2023 წელს საქართველომ ერთნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულა. მსოფლიოს მასშტაბით რეცესიული რისკების ზრდის მიუხედავად, მიმდინარე წელი საქართველოსთვის არც ისე ცუდი აღმოჩნდა, რასაც თითქმის ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია აღიარებს.
თუმცა, 2024 წელი მსოფლიოსათვის გამოწვევებითა და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება. მიმდინარე ომების საკითხი ჯერაც გადაუჭრელია, აშშ-ჩინეთის ურთიერთობები იძაბება, რეკორდულად მაღალი ინფლაციისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე კი დასავლეთი რეცესიის საფრთხის წინაშე დგას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საერთშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-დან 5.2%-მდე გაიზრდება.
მთავრობის პროგნოზი — 5.2%
მთავრობის ოფიციალური პროგნოზით, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა სახელმწიფო ბიუჯეტი, 2024 წელს 5.2%-იან ეკონომიკური ზრდა იგეგმება, ქვეყნის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) კი 8.4%-ით გაიზრდება, რადგან ეკონომიკის ზრდასთან ერთად საქონლისა და მომსახურების ფასებიც გაიზრდება.
საქართველოს ეროვნული ბანკი – 5%
ეროვნული ბანკის საბაზისო მაკროეკონომიკური სცენარის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5%-ით, 2025 წელს 4.5%-ით, ხოლო 2026 წელს 5%-ით გაიზრდება.
„მომდევნო წლებში მიგრაციული ნაკადების მილევისა და მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი ნორმალიზების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა თავისი პოტენციური დონის ფარგლებში გაიზრდება. ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნების კვალდაკვალ უმუშევრობის დონე ეტაპობრივად მცირდება“, – აცხადებენ სებ-ში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) — 4.8%
საქართველოს ეკონომიკა სავალუტო ფონდის პროგნოზით გაიზრდება 6.2%- ით 2023 წელს და 4.8%-ით 2024 წელს.
მსოფლიო ბანკი (WB) — 5%
მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში 4.4%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება. რაც შეეხება 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, საქართველოს ეკონომიკა 2024-2025 წლებში 5%-ით გაიზრდება.
აზიის განვითარების ბანკი (ADB) — 5%
აზიის განვითარების ბანკის (ADB) თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება. რაც შეეხება მიმდინარე წელს, საფინანსო ინსტიტუტმა აპრილის პროგნოზი 1.5 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა და 6%-იან ზრდას ელის.
Galt&Taggart — 5%
ქვეყნის წამყვანი საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკა 6.8%-ით გაიზრდება, ხოლო 2024 წელს 5%-ით.
ISET – 2.7% (2024 წლის პირველ კვარტალში)
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2023 წლის მეოთხე და 2024 წლის პირველი კვარტლების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდის პროგნოზი განაახლა. მათი შეფასებით, მეოთხე კვარტალში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 6.2%-ი, ხოლო 2024 წლის პირველ კვარტალში 2.7%-ი იქნება.