როგორ გავუძლოთ საშობაო საყიდლების ცდუნებას? — ნეირომეცნიერების პასუხი

საახალწლო პერიოდში ადამიანები ჩვეულებრივზე მეტს ხარჯავენ შოპინგში, მიზეზი ხშირად არაცნობიერი და ემოციურია, თითქოს გვსურს რაღაც არ გამოგვრჩეს… ამას ევოლუციური განმარტებაც შეიძლება მოვუძებნოთ — ახალი ინფორმაციებისა თუ ნივთების პოვნა და შენახვა თავს ისე გვაგრძნობინებს თითქოს ასე მომავლის არამდგრადობას ვარიდებთ თავს. ასეა თუ ისე, ახლა ნეირომარკეტინგის სპეციალისტები გვიხსნიან, როგორ გავუძლოთ ამ ცდუნებას.
თუმცა ჯერ გავიგოთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი — ნეიროტრანსმიტერების, ანუ ტვინის სიგნალების დონეზე, დოფამინი გვაძლევს მოტივაციასა და იმპულსს ჯილდოს მისაღებად, ოქსიტოცინი კუთვნილების განცდას გვიჩენს, რაც, შესაძლოა, იმავე ნივთების ყიდვამ გამოიწვიოს, რომელსაც ჩვენი მეგობრები ყიდულობენ. ხოლო კორტიზოლის დონე მაშინ იმატებს, როცა რაღაცის გამოტოვების შიში გვიპყრობს.
ამასთან, ნეიროტრანსმიტერები ჩვენს მზერას მართავს, როცა პროდუქტების რეკლამებს ვუყურებთ, ყურადღებას აქცევს მას და გვაგრძნობინებს, რომ მათი ყიდვით რაღაც ჯილდოს მივიღებთ.
2025 წლის ივლისში მკვლევრები 50 ყველაზე აქტუალური საშობაო რეკლამის 3-წლიან მონაცემებს დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ გულისამაჩუყებელი თემები იდეალურია ყურადღების მისაპყრობად — სწორედ ეს გვიბიძგებს, უფრო მეტი შევიძინოთ. ხოლო სურათები, რომლებშიც ემოციური სიმბოლოებია გამოყენებული, იქნება ეს პოპულარული სელებრითები თუ მულტფილმის საყვარელი პერსონაჟები, მარტივად გვიფანტავს გონებას. შედეგად, ვწყვეტთ იმაზე ფიქრს, რომ მომავალში თანხის დაზოგვა გვინდოდა და მალევე ვიღებთ ყიდვის გადაწყვეტილებასაც.
რატომ ქრება ნებისყოფა? ფსიქოლოგიური კვლევის თანახმად, ჩვენი ნებისყოფა ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაშია, როცა დაღლილი ვართ, როცა ბევრი სხვა რაიმე გვაქვს საფიქრალი ან როცა გაციებულები ვართ. სწორედ ამით აიხსნება საშობაო გაფანტულობაც — გამუდმებით ოჯახის წევრებისა და მეგობრების საჩუქრებზე ვფიქრობთ, რაც ჩვენი კოგნიტიური კონტროლის სისტემას ტვირთავს… სწორედ ეს პრეფრონტალური ქერქი უკავშირდება ტვინის ჯილდოს ცენტრს, ამიტომაც ბატონდება დოფამინით განპირობებული, სწრაფი და იმპულსური ჯილდოს მიღების პასუხები.
ხოლო სწრაფი, იმპულსური აზროვნება და ამის საპირისპირო ნელი პროცესი ორივე ტვინის აქტივობის განუყოფელი ნაწილია. საშობაო შოპინგი კი მათგან პირველს ეყრდნობა, რაზეც თუნდაც შეზღუდული დროით შეთავაზებები მოწმობს.
ასეა თუ ისე, მაინც არსებობს გზები, რომლითაც საშობაო საყიდლების ცდუნებას შეგიძლიათ, გაუძლოთ. წარმატების გასაღები კი ჩვენი ქმედებებისა და ემოციების გაცნობიერებაში იმალება — რაც უფრო გავაცნობიერებთ ჩვენს იმპულსურობას, მით უკეთ შევძლებთ მის გაკონტროლებას შემდეგ ჯერზე.
შეგიძლიათ, პროცესი ახლავე დაიწყოთ, ჩამოწეროთ იმ იმპულსური ყიდვის ქცევები, რომლებიც გასულ კვირას ან თვეში განახორციელეთ. შემდგომ კი, როცა რაიმეს ყიდვას გადაწყვეტთ, დაფიქრდეთ, ფიქრის სწრაფ მიდგომას იყენებთ თუ ნელს. გამომდინარე იქიდან, რომ პრეფრონტალური სისტემა კუნთია, რომლის გამაგრებაზეც შეგიძლიათ, იმუშაოთ, კოგნიტიური ტრენინგი ამაში ძალიან დაგეხმარებათ.
განიხილეთ ონლაინ ჭადრაკის ან სუდოკუს თამაში, წაიკითხეთ წიგნი, რომელიც გასულ შობას გაჩუქეს. ფაზლები, კითხვა, მედიტაცია თქვენს გონებას ანელებს, რა დროსაც ტვინის წრედებს აძლიერებს და გეხმარებათ ნაკლებად იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებაში.
თუ ახლა კაფეში ხართ, გადახედეთ საყიდლების სიას და საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ მკაცრად უნდა დაიცვას გაწერილი გეგმა და ბიუჯეტი. კვლავ კვლევები მოწმობს იმაზე, რომ დაგეგმვა და მიზნების დასახვა იმპულსურ პასუხებს გვარიდებს თავიდან. ხოლო, თუ ახლა მოახერხებთ იმპულსური ყიდვის გადაწყვეტილებებისგან თავის დაღწევას, მომავალში საკუთარი თავის მადლობელიც დარჩებით…