როგორ აღმოვჩნდებით განათლების უფრო მანკიერ სისტემაში – ვატო ლეჟავას მოსაზრება

ოქტომბერში ივანიშვილის პრემიერმინისტრმა მ უმაღლესი განათლების რეფორმა წარადგინა, რომელიც მოგვიანებით რეჟიმის პროპაგანდამ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების პირველ უფასო შესაძლებლობად მონათლა. ცვლილებები, რომლებიც ივანიშვილის ხელისუფლებამ დაგეგმა, მოიცავს განათლების როგორც საშუალო, ისე უმაღლეს საფეხურებს და შეეხება საგრანტო დაფინანსებას, პროფესორ-მასწავლებლების ანაზღაურებას და სამუშაო პირობებს, 11-წლიან სასკოლო პროგრამაზე გადასვლას, სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევის წესს, ასევე “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი” პრინციპს.

კობახიძის რეფორმით, იცვლება უმაღლესი განათლების ვაუჩერული სისტემით დაფინანსების წესი – ეს კერძო უნივერსიტეტებში სტუდენტის დაფინანსების გაუქმებას გულისხმობს. როგორც ივანიშვილის ხელისუფლება გვპირდება, 2026 წლიდან უფასოდ მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულები ისწავლიან.

საზოგადოებისთვის დიდი ხნის ნაცნობი გამოწვევების “შემჩნევა” და მასზე აქტიურად საუბარი ივანიშვილის მთავრობამ კობახიძის პრემიერობის პერიოდში დაიწყო და 2025 წელს რადიკალურ, განათლების სისტემისთვის “ძირეულ ტრანსფორმაციას” შეუდგა. გეგმავენ, რომ უნივერსიტეტებმა ახალი პრინციპით სტუდენტები 2026 წლიდან მიიღონ.

ამ საკითხების შესახებ ვესაუბრეთ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორს, ვატო ლეჟავას. მისი მოსაზრებით, უმაღლესი განათლების რეფორმის შეფასებისას მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს – ექნება თუ არა ქართველ ახალგაზრდას უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობა.

“ეს რეფორმა არ უნდა შევაფასოთ, რომელიმე უნივერსიტეტის ბედისწერაზე როგორ იმოქმედებს. ეს შეიძლება, ჩემთვის სუბიექტურად მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია საჯარო დებატისათვის – როგორ იმოქმედებს ქართველი აბიტურიენტების და სტუდენტების ბედზე. ერთ-ერთი ცრუ დილემა, რომელზეც აგებულია ეს რეფორმა, არის, რომ თითქოს, ჩვენ ბევრად მეტი სტუდენტი გვყავს, ვიდრე უნდა გვყავდეს. მეცნიერულადაა დადასტურებული, რომ ეკონომიკის ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, სტუდენტი ახალგაზრდობის წილი საზოგადოებაში იზრდება. ეს არის დადებითი მოვლენა და არა უარყოფითი.

არ არსებობს ზედმეტი სტუდენტი. რამდენ ადამიანსაც უნდა, რომ ჰქონდეს უმაღლესი განათლება, სისტემამ უნდა შეძლოს, მისცეს იმდენ ადამიანს.

ჩვენ არ ვართ რესურსებით მდიდარი ქვეყანა, რომ ფიზიკური შრომით შევქმნათ კონკურენტული ეკონომიკა. კონკურენტული ეკონომიკა უნდა შევქმნათ ტვინით” – ამბობს ვატო ლეჟავა ტაბულასთან საუბარში.

ლეჟავას თქმით, განათლების სისტემისთვის უკეთესია, რომ გრანტის სახით ფული მიიღოს სტუდენტმა და შემდეგ არჩევანი გააკეთოს, სად დახარჯოს ეს ფული და სად მიიღოს სიკეთე, რომლისთვისაც ფული მისცეს.

