ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ.ანგარიშის თანახმად, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში სტრასბურგის სასამართლოს სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით ფართო პროგრესია — მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც პასუხისმგებელია წევრი სახელმწიფოების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების ზედამხედველობაზე, წლის განმავლობაში სულ 949 საქმე დახურა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე (894) 6.2%-ით მეტია – თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება.2025 წლის ყოველწლიური ანგარიში მიმოიხილავს როგორც მიმდინარე, ისე ახალ საქმეებს ევროპის საბჭოს 46-ვე წევრი სახელმწიფოში.2025 წელს მინისტრთა კომიტეტმა სტრასბურგის სასამართლოდან აღსრულების ზედამხედველობისთვის მიიღო 11 საქმე საქართველოს წინააღმდეგ (შედარებისთვის, 2024 წელს — 13 საქმე და 15 საქმე 2023 წელს). ანგარიშის თანახმად, 2025 წელს სასამართლოს მიერ დადგენილი ახალი დარღვევების უმეტესობა ეხებოდა სასამართლო წარმოების გადამეტებულ ხანგრძლივობასა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ერთი ახალი საქმე ეხებოდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებულ გამოყენებას დემონსტრაციის დაშლის დროს.ანგარიშის თანახმად, 2025 წელს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს 748 817 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა (შედარებისთვის, 2024 წელს — 85 512 ევრო).2025 წელს ცხრა საქმეზე დაფიქსირდა სასამართლოს მიერ მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების სრული გადახდა, ხოლო ხუთი საქმე სრული გადახდის ან/და დაგვიანების პროცენტის მოლოდინის რეჟიმში იყო, რომლებზეც სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ვადა ექვს თვეზე მეტი ხნის წინ გავიდა.რაც შეეხება მიმდინარე საქმეებს, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯერ კიდევ აღსრულების პროცესში იყო 77 საქმე, რომელთაგან ცხრა იყო წამყვანი საქმე, კლასიფიცირებული გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურის ქვეშ, ხოლო 20 — სტანდარტული პროცედურით კლასიფიცირებული წამყვანი საქმე. გაძლიერებული პროცედურის ქვეშ მყოფი წამყვანი საქმეებიდან 5 საქმე ხუთი ან მეტი წლის განმავლობაშია მიმდინარე; ანალოგიურად, სტანდარტული პროცედურის ქვეშ მყოფი ცხრა წამყვანი საქმე ხუთი ან მეტი წელია მიმდინარეობს.„კომიტეტმა 2025 წელს შვიდი საქმე დახურა, მათ შორის ორი წამყვანი საქმე სტანდარტული ზედამხედველობის ქვეშ. შესაძლებელი გახდა ერთი წამყვანი საქმის დახურვა, რომელიც ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევას ეხებოდა; ეს მოხდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის განვითარების შედეგად იმ წარმოების ფარგლებში, რომელიც ეფუძნება 1980 წლის ჰააგის კონვენციას „საერთაშორისო ბავშვთა გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“. გარდა ამისა, დაიხურა ხუთი განმეორებითი საქმე, რადგან შემდგომი ინდივიდუალური ზომების მიღება აღარ იყო საჭირო ან შესაძლებელი“, — ნათქვამია ანგარიშში.2025 წლის განმავლობაში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხილულ ძირითად გამოწვევებად რჩება:არასათანადო მოპყრობის ან სიცოცხლის უფლების დარღვევის ბრალდებებზე ეფექტიანი გამოძიების არარსებობა; პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებული გამოყენება დაკავებისას ან/და ეჭვმიტანილთა დაკავების პერიოდში. (ე.წ. ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები — ბოლო გადაწყვეტილება მიღებულია 2025 წელს);შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების მიერ წინასწარი პატიმრობის გაგრძელების დასასაბუთებლად საკმარისი არგუმენტების წარდგენის შეუსრულებლობა; წინასწარი პატიმრობის გაგრძელება იმ უპირატესი მიზნით, რომ განმცხადებლისგან მესამე პირების შესახებ ინფორმაცია მოეპოვებინათ. (მერაბიშვილის საქმე — ბოლო გადაწყვეტილება მიღებულია 2025 წელს – ეს საქმე მინისტრთა კომიტეტმა 2025 წელს ერთხელ განიხილა).გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცედურების მარეგულირებელი კანონმდებლობის არარსებობა; (ა.დ. და სხვების საქმე – ბოლო გადაწყვეტილება მიღებულია 2025 წელს – ეს საქმე მინისტრთა კომიტეტმა 2025 წელს ერთხელ განიხილა);ჰომოფობიური ან რელიგიური მოტივით განხორციელებული თავდასხმებისგან დაცვის არარსებობა. (იდენტობის და სხვების საქმეთა ჯგუფი — ბოლო გადაწყვეტილება მიღებულია 2025 წელს);შეკრების თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევა დემონსტრაციების კონტექსტში ადმინისტრაციული სასჯელების გამო; ასევე, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა თვითნებური ადმინისტრაციული დაკავებისა და პატიმრობის გამო. (მაქარაშვილის და სხვების საქმე).ანგარიშში საუბარია სახელმწიფოთაშორის დავებზეც საქართველოსა და რუსეთს შორის, რომლის ფარგლებში დაკისრებული კომპენსაცია რუსეთს ამ დრომდე არ გადაუხდა. პირველი საქმე ეხება 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 10 000 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, მეორე, აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს 129 მილიონ ევროზე მეტი აქვს გადასახდელი. მინისტრთა კომიტეტმა მოსკოვს მოუწოდა, სრულად და დაუყოვნებლივ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებები და კიდევ ერთხელ მკაცრად გაუსვა ხაზი რუსეთის უპირობო ვალდებულებას, ყოველგვარი შემდგომი დაყოვნების გარეშე გადაიხადოს სასამართლოს მიერ დაკისრებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხები, მათზე დარიცხულ გადავადების პროცენტთან ერთად.



