს გვიჩნდება, როცა ღონისძიებიდან ან ბარიდან გამოვდივართ და ღამის გაგრძელება გვსურს. თუ მეგობრების წრეში ამ კითხვაზე პასუხი არ მოიძებნა, საინტერესო ადგილის საპოვნელად TripAdvisor-ის და Resident Advisor-ის მსგავს აპლიკაციებს და ვებგვერდებს ვიყენებთ. თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ კლუბებში ორგანიზებულ ღონისძიებებს ეცნობი და ავთენტიკური წვეულებების შესახებ ინფორმაციას ვერ იღებ.
გადავწყვიტეთ, რომ ავთენტიკური წვეულებებს, ე.წ. “ფართების” პლატფორმა შეგვექმნა, რომლითაც წვეულებების ორგანიზატორებს წვეულების შექმნის და მეგობრებისა და უცნობების მოწვევის საშუალებას მივცემდით, რითაც ამ მისწრაფების ბიზნესად გადაკეთებას შეძლებენ. გვსურს, ჩვენს პლატფორმაზე ავთენტიკური წვეულებები გავაერთიანოთ, რათა ერთად ვუპასუხოთ კითხვას — დღეს საღამოს სად გავერთოთ?”, – განაცხადა შიო ხეცურიანმა TECH INFORM-ში.
როგორც clubnparty-ის თანადამფუძნებელმა BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში განაცხადა, ამ დროისთვის iOS-ის სისტემაზე აპლიკაციის ბეტა ვერსიაა გაშვებული. შიო ხეცურიანის თქმით clubnparty-ის გამოყენებით ორგანიზატორებმა 60-ზე მეტ წვეულებას უმასპინძლეს, რომელთა უმეტესობა კლუბების მიერ იყო ორგანიზებული. უახლოეს მომავალში კომპანია გადახდის ფუნქციონალის დამატებას აანონსებს, რაც მომხმარებელს სახლის წვეულებების გაციფრულების და ამ გზით, შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.
“აპლიკაციაში წვეულების განთავსებას დაახლოებით ხუთი წუთი უნდა და ორგანიზატორს შეუძლია, წვეულებას საჯარო ან დახურული სტატუსი მიანიჭოს. თუ წვეულება დახურულია, მის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ის ადამიანები მიიღებენ, რომელთაც ორგანიზატორი მოიწვევს. თუ წვეულება საჯაროა, ორგანიზატორს სხვადასხვა ბილეთის გაყიდვა შეუძლია, როგორც უფასო, ასევე ფასიანი, მათ შორის სხვადასხვა სეგმენტისთვის განკუთვნილი ბილეთების”, – განაცხადა clubnparty-ის თანადამფუძნებელმა, შიო ხეცურიანმა TECH INFORM-ში.