ინვესტირება, ბოლო დროს, საქართველოში მიმზიდველ საქმიანობად ჩამოყალიბდა, რაშიც დიდი წვლილი იმ ქართულ კომერციულ ბანკებს მიუძღვით, რომელთაც ეს პროცესი გააციფრულეს და იმდენად გაამარტივეს, რომ დღეს, ამერიკულ საფონდო ბირჟებზე დალისტულ კომპანიებში ინვესტირება ერთი დოლარიდანაც შეიძლება.
თუ საერთაშორისო საჯარო კომპანიების აქციებში ინვესტირება, ტექნიკურად, საკმაოდ მარტივია, ჩნდება კითხვები ქართულ სტარტაპებში ინვესტირების კუთხით, მით უფრო რომ ბოლო დროს, ამ ფინანსური ინსტრუმენტის მიმართ საქართველოში ინტერესი იზრდება.
როგორ უნდა დავაბანდოთ ფული ქართულ სტარტაპებში, არსებობს თუ არა ბარიერები და რა არის მინიმალური საინვესტიციო მოთხოვნა, ანუ რა არის ერთი თიქეთის ღირებულება – ეს ის საკითხებია, რომლებზეც TECH INFORM-ში “საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის”, იგივე AXEL-ის წევრმა ინვესტორმა, ნიკოლოზ ქევხიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, AXEL-ის გავლით ინვესტირება მარტივია, მაგრამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის, ინვესტორმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ წელიწადში, სულ მცირე $5000-ის ინვესტიციას განახორციელებს.
“გაწევრიანების პროცესი საკმაოდ მარტივია: დაინტერესებული პირი ავსებს განაცხადს, გადის ფორმალურ პროცედურებს და იხდის საწევრო გადასახადს, ხოლო დანარჩენ საორგანიზაციო საკითხებს თავად AXEL-ი აგვარებს.
AXEL-ში ყოველთვიურად იმართება სტარტაპებთან შეხვედრები, რომლებშიც ის კომპანიები მონაწილეობენ, რომელთაც AXEL-ის საინვესტიციო ბორდი წინასწარ არჩევს. სტარტაპები ინვესტორების წინაშე 5-წუთიან პრეზენტაციას ატარებენ და თუ სტარტაპს სურს, საინვესტიციო რაუნდი უშუალოდ ამ პრეზენტაციის შემდეგ გამოაცხადოს, იწყება დეტალური განხილვა, რომლის შემდეგ, AXEL-ის წევრები ერთმანეთს შეხედულებებს უზიარებენ.
მნიშვნელოვანი დეტალია, რომ გადაწყვეტილებას ინვესტორები ცალ-ცალკე იღებენ, რის შემდეგაც იქმნება სინდიკატი და საინვესტიციო მიზნით ფუძნდება კომპანია, რასაც AXEL-ი უზრუნველყოფს. ამ სინდიკატში ინვესტორი მინიმუმ $1000-იანი თიქეთით შედის, მაგრამ ჯამში, სინდიკატის მიერ ინვესტირებული თანხა $25,000-$35,000-ის ფარგლებში მერყეობს.
სტარტაპებისთვის ქართული ენჯელ-ფონდის მხარდაჭერა, როგორც წესი, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ თანხის ინვესტირება საკმაოდ მალე ხდება, ანუ ინვესტირებულ თანხას კომპანია პრეზენტაციიდან 20-25 დღეში იღებს, რაც მნიშვნელოვანია განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპის მოქნილობის შესანარჩუნებლად”, – განაცხადა ნიკოლოზ ქევხიშვილმა TECH INFORM-ში.
BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტუმრობისას ენჯელ-ინვესტორმა იმ წილის შესახებაც ისაუბრა, რომელსაც ინდივიდუალური ინვესტორები სინდიკატის შექმნის გზის ინვესტირების სანაცვლოდ იღებენ. როგორც ნიკოლოზ ქევხიშვილი ამბობს, ენჯელ-ინვესტორები, როგორც წესი, ინვესტიციის სანაცვლოდ მცირე წილს იღებენ, რადგან მათი ინვესტიცია, როგორც წესი, გათვლილია არა დივიდენდის, ანუ მოგების მიღებაზე, არამედ კომპანიის გრძელვადიან ზრდაზე.
“ენჯელ-ინვესტირება გულისხმობს, რომ კომპანიაში ძალიან მცირე, მინორული წილი გაქვს, ხოლო ინვესტირების ამონაგები ხდება კომპანიის ზრდიდან და არა მისი მოგებიდან თუ დივიდენდებიდან. აქედან გამომდინარე, როგორც წესი, საუბარია მცირე პროცენტებზე. AXEL-ი, როგორც წესი, 2%-იან წილში შედის, რომელიც, თავის მხრივ, სინდიკატის წევრ ინვესტორებზე ნაწილდება.
თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონკრეტულ კომპანიაში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღება იქიდან გამომდინარე, თუ ზრდის რა პოტენციალი აქვს მას. მთავარი კითხვაა, როგორც წესი, შეუძლია თუ არა კომპანიას 3-დან 5 წლამდე პერსპექტივაში საკუთარი ღირებულების გაათმაგება.
ენჯელ-ინვესტორის მოტივატორი არ არის კომპანიის მოგებაზე გასვლა და შემდეგ, ამ მოგების აქციონერებზე დივიდენდის სახით გადანაწილება, რასაც ვერ ვიტყვით საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიების აქციებზე”, – აღნიშნა ნიკოლოზ ქევხიშვილმა BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტუმრობისას.
ქართველმა ენჯელ-ინვესტორმა TECH INFORM-ში “საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის” შედეგებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ წელს, ორგანიზაციის ჩართულობით 18 გარიგება შედგა, ხოლო ინვესტიციის ჯამური მოცულობა მილიონ დოლარს მიუახლოვდა.
“ენჯელ-ინვესტორთა ქსელი AXEL-ი 80-ზე მეტ წევრს აერთიანებს. ეს წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და გაწევრიანების შემდეგ, ადამიანი ახალი კომუნის წევრი ხდება და წლის განმავლობაში მინიმუმ $5000-ის ინვესტირების ვალდებულებას იღებს. თუმცა, როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ინვესტორები ამ თანხაზე გაცილებით მეტს აინვესტირებენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, AXEL-ის წევრების ჩართულობით 18 გარიგება შედგა, რომელთა შედეგად, ინვესტორებმა დაახლოებით $950,000 დააბანდეს, ძირითადად ქართულ სტარტაპებში”, – განაცხადა ნიკოლოზ ქევხიშვილმა TECH INFORM-ში.
* ეს არ არის ფინანსური რჩევა. ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების წინ, მნიშვნელოვანია ჩაატაროთ საკუთარი კვლევა.