“ჩემი პოზიცია არ არის მხოლოდ, როგორც არასახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ეს არის ადამიანის პოზიცია, რომელსაც აღელვებს, ადარდებს და რომელიც რაღაცას აკეთებს გუნდთან ერთად, რომ ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდეთ უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობა.

რამდენიმე საკითხს უნდა გავუსვათ ხაზი, პირველ რიგში, ვაუჩერული დაფინანსების იდეას. ვაუჩერული დაფინანსება არ არის იმ ადამიანების იდეა, ვინც განათლებაში დანერგა ვაუჩერები. ვაუჩერების სისტემა არის დაფინანსების კარგად შესწავლილი, აპრობირებული ეკონომიკური მეთოდი. ნობელიანტ მილტონ ფრიდმანს აქვს ეს საკითხი დამუშავებული. მისი პრინციპი არის ასეთი: ჩვენ თუ გვინდა, ადამიანს დავეხმაროთ, უნდა მივცეთ ფული და არჩევანი. ეს უნივერსალურად მოქმედებს განათლებაში, ში, ელექტრომომარაგებაში თუ ნებისმიერ სფეროში, სადაც სახელმწიფო და საზოგადოება თვლის, რომ ადამიანს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს სიკეთე.

ეს განსხვავდება პრინციპისგან, როდესაც ჩვენ ფულს ვაძლევთ ინსტიტუტებს, დაწესებულებებს იმისთვის, რომ ასეთ ხალხს დაეხმაროს. ჩვენ, ამ შემთხვევაში, ვაუჩერს, სახელმწიფო გრანტს ვაძლევთ სტუდენტს თუ უნივერსიტეტს? ცხადია, განათლების სისტემისთვის უკეთესია, რომ ეს ფული მიიღოს სტუდენტმა და შემდეგ არჩევანი გააკეთოს, სად დახარჯოს ეს ფული და სად მიიღოს სიკეთე, რომლისთვისაც ფული მისცეს. ეს არის “იარლიყიანი” ფული, რომელსაც ვერ დახარჯავს ფეხსაცმელში, უნდა დახარჯოს განათლებაში” – ამბობს ლეჟავა.

თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი აღნიშნავს, რომ აქამდე არსებული საგრანტო სისტემა ხარვეზიანი იყო, თუმცა ახალი მოდელით, სტუდენტებს არჩევანი ეზღუდებათ და კონკურენცია ეზრდებათ. რაც, მისი შეფასებით, უფრო ჯანსაღიდან უფრო მანკიერ სისტემაში შესვლას გულისხმობს.

“თითქმის 15 წლის განმავლობაში, რაოდენობა არ გაზრდილა. როგორც იყო 100%-იანი სასწავლო გრანტი, ისე არის ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზარდა. მეორე ნაწილია, რომ როდესაც საგრანტო დაფინანსება შემოვიდა, ის იყო შედეგებზე ორიენტირებული – თუ კარგად აბარებ ეროვნულ გამოცდებს, იღებ გრანტს.

ჩვენ თუ გვინდა, დავეხმარო ხელმოკლე სტუდენტებს, რომლებიც არ გამოირჩევიან სწავლის საუკეთესო შედეგებით, ლოგიკური და მიზანშეწონილია, რომ გააკეთო გრანტი არა შედეგების, არამედ სოციუალური სტატუსის მიხედვით. სახელმწიფოს აქვს საკმაოდ კარგი სოციალური სტატუსის ბაზა. მათ, ვინც ხელმოკლეა, სახელმწიფოს შეუძლია დაეხმაროს ვაუჩერით, რომლის წაღებასაც შეძლებენ იმ უნივერსიტეტში, სადაც ფიქრობენ, რომ მათი შესაძლებლობის ფარგლებში, უკეთეს განათლებას მიიღებენ. ესეც მოიშალა.

შევხედოთ, ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად. წარმოვიდგინოთ აბიტურიენტი ხელმოკლე ოჯახიდან, რომელსაც ჰქონდა სწავლის კარგი შედეგები. თუ მას უნდოდა სახელმწიფო უნივერსიტეტში, სწავლა იქნებოდა მაინც უფასო. ანუ მათთვის არაფერი შეცვლილა. შეიძლება გაუარესდა. რადგან ამ ვითარებაში და იმ რიტორიკით, რაც გვესმის, ფაქტები არ ვიცით, მაგრამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობა უნდა შემცირდეს. კონკურენცია გაიზარდოს. კონკურენცია გაიზრდება იმის გამო, რომ სტუდენტებს სწავლის გადასახადი არ ექნებათ დასაფინანსებელი, უფასო კი არ იქნება, ჩვენ, გადასახადების გადამხდელები გადავიხდით მათ ფულს. მაგალითად, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი როცა იხდის გადასახადებს, გამოდის, რომ აფინანსებს სტუდენტებს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ჩვენ უფრო ჯანსაღი სისტემიდან შევედით უფრო მანკიერ სისტემაში. სტუდენტებს არჩევანი ეზღუდებათ და კონკურენცია ეზრდებათ და მეორე მხრივ, კორუფციისადმი ძალიან მიდრეკილი სისტემით ვაფინანსებთ სახელმწიფო უნივერსიტეტებს. როგორ ელაპარაკები მთავრობას, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ დაფინანსებას მიიღებ. რომ დავუბრუნდეთ იმას, საიდანაც დავიწყეთ, ეს ქართველი ახალგაზრდებისთვის უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობას ზღუდავს, აუარესებს მათ მდგომარეობას” – თქვა მან.

ვატო ლეჟავა ინტერვიუში ასევე აფასებს პროპაგანდისტულ გზავნილს, თითქოს პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უფასო იქნება განათლება. მისი თქმით, მსგავსი მოდელი საქართველოში 90-იან წლებში მოქმედებდა – “არაფერი ახალი ეს არ არის, ეს არის კარგად გამოცდილი მანკიერი სისტემა”.

“რა ვიცი, 90-იანი წლები არ არის მე-11 საუკუნე. 90-იან წლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში იყო უფასო სწავლება. პარალელურად, იყო ე.წ ფასიანი ფაკულტეტები იმის გამო, რომ უფასო იყო შეზღუდული რაოდენობით, რასაც ეხლაც გვეუბნებიან, რომ შეზღუდული იქნება.

გავაკეთებ პროგნოზს, შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიხსნება ფასიანი ფაკულტეტები. სხვანაირად ეგ ალგორითმი არ მუშაობს.  როგორც ქართულ კლასიკურ ფილმშია ნათქვამი, “მაგ ხვრელშიც ვიყავით”, ახლა ისევ შევდივართ. არაფერი ახალი ეს არ არის, ეს არის კარგად გამოცდილი მანკიერი სისტემა. ამის შედეგი შეიძლება იყოს ერთადერთი – უფრო მეტი ლოიალობა სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სახელმწიფოს მიმართ, რადგან სტუდენტზე კი არ არიან  დამოკიდებული, მიიტანს თუ არა იქ ვაუჩერს, არიან დამოკიდებული გადაწყვეტილების მიმღებებზე. ამიტომ ამ რეფორმას ქართველი ახალგაზრდებისთვის განათლების ხარისხის და არჩევანის გაუმჯობესების თვალსაზრისით გვერდზეც არ ჩაუვლია, პირიქით, საპირისპირო მიმართულებით მიდის” – ამბობს ლეჟავა.

მისივე მოსაზრებით, კარგი რეფორმა იქნებოდა ვაუჩერული სისტემის დახვეწა, მაგალითად, პროფესიების მიხედვით დიფერენციაცია.

“თუ გინდათ, რომ გყავდეთ, პირობითად, მეტი გეოდეზისტი, გეოდეზიის პროფესიაზე უფრო მაღალი ვაუჩერი უნდა მისცეთ ადამიანს, რომ “აკადემიური ცდუნება” ჰქონდეს, იქ წავიდეს (თუ მერყეობს და მაინცდამაინც ექიმობა არ უნდა). თუ ზედმეტი ექიმია, გააკეთეთ ნაკლები ვაუჩერი. თუ სოციალურად დაუცველია, გააკეთეთ გრანტები სოციალური სტატუსის მიხედვით – რა თანხაც ახლა დაიხარჯება, ბევრად უფრო ნაკლები ფულით ეს უფრო ეფექტიანი იქნებოდა”.

ტაბულას შეკითხვაზე, რა გავლენა ექნება “რეფორმას” თავისუფალ უნივერსიტეტზე, ლეჟავა პასუხობს, რომ სტუდენტების რაოდენობის შემცირების თვალსაზრისით რადიკალურ ცვლილებას არ ელოდებიან.

“რაც შეეხება ჩვენზე ამ ანარეკლს, არ ვართ გიგანტური უნივერსიტეტი. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ვინც ჩვენთან ჩააბარებს, სოციალურად დაუცველ სტუდენტს ვასწავლით უფასოდ 4 წელი.

ამ მისიას ვასრულებთ, თუმცა ჩვენ ვერ ჩავანაცვლებთ საზოგადოებას. ვთვლით, რომ უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველებს, ამ აკადემიურ კიბეზე ავიდნენ. გზა ხელმოკლეობიდან უკეთეს ცხოვრებამდე ყველა საზოგადოებასა და ქვეყანაში გადის განათლებაზე – თუ არ ხარ ნავთობმომპოვებელი ქვეყანა. რესურსმწირი ქვეყნების წარმატება გადიოდა უკეთეს განათლებაზე. იმ რაოდენობით, რასაც ჩვენ სტუდენტებს ვიღებთ, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეძლებენ სახელმიფო დაფინანსების გარეშეც ჩვენთან სწავლას. რადიკალურ ცვლილებებს არ ველოდებით. უბრალოდ, სამწუხარო იქნება, რომ საზოგადოების რაღაც ფრაქციას, ვისთვისაც სახელმწიფო დაფინანსება გადამწყვეტი იყო, არ ექნება ეს შესაძლებლობა – 10 რომ იყოს ასეთი, მაინც ცუდია, 100 რომ იყოს, კიდევ უარესია.

ქართველი მოსწავლეების 10%-ზე ცოტა მეტი სწავლობს კერძო სკოლებში. სადაც ბევრად მეტი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე უნივერსიტეტში, იხდიან უფრო მეტ თანხას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული საზოგადოება ძალიან სწორად, რაც საამაყოა, აფასებს განათლების საჭიროებას და მზადაა, ამაში არაპროპორციულად მეტი ინვესტიცია გააკეთოს. ასეთ საზოგადოებაში გვინდა ჩვენ ამ რეფორმის გაკეთება?

იქ, სადაც კონკურენცია მცირდება, ხარისხი ვერ იზრდება. ძალიან უნდათ ხოლმე, რომ ეკონომიკა ცალკე იყოს და მაგალითად, განათლების ეკონომიკა – ცალკე. იქ სხვა კანონები მუშაობდეს. ეს არის ფარსი – მოგონილი ცრუ ექსპერტების მიერ. ეკონომიკაში ყველგან მოქმედებს ერთი და იგივე კანონები – ხარისხს სჭირდება კონკურენცია და მომხმარებლის არჩევანი. საბჭოთა კავშირი ატომურ ბომბს აკეთებდა, მაგრამ ჯინსებს ვერ კერავდა და ნორმალური ავტომობილი ვერ გამოუშვა. ეს რატომღაც გვავიწყდება და გვგონია, რომ “ჩვენ რაღაცას გავაკეთებთ ისეთს, რომ ამ კანონებს დავარღვევთ და ჩვენ გამოგვივა”. აინშტაინს აქვს ნათქვამი – ძალიან უიმედოა მოლოდინი, რომ ჩაატარებთ ერთსა და იმავე  ექსპერიმენტს და შემდეგ ჯერზე მიიღებთ განსხვავებულ შედეგს. ეს ექსპერიმენტი ჩატარებულია უკვე და შედეგებიც ვიცით” – თქვა მან.

