„ამერიკა ამშენებელთა ერია“ – ეს ტექსტი გამოაქვეყნა მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა მისივე მფლობელობაში არსებულ პლატფორმა X-ზე, რამდენიმე საათით ადრე, სანამ Associated Press-ი საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვებას გამოაცხადებდა. შემდგომ კი დაამატა: „მალე თქვენ თავისუფლები იქნები ამ მშენებლობისთვის“.
მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამარჯვებისთვის საჭირო, საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა მოაგროვა, პლატფორმა X-ზე რესპუბლიკელი კანდიდატის მხარდამჭერი კონსერვატორი მილიარდერების პოსტები გამოჩნდა. მაგალითად, კრიპტომილიარდერმა ტაილერ ვინკლევოსმა ტრამპის გამარჯვებას „ახალი ამერიკული რენესანსი“ უწოდა.
არჩევნების წინ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჩართულობა პოლიტიკაში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა. ამერიკულმა Forbes-მა, პირველი ოქტომბრის შემდეგ, 200-ზე მეტი ამერიკელი მილიარდერის ანგარიში გამოიკვლია და საერთო ჯამში, მათ მიერ არჩევნების თემატიკასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული 2,000-ზე მეტი პოსტი აღმოაჩინა. პოსტების ჯამური ნახვები 10 მილიარდს აჭარბებს.
ამ პოსტებიდან 472-ში კამალა ჰარისია ნახსენებია, 652-ში კი – დონალდ ტრამპი. RoBERTa-ს გამოყენებით, ამერიკულმა გამოცემამ პოსტები შინაარსობრივადაც შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ ის პოსტები, რომლებშიც ტრამპი იყო მოხსენიებული, შედარებით ოპტიმისტური ჩანდა, ვიდრე ჰარისის შემთხვევაში. „ოპტიმისტური დამოკიდებულების“ გადანაწილება სოციალური ქსელის პოსტებს შორის ტრამპთან 49%-ში, ხოლო ჰარისთან – 35%-ში იყო. თუმცა ამ ფაქტს გამოცემა X-ის მასკის საკუთრებაში არსებობითაც ხსნის, რაც შესაძლოა მის მემარჯვენე მიდრეკილებებში გამოიხატებოდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნებში ტრამპის გამარჯვების გამოცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ნეგატიური პოსტები თითქმის არ შეგვხვედრია. თუმცა შედარებით კრიტიკული აღმოჩნდა მაიკლ ბლუმბერგი, რომელმაც შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნა: „უგუნურ პრეზიდენტთან მუშაობა დამღლელია, თუმცა შესაძლებელი და ეს უნდა გავაკეთოთ. ეს ორივე პარტიის საქმეა“.
განსაკუთრებით სახარბიელო ტრამპის გამარჯვება კრიპტომილიარდერებისთვის აღმოჩნდა. არჩევნების შედეგების გავლებით, მათი კომპანიების აქციების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ერთ-ერთი ვინც ტრამპის გამარჯვებას გამოეხმაურა Robinhood-ის აღმასრულებელი დირექტორი ვლად ტენევი იყო. მან არჩევნების შედეგებს ისტორიული უწოდა და განცხადებაში კრიპტობაზრების ზრდაზე გააკეთა აქცენტი. არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთა ტაილერ ვინკლევოსმაც, კრიპტოვალუტის ბირჟა Gemini-ის დამფუძნებელმა. „ჩვენ ეს შევძელით“, – ვკითხულობთ ამერიკელი ინვესტორის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.
ტრამპს გამარჯვება მიულოცა Apple-ის CEO-მ ტიმ კუკმა და ქვეყნის წარმატებისთვის, სამომავლოდ, პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა. ტრამპს წარმატება უსურვა OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ოლტმენმაც და აშშ-ისთვის, ხელოვნური ინტელექტის განვითარებით, ლიდერი სახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა: „ვულოცავთ ჩვენს 45-ე და ახლა უკვე 47-ე პრეზიდენტს პოლიტიკაში ბრწყინვალე დაბრუნებას და გადამწყვეტ გამარჯვებას. არცერთ ერს არ აქვს უფრო დიდი შესაძლებლობები. ვუსურვებ ტრამპს წარმატებას, ჩვენთვის საყვარელი ამერიკის გაერთიანებაში“.
ტრამპის გამარჯვების გამოცხადების შემდეგ, მომავალ პრეზიდენტს არჩევნების მოგება კიდევ ერთხელ მიულოცა ილონ მასკმა: „ვულოცავ დონალდ ტრამს ამ გადამწყვეტ გამარჯვებას. ჩვენ, როგორც ქვეყანას, წინ ბევრი შესაძლებლობა გვაქვს. მოუთმენლად ველი თქვენთან და თქვენს ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას“.
წყარო: forbs.ge