როგორ გამოიყურება საქართველო 2023 წლის მსოფლიო რეიტინგებში

2023 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, საქართველოს პოზიცია სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მაგრამ ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის სიამაყისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.
საინტერესოა, რომ Fitch-ის რეიტინგში საქართველო BB დონეზე 2007 წელს გახდა და 14 წელიწადია ერთი ადგილის ირგვლივ ვტრიალებთ. დაახლოებით მსგავსი სურათია Standard and Poor’s-ის და Moody’s-ის შემთხვევაშიც: 2011 წლის BB მინუსიდან 2019 წელს BB-მდე დავწინაურდით და ერთ წრეზე ვტრიალებთ.
უფრო დეტალურად, 2023 წელს საქართველო მსოფლიო ეკონომიკურ რეიტინგებში ასე გამოიყურებოდა:
Fitch-ის რეიტინგი
Fitch-მა ზაფხულში საქართველოს რეიტინგი უცვლელად BB დონეზე შეინარჩუნა, ასევე უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი და ის კვლავ „პოზიტიურია“. ამასთან ორგანიზაცია 2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში 6.9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან – 4.5%-თან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით მეტია.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ ტურიზმის შემოსავლების, ასევე მიგრანტების დანახარჯებისა და გზავნილების მატების გათვალისწინებით, ქართულ ლარს პირველი კვარტალის განმავლობაში გამყარების მნიშვნელოვანი ტენდენცია ჰქონდა, რამაც 13% შეადგინა.
S&P Global Ratings
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო გრძელვადიანი რეიტინგი ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში BB დონეზე შეუნარჩუნა, პროგნოზი კი „სტაბილურია“. მოკლევადიანი რეიტინგიც B დონეზე რჩება.
„მიმდინარე წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის შენელების ჩვენი პროგნოზების მიუხედავად, ტურიზმი, იმიგრაცია და ფინანსური შემოდინებები ძირითადად დან ხელს შეუწყობს რეალური მშპ-ს ზრდის მაჩვენებლის 6.1%-ზე შენარჩუნებას, ეს კი დაეხმარება ქვეყნის ფისკალურ და საგადამხდელო ბალანსს“, – აღნიშნულია სააგენტოს რელიზში.
Moody’s-ის რეიტინგი
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2-ზე დაადასტურა, თუმცა „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ შეამცირა რეიტინგის მოლოდინი.

Moody’s-ის განმარტებით, საკრედიტო რეიტინგის მოლოდინის გაუარესება ასახავს გაზრდილ გეოპოლიტიკურ რისკებს, რაც რუსეთის მიერ ში დაწყებულმა ომმა გამოიწვია. Moody’s-ი აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში პოლიტიკური სახით საქართველო მოწყვლადია, რაც რუსეთთან ორ გაყინულ კონფლიქტს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უკავშირდება. ამასთანავე, Moody’s-ი განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მაღალ მოქნილობას და ადეკვატურ ბუფერებს ეკონომიკური და ფინანსური შოკების მიმართ. მათ შორის დადებითად არის შეფასებული გაცვლითი კურსის მცურავი რეჟიმი
Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“
მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 25-ე ადგილს იკავებს და ძირითადად თავისუფალ 41 ქვეყანას შორის მოხვდა. 2023 წლის ანგარიში 2021 წლის პერიოდს მოიცავს. წინა წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველო ორი საფეხურით წინ არის.
კვლევის ავტორთა ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გამოთვლისას გათვალისწინებულია ხუთი პარამეტრი: „მთავრობის ზომა“, საკანონმდებლო სისტემა და საკუთრების უფლება, ვალუტის სიმყარე, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაციები.
მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, ბოლო ადგილზე კი ვენესუელაა. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი სიაში 33-ე პოზიციაზეა, აზერბაიჯანი – 112-ზე, თურქეთი – 101-ზე, რუსეთი – 104-ზე.
საქართველო მთავრობის ვალის რეიტინგში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2023 წლის აპრილში გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ს მიმართ 39.8% იყო და ვალის ტვირთის ამ მაჩვენებლით საქართველო 188 ქვეყანას შორის 138-ე ადგილზეა. საქართველოზე მძიმე დავალიანება 137 ქვეყანას აქვს, 50 ქვეყანას კი ნაკლებად აწევს ვალის ტვირთი. 2021 წელს საქართველო რეიტინგში 123-ე ადგილზე იყო მშპ-ს მიმართ 49.7%-ის სიდიდის ვალით. 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს მთავრობის ვალის ტვირთი 9.9%-ით შემცირდა და რეიტინგში ადგილი საქართველომ 15 ადგილით გაიუმჯობესა.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ს მიმართ 40.5% იქნება.
კრიპტოვალუტისთვის ლოიალური ქვეყნების რეიტინგი
Forex Suggest-ის ანალიტიკოსების რეიტინგით, კრიპტოვალუტისთვის ლოიალობის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.
ჰონგ კონგი მეორე წელია პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზე შვეიცარია გადავიდა, ხოლო შეერთებული შტატები მესამეზეა. ანგარიში თავმოყრილია საუკეთესო ქვეყნები კრიპტოვალუტის ბროკერებისთვის, ტრეიდერებისა და ენთუზიასტებისთვის. რეიტინგის შედგენისას ანალიტიკოსებმა მხედველობაში მიიღეს შემდეგი ფაქტორები: კრიპტო ბანკომატების რაოდენობა, ინდუსტრიის საწარმოების რაოდენობა, კრიპტოვალუტების სამართლებრივი სტატუსი და სხვა.
გლობალური ინოვაციის ინდექსი
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) 2023 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო შარშანდელთან შედარებით, 9 პოზიციით დაწინაურდა და 132 ქვეყანას შორის 65-ე ადგილზეა წარმოდგენილი.
„საქპატენტის“ ინფორმაციით, ინოვაციების გლობალური ინდექსი (GII) 132 ქვეყანას აფასებს ინოვაციური შესაძლებლობების მიხედვით. გლობალური ინოვაციების ინდექსის 2023 წლის საქართველოს შედეგები აჩვენებს კონკრეტულ სფეროებში ეკონომიკური და ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით ქვეყნის დაწინაურებას, რაც აისახება სხვადასხვა კომპონენტში ქულების გაუმჯობესებით. ქვეყანამ წელს 7 ძირითადი კომპონენტიდან 6-ის მონაცემები საგრძნობლად გააუმჯობესა. მათ შორის ისეთი მიმართულებები, როგორებიც არის ინსტიტუტები/ინსტიტუციური მოწყობა, ბიზნეს გარემო, ადამიანური კაპიტალი, ცოდნაზე და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქტები, შემოქმედებითი/კრეატიული პროდუქტები და ინფრასტრუქტურა.
საუკეთესო სამზარეულოების რეიტინგი
მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოების რეიტინგში საქართველო 26 ადგილზეა. მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოების ყოველწლიური რეიტინგი სამოგზაურო ონლაინ სახელმძღვანელო TasteAtlas-მა შეადგინა.

2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოს რეიტინგში სულ 100 ქვეყანაა მოცემული. რეიტინგი შედგენილია იმ ძირითადი კერძების და პროდუქტების საფუძველზე, რომელსაც წლის განმავლობაში Taste Atlas აფასებდა. პირველი ადგილი წელსაც იტალიამ დაიკავა. მსოფლიოს საუკეთესო კერძების რეიტინგში TOP10-ში შესული ქვეყნებია: იტალია, იაპონია, საბერძნეთი, პორტუგალია, ჩინეთი, ინდონეზია, მექსიკა, საფრანგეთი, ესპანეთი და პერუ.