„მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციამ“ (SMEDA) „საქართველოს ბანკისგან“ მცირე და მიკრო ბიზნესის მხარდასაჭერად 200 000 ლარი მიიღო.
აღნიშნული თანხა ნაწილია ორი სისტემური ბანკის მიერ როგორც მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გამოყოფილი 5 მილიონი ლარის.
როგორ დაეხმარება SMEDA მცირე მეწარმეებს „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოყოფილი 200 000 ლარით? – ამ თემაზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ SMEDA-ს დამფუძნებელმა გიგა ფაიქიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, 200 000 ლარით სხვადასხვა აქტივობა დაფინანსდება, რომლის მთავარი მიზანი მცირე ბიზნესის მიერ წარმოების პროდუქციის თუ სერვისის გაყიდვების ხელშეწყობაა.
„კრიზისის დროს მთავარი გამოწვევა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს უდგება, ლიკვიდობის [ნაღდი ფულის] პრობლემაა, ამიტომ ყველაფერი, რასაც „საქართველოს ბანკთან“ კოორდინაციით გავაკეთებთ, გაყიდვების სტიმულირებისკენ იქნება მიმართული.
აქტივობები, ძირითადად, გათვლილია მცირე და მიკრო ბიზნესის მხარდაჭერაზე და მასში მოიაზრება სხვადასხვა გამოფენების ორგანიზება-მოწყობა, ვინაიდან ამ ფორმით აგენერირებდნენ მეწარმეები შემოსავლებს და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, მათმა ნაწილმა საახალწლო ბაზრობებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
გარდა ამისა, ჩვენ დავეხმარებით ბიზნესებს, რომ საკუთარი პროდუქცია განათავსონ საერთაშორისო გაყიდვების პლატფორმებზე, რათა ამ გზითაც გაზარდონ გაყიდვები. დავეხმარებით როგორც ტექნიკურად, ასევე, კონსულტაციას გავუწევთ, სწორად როგორ მართონ საკუთარი ანგარიშები.
ასევე, ვიწყებთ მოლაპარაკებებს და გვსურს, მცირე მეწარმეებს მსხვილ ქსელებში შესვლაში დავეხმაროთ. ეს რთული ამოცანაა, მაგრამ მსხვილი ბიზნესის პასუხისმგებლიანობის იმედი გვაქვს.
ამავდროულად, გვინდა, მეწარმეებს დავეხმაროთ საკურიერო სერვისებთან და ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის აწყობაში, რაც მათთვის რთულია. მოკლედ, ყველა იმ მიმართულებას დავფარავთ, სადაც მათ უჭირთ, დამოუკიდებლად მიაღწიონ შედეგებს“, – განმარტა გიგა ფაიქიძემ.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, „საქართველოს ბანკთან“ ბოლო დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს და პროექტი მალე დაიწყება.
„ჩვენი პირდაპირი ინტერესია, რომ აქტივობა კოორდინირებულად დაიგეგმოს“, – თქვა გიგა ფაიქიძემ და იქვე დასძინა, რომ მსგავსი პროექტის დაფინანსებაზე მოლაპარაკებები „თიბისი ბანკთანაც“ მიმდინარეობს.
„შეიძლება, ეს თანხა კიდევ გაიზარდოს, თუ დავინახავთ, რომ გარკვეული შედეგი აქვს“, – აცხადებს SMEDA-ს დამფუძნებელი.