ლეჟავას ასევე ვთხოვეთ, შეეფასებინა კობახიძის განათლების რეფორმის ის ნაწილი, სადაც “3+1 მოდელზეა” საუბარი. შეგახსენებთ, რომ ეს მოდელი გულისხმობს 3-წლიან ბაკალავრიატს და 1-წლიან მაგისტრატურას.

“რატომღაც გვინდა, რომ ველოსიპედი გამოვიგონოთ, ეს ველოსიპედი გამოგონილია. სხვადასხვა უნივერსიტეტში უნდა იყოს ორივე შესაძლებლობა. მაგალითად, ბიზნესის ადმინისტრორებაზე, გინდათ, ისწავლეთ სამი წელი, გინდათ – 4. არიან უნივერსიტეტები, რომლებიც გთავაზობენ 3-წლიანს. მაგალითად ჩვენ, გთავაზობთ 4-წლიანს, რადგან ვთვლით, რომ ჩვენი საშუალო სკოლის შედეგებიდან გამომდინარე, 3 წელში შეუძლებელია უმაღლესი განათლების მქონდე ადამიანის გაზრდა. აბიტურიენტებს აქვთ არჩევანი. ძალიან კარგია, თუ შესაძლებლობა იქნება პრაქტიკაზე ორიენტირებულ დარგებში, თუმცა, უნდა იყოს არჩევანის შესაძლებლობა.

ზოგადად, ძალიან კარგად არის შესწავლილი კანონზომიერება სწავლის ხანგრძლივობის წლებსა და ადამიანის ეფექტიანობას შორის. რაც უფრო მეტია სწავლის წლები, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ ადამიანები არიან ეფექტიანები, წარმატებულები, შემოსავლიანები. ეს არის გამოკვლეული საკითხი, რომელიც გაკონტროლებულია კულტურაზე, რელიგიაზე, განათლების ხარისხზე და ა.შ.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანების, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. ამიტომ ძალიან მარტივად, დემოგრაფიულადაც შეგვიძლია, მეტი დრო გავატაროთ სასწავლო დაწესებულებებში. ვისაც ეჩქარება და Fast Track უნდა, ესეც უნდა არსებობდეს.

ამას თუ დავუმატებთ, რომ სკოლის წლებიც, შესაძლოა, შემცირდეს და თავზე გადავადებთ საშუალო განათლების ხარისხს, ზოგადი განათლების მნიშვნელობა უნივერსიტეტებში კი არ მოიკლებს, მოიმატებს” – ამბობს ლეჟავა.

ქართული ოცნების ხელისუფლება აპირებს, გააუქმოს სავალდებულო მე-12 კლასი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში მოსწავლეებს არჩევითად შეეძლებათ მე-12 კლასში სწავლის გაგრძელება. თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორს ამის სასარგებლო არგუმენტები არ აქვს.

“ჯერ რა პრობლემას ვწყვეტთ, ეგ ვერ გავიგე. მეორე, ერთი მეთორმეტედით თუ შემცირდება სწავლის ხანგრძლივობა სკოლაში, საათების რაოდენობაც ხომ ერთი მეთორმეტედით შემცირდება, დაახლოებით. ამდენივეთი უნდა შემცირდეს პედაგოგების რაოდენობაც.

არგუმენტია, რომ მაინც არ სწავლობენ მე-12 კლასში. მაინც არ სწავლობენ და მივხედოთ მაგას, ისწავლონ” – გვითხრა ლეჟავამ